Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ქრონიკა
ზვიად გამსახურდიას წერილი




საქართველოს პირველი პრეზიდენტი და ეროვნული მოძრაობის
ერთ-ერთი ლიდერი ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს
თბილისში  დაიბადა. დაამთავრა თბილისის 47- საშუალო
სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ
ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური
ლიტერატურის სპეციალობით.
მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ზვიად გამსახურდიას
პირველად 1957 წელს მეგობრებთან ერთად ანტისაბჭოთა
საქმიანობის გამო აპატიმრებენ. 1977 წელს ჯერ მწერალთა
კავშირიდან რიცხავენ იგივე ბრალდებით, მოგვიანებით კი კვლავ
აპატიმრებენ მერაბ კოსტავასთან ერთად დისიდენტური
საქმიანობის გამო. დაპატიმრებიდან რამდენიმე თვეში მათი
ფსიქიატრიული შემოწმება დადგა დღის წესრიგში. ზვიად
გამსახურდია მოსკოვში, სერბსკის ფსიქიატრიულ ინსტიტუტში
გაიგზავნა გამოსაკვლევად. აღსანიშნავია, რომ სერბსკის
ინსტიტუტი ადამიანების გიჟად მონათვლის ყველაზე ცნობილი
დაწესებულება იყო. ინსტიტუტის საიდუმლო განყოფილების
თანამშრომლები ექსპერტიზას ატარებდნენ სისხლის
სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. ეს თანამშრომლები,
თავის მხრივ, სახელმწიფოს უშიშროებასთან იყვნენ კავშირში
და, შესაბამისად, საგამოძიებო საქმიანობაშიც მონაწილეობდნენ.
ინსტიტუტში ფართოდ იყო გავრცელებული „კოფეინ-
ბარბიტურატული განტვირთვა“, რის შემდეგაც პაციენტები
მედიკამენტური გაბრუების ფონზე იძლეოდნენ ჩვენებებს, ამ
ჩვენებებს კი შემდგომში უკვე მათ წინააღმდეგ იყენებდნენ.
სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზვიად
გამსახურდია ფსიქიკურად დაავადებულად არ ჩაითვალა. ის
დარჩა პატიმრობაში. 1977 წელს გამსახურდია ციხიდან ემოციურ
წერილს აგზავნის და ერთადერთ რამეს ითხოვს, მისცენ შვილის
ნახვის უფლება.