Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ქრონიკა
მღვდელ რაჟდენ თურქაძის თხოვნა



საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ  
პირველი დარტყმის ობიექტი ქართული მართლმადიდებლური  
ეკლესია გახდა. ჯერ ეკლესია-მონასტრები დახურეს, სასულიერო  
პირები ტაძრებიდან გამოდევნეს, ღვთისმსახურება აკრძალეს,  
შემდეგ კი ეკლესიების განადგურებაზე გადავიდნენ.  
საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ  
რელიგია მხოლოდ ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, საბჭოთა  
მოქალაქისთვის პარტია უნდა გამხდარიყო რელიგიაცა და  
სალოცავიც. ამიტომაც გამოაცხვეს ლოზუნგები - „ძირს გონების  
დამაჩლუნგებელი ტაძრები, გაუმარჯოს მასში განათლების  
ტაძარს“, ძირს მატყუარა სამღვდელოება და მათი  
კონტრრევოლუციონერული ბუდე, გაუმარჯოს მეცნიერებას“.  
გასული საუკუნის ოციანი წლების დასაწყისშივე რელიგიასთან  
ბრძოლა ისეთ ფაზაში შევიდა, რომ საბჭოთა ხელისუფლების  
წარმომადგენელთა დადებული ფიცი - „ეკლესიებზე ჯვრების  
მაგივრად იქნება წითელი ვარსკვლავებიო“ - დაახლოებით ერთ  
წელიწადში უკვე აღსრულებული იყო და საქართველოში 1212  
ეკლესია დახურულ-გაუქმებული.  
საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილი ყველანაირი გზით  
ცდილობდა ეკლესიის გადარჩენას. უამრავი წერილი და  
ხელმოწერა გროვდებოდა, როგორმე არ დახურულიყო ესა თუ  
ის ეკლესია.  
თელავის მაზრის სოფელ ახალგავაზის მღვდლის, რაჟდენ  
თურქაძის განცხადებაც სარკეა მეოცე საუკუნის ოციანი წლებისა  
და იმ მდგომარეობისა, რაც ხდებოდა საქართველოში.  
დოკუმენტი 1923 წლით თარიღდება და ავტორი თხოვნას  
უგზავნის რევოლუციურ კომიტეტს: „სოფელ ახალგავაზის  
ეკლესია, რომელშიაც მე ვასრულებდი მღვდელმსახურებას,  
ადგილობრივმა პოლიციამ სამკითხველოდ გადააქცია და მე ამით  
სამლოცველო მომისპო. ამიტომაც უმორჩილესად ვთხოვ  
რევკომს, მომცეს ნება, სოფელ ახალგავაზში მსურველთათვის  
ავასრულოთ მღვდელმსახურება ეკლესიის გარეშე სასაფლაოზე,  
მიცვალებულთა დასასვენებელში“ (სტილი დაცულია).