Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
1948 წლის 27 ივლისს არქიტექტორმა ბოგდან მურადის ძე კირაკოსიანმა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან კანდიდ ჩარკვიანს თბილისში, დავითის მთაზე (იგულისხმემა მამა დავითის მთა) სტალინის მონუმენტის აღმართვის თაობაზე წერილი მისწერა. არქიტექტორი იუწყებოდა, რომ დიდი ბელადის გრანდიოზული მოღვაწეობის აღსანიშნავად და უკვდავსაყოფად  1942 წლიდან მუშაობდა ძეგლის შექმნაზე. მისი იდეა იმდენად არის დამუშავებული, რომ შეუძლია წარუდგინოს ილუსტრირებული მასალები. მონუმენტი უნდა აღიმართოს  დავითის მთაზე, სტალინის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში, ფუნიკულიორზე. ამით თბილისის ბუნებრივი აკროპოლი _ დავითის მთა მთელ ქალაქს დაუკავშირდება ერთი დიადი ნიშნით.
ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მონუმენტის ადგილმდებარეობის შესახებ, პარკის აღმოსავლეთ მხარეს პირით აღმოსავლეთისკენ, ე. ი. ქალაქისკენ, _ ვკითხულობთ წერილში _ საშუალებას მოგვცემს დავინახოთ დილის ამომავალი მზით მკვეთრად განათებული ნაგებობის პირისახე, ხოლო საღამოს საშუალება გვექნება დიდხანს დავაკვირდეთ სილუეტს, რომელიც ეფექტურად იქნება პროექტირებული ჩამავალი მზის ფონზე. ოთხმოცმეტრიანი სიმაღლის ნაგებობის შეხამება დავითის მაღალ მთასთან ქმნის მონუმენტის ერთ მთლიანობას, აღმართულს 350 მეტრ სიმაღლეზე ქალაქ თბილისის თავზე და ეს იქნება ერთადერთი მაგალითი გრანდიოზული პიროვნების გრანდიოზული გამოხატვისა.
მონუმენტის მშენებლობისთვის უნდა გამოვიყენოთ ის მასალები, რომლითაც აშენებდნენ ჩვენამდე მოღწეულ ათასწლოვან ნაგებობებს.
ახლო მომავალში ჩვენი ქვეყანა და ქ. თბილისი აღნიშნავს გასაბჭოების 30 წლისთავს და ქალაქის დაარსების 1500 წელს. დახმარების შემთხვევაში საიუბილეო თარიღის აღნიშვნის დროს შეიქმნება მონუმენტის ნატურალური ზომის მოდელი და დაიდგმება თავის ადგილზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, აღმომიჩინოთ საჭირო დახმარება ჩემი იდეის ხორცშესასხმელად.
წერილს თან დართული ჰქონდა ესკიზები.
P. შ. 1955 წელს მთაწმინდაზე სატელევიზიო ანძის მშენებლობა დაიწყო.
სტალინის ძეგლი ფუნიკულიორზე