Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
culukidze1 culukidze2 culukidze3 culukidze4 culukidze5 culukidze6 culukidze7 culukidze8
შსს არქივში დაცულია რევოლუციონერ ალექსანდრე წულუკიძის წერილი, რომელიც თავისი შინაარსითა და თემატიკით დღესაც აქტუალურია. გთავაზობთ ამ წერილს (სტილი დაცულია):

                            2/XI 1897 წ.

                                                                            ჩემო მშვენიერო დაო - მეგობარო ნადია! 
 
შენი წერილი მივიღე,  რომელშიც ფრიად საინტერესო ჩემთვის კითხვებს იძლევი. მე სიამოვნებით მინდა გაგიზიარო ჩემი აზრი ამ საგნის შესახებ. მხოლოდ მე მინდა უფრო ვრცლად, ზოგადათ ვილაპარაკო ამ საგანზედ და არა მარტო ჩემს შესახებ, როგორც კერძო ფაქტზედ. ჩემის აზრით, დღევანდელი ცოლქმრობა ვერ წარმოადგენს იმ იდეალს, სანეტარო მეგობრობას, რომელიც ამ სიტყვაში იმალება. მისთვის, რომ ჩვენში გავარკვიოთ, თუ როგორია ცოლქმრობა და მეუღლეთა მეგობრობა საჭიროა გადავავლოთ თვალი ევროპის ცხოვრებას, მოწინავე ერების ისტორიას, რომ მით ნათლად დავინახოთ ის საზიზღარი, ბილწი, უაზრო ცოლქმრობა, რომელიც მეგობრობის პირ-ბადის ქვეშ იმალება. მომიტევე თუ ზოგან ტლანქი წინადადებანი შეგხვდეს, მაგრამ ამას მოითხოვს აზრის სინათლე და გულწრფელობა...… წინანდელ დროში, როცა სიმდიდრე და ფუფუნების ხსენებაც არ იყო, როგორც ეს დღეს გვესმის, ცოლქმრობა წარმოადგენდა უბრალო შრომის განაწილებას, ე. ი. ქმარი გარეთ ან მტერს იგერიებდა, ან ნადირს კლავდა და შინ მოჰქონდა,მხოლოდ ცოლი შინ ოჯახობდა, საჭამადს, თუ სხვა რასმე ამზადებდა. ამის ისტორია გრძელია ან  ეხლა ვერ ვილაპარაკებ ამაზედ. გავიდა ხანი (დიდი ძალიან) ხალხი განათლდა, ვაჭრობა გაჩაღდა. გაჩნდა მდიდარი და ღარიბი და ცხოვრებამაც ფერი იცვალა. მამა კაცი, როგორც უფრო მომქმედი  ფულის პატრონი გახდა და სიამოვნების ძებნა განცხრომაში და ფუფუნებაში დაიწყო. ქალი შეიქნა ამ განებივრებული გემოვნების დამაკმაყოფილებელი, მდიდარი თითქო სიყვარულის სახელით ყიდულობს ფულით ლამაზს ტანად და ხორცად ქალს. (რასაკვირველია ასედაც ხდება, რომ მდიდარი ქალი ლამაზ კაცს ყიდულობს, ეს მხოლოდ როლების შეცვლაა). მეორეს მხრით ღარიბი ქალი, რომელიც სიღარიბეს მაწანწალად გაუხდია, გამოდის და ვაჭრობს თავის თავით. ვინც უფრო მეტს მისცემს, ის არის მისი მფლობელი. ერთის სიტყვით, ქალი შეიქნა ფუფუნების საგნად. ასეთია მოკლედ დღევანდელი ცხოვრების სვლა ევროპაში, ეს არის სიმდიდრის შედეგი. თუ დააკვირდები, რაც უფრო მდიდარია ქონებით ხალხი, იქ მით მეტი გარყვნილებაა. ასეთი ხანა დგება დღეს რუსეთშიაც და უეჭველია ჩვენც ვერ ავცდებით ამ გზას. ეს პირდაპირი შედეგია წინსვლის, პროგრესის, განათლების, გამდიდრების. შესამჩნევად აღნიშნეს ეს ფაქტი ევროპის სხვადასხვა მწერლებმა და  ერთმა რუსეთის ცნობილმა რომანისტმა ლ. ტოლსტოიმ. იმან ახადა ფარდა ამ სცენას და საზოგადოებას მისი სურათი ნათლად დაანახა, ამცნო მთელი სიბილწე, ფლიდობა, გარყვნილობა, მაცდურობა, რომელიც ცოლქმრობის, სიყვარულის სახელით დაფარფაშობს და საზოგადოებაში პატივისცემაშია... ამ მხრივ მადლობის ღირსია ,,крейцеровасоната“-ს ავტორი, მაგრამ სამწუხაროდ მან ფილოსოფიურად ვერ ახსნა  ვერც მიზეზი ამ მოვლენისა და ვერც საშუალება მოგვაწოდა მეცნიერული. რომ დრო ნებას მაძლევდეთ ამ აზრს უფრო გავარკვევდი, მაგრამ ეს შემდეგისთვის გადამიდვია. აი, ამნაირი დრო ახლოვდება და კიდეც მომდგარია საქართველოს კარზედ. DDდღესაც ვხედავთ მსგავს ნიშნებს. ჩვენში მხოლოდ ჯერ კიდევ პატრიარქალური კარჩაკეტილობის კვალია, რომელსაც ახალი ცხოვრება შეებრძოლა. შენც იცი, თუ როგორ თხოვდებოდა ქალი წინედ. მას საკუთარი სურვილი, ნება არ გააჩნდა, იგი მონა იყო მშობლების. ხშირად ქალი იმისთანა კაცს მიჰყვებოდა, რომელიც არც ენახა. მხოლოდ დღეს თანდათან სული ელევა ამ ჩვეულებას. ეხლა როდესაც საზოგადოებას მოთხოვნილება მოემატა, ფული სჭირდება, ვაჭრობა იწყება. ან მშობელი ევაჭრება, ან თვით შვილი ვაჭრობს. პირველი კითხვა ეს არის: რა აქვს? მდიდარია? სამსახურშია? რა ეძლევა; ან თუ ქალია, მზითევი რა აქვს? და სხვ. წოდება, ე. ი. თავადობა თუ გლეხობა მეორე კითხვაა, მაშინ, როდესაც წინედ ეს კითხვა პირველი იყო. გლეხის შვილს, ულამაზოს, ვინმე გორიას, რომ ასი ათასი მანეთი მისცე დაუბრკოლებლად მუხრანის ქალს შეირთავს. ამის შემდეგ დრო გადის და უფრო და უფრო დაემსგავსება ჩვენი ცხოვრება ევროპის ცხოვრებას და საქართველო შეიქნება გარყვნილების, სიბილწის, სიბინძურის ასპარეზი. ვიცი აქ რასაც მეტყვი. ,,მაშ, ჩვენ სხვა გზა უნდა ავირჩიოთ, განათლება არ გვინდაო, შემომძახებ შენ“ ვერ ავირჩევთ, ჩემო ტკბილო მეგობარო. როგორც ფულის საჭიროებას ვერ ავიცდენთ, ისე ამ გზასაც, რადგან სადაც ფული შედის, მას თან შეაქვს ეს სიბინძურე. ამაზედ მრავალი სწავლა, ბევრი წიგნებია დაწერილი და ეს კითხვა ჯერაც სადავოა. სიამოვნებით მოვიხსენებდი ზოგიერთ მათგანს, ვისაუბრებდი ზოგიერთ საშუალებაზედ, რომელსაც მეცნიერები გვაწვდიან, მაგრამ ეხლა წერილის სივრცე ნებას არ მაძლევს და მასთან მეშინია თავი არ მოგაბეზროს გრძელმა წერილმა. ეხლა, რადგან ხედავ თუ რა შეხედულების ვარ ცოლქმრობაზედსაზოგადოთ ჩემს შესახებაც მოგელაპარაკები, შენ კითხვებზედ პასუხს მოგცემ. მეგობართან მეგობრული საუბარი მინდა. ჩემი წარსული ცხოვრება შენ კარგათ იცი. იცი, რომ იგი სავსე იყო უზნეობით, გარყვნილებით ან სიბავშით. გავიდა ხანი და ზოგიერთი გარემოების გამო (ამას თუ საჭირო იქნება, რომ გნახავ მაშინ გეტყვი) არარაობა ამნაირი ცხოვრებისა მე შევიგენ ცოტათ, თუ ბევრათ და ამის შედეგი იყო თვითგანვითარების ხელის მოკიდება. როგორც წინააღმდეგობას, პირდაპირს კონტრასტს ჩემის ცხოვრებისას ყოველ ახალ აზრს წიგნში ამოკითხულს, მესამოცე წლების იდეალებს (განსაკუთრებით) გატაცებით ვეძლეოდი და ამ გზით, ამ ნაირად დღემდე მოვდივარ და ამ გზითვე მინდა მომავლისკენ გზა გავიკაფო. მე ვგრძნობ ჩემს გონებრივ უძლურებას და თვითგანვითარებას ვეწაფები, ვგრძნობ ჩემს წარსულს ზნედაცემულობას და მინდა აღვადგინო ჩემი პიროვნების სიწმინდე. თუ გარემოებამ ნება მომცა ჩემი მიზანია საზოგადოების სამსახური და იარაღი, პატიოსანი, მოსამზადებელი შრომა.შესრულდება თუ არა, ეს მომავლის საქმეა. მხოლოდ ეს კი ასეა, მეგობარო! ამ უკანასკნელ წლებში ვგრძნობდი მარტოობას, გარდა ერთი, ორი მეგობრებისა, მე არავინ მყავდა იმისთანა, რომელიც გვერდში ამომდგომოდა და ხანგრძლივ ჩემთან ყოფილიყო. (აქვე უნდა შევნიშნო, რომ ამ ხანებში დათიკოს ჩემთვის ბევრი სასიამოვნო საღამოები გაუტარინებია. იგი ჩემთვის იყო ზნეობის განმასპეტაკებელი. მე ეს არ დამავიწყდება არაოდეს. ჩემ ცხოვრებაში იმას დიდი მნიშვნელობა აქვს.) ამ დროს დავუახლოვდი ლოლას, რომელიც დარწმუნებული უნდა იყო, ვერც სილამაზით და ვერც განვითარებით მე ვერ გამიტაცებდა. მე მხოლოდ მასში ვპოვე იმისთანა ადამიანი, რომელსაც სანთლით ვეძებდი. ვიგრძენ, რომ ამ ადამიანს შეუძლია შეიგნოს ჩემი გულის პასუხი, რაღაც შეთანხმებული ჰანგი მომესმა მისი გულიდგან და მეც გამიტაცა ამ ჰანგმა. ვხედავდი, რომ ჩვენებური თავადის ოჯახში აზრდილი, იგი არ იყო განცხრომას ან ფუფუნებას გაყოლილი, ვგრძნობდი, რომ მარად ბატონობის მზერალი იგი არ იყო ბატონი. მას ერთნაირად აგრძნობინებდა თავის გაჭირვებას დიდიც და პატარაც, მდიდარიც და ღარიბიც. ეს მე არა ჩვეულებრივად მომეჩვენა ჩვენი ოჯახების ქალისათვის. და მივეთვისე, შევუთანხმე ჰანგი ჰანგს, გრძნობა გრძნობას, რომელიც ჩემი აზრით უპირველესი კავშირია ადამიანთა შორის. ავირჩიე იგი ჩემი ცხოვრების თანამგზავრად და აქ დაჰკრეს ბუკი გარშემო  მყოფთა. ეს ადვილი გასაგებიც არის, იმათ არ ესმის ჩემი დღეს, არა იმიტომ, რომ გონებით მათზედ მაღლა ვიდგე, არამედ იმიტომ, რომ არ იციან ის რაც შენ ეხლა შეიტყვე ჩემი ცხოვრებიდან. სიამოვნებით ვიბრძოდი, რადგან ამ ბრძოლაში ვხედავდი ახალის ან ძველის აზრების შეტაკებას. მასში ვხედავდი  ჩემი რწმენისათვიოს ბრძოლას და ამ შემთხვევაში დამარცხება ჩემი ცხოვრებაში დამარცხება იქნებოდა. დღეს ბევრს რასმე ამბობენო მწერ. ყველაფერი შევიტყვე დაწვრილებით, მაგრამ ხანგრძლივ ეს ხმები ვერ ამაღელვებს, რადგან ის არის გაგრძელება იმ ბრძოლისა, ის არის უკანასკნელად ხმარებული იარაღი მათ მიერ და როდესაც ფაქტი აძლევთ მათ სულ სხვასრასაც ეხლა გონებენ, მაშინ იძულებულნი იქნებიან შესწყვიტონ ყეფა, ყეფა მიხრწნილი ნაგაზისა, შეუძლო დამცველის თავის შეხედულებისა. ამის შემდეგ პირიქით, რომ გკითხო მე: რა ბოლო ექნება ჩვენ მეგობრობას მეთქი, შენ დარწმუნებული ვარ იტყვი: ეხლა მრწამს, რომ თქვენი დაშორება შეუძლებელი ყოფილაო, რადგან კავშირი მეტად ძლიერი არისო. მეგობარო, სავსებით გადმოვალაგე შენს წინაშე ჩემი დიდიხნის შეგუბებული გრძნობა, რადგან ვიცი…... (არ იკითხება) ეს პირველი აღსარებაა, რომელიც არავისთვის, გეფიცები მას, არც ერთი ადამიანისთვის არ მითქვამს და მსიამოვნებს, რომ შენი მეგობრობა ნებას მაძლევს ჩემი სულიერი მოძრაობა მოგითხრო. რასაკვირველია, ამისთანა მოკლე წერილში ძნელია რისიმე დაწვრილებით ან სავსებით თქმა ყველაფრის, მაგრამ, მე მგონია, ისიც საკმაოა, რაც ვსთქი, რომ კითხვები გამორკვეული იქნეს შენთვის. დაე, ეს წერილი იყოს ჩვენს შორის ის გაუწყვეტელი ჯაჭვი, რომელიც ჩვენს ნათესაურ მეგობრობას არ დააშორებს ერთმანეთისაგან. ეს, მგონია, უძვირფასესი  წინდია ჩემის შენთან გულწრფელობისა.
დასასრულ გეტყვი, თუ ვინიცობაა ამ წერილმა ბევრი ფიქრები აღგიძრას საზოგადოთ ქალისა ან ცოლ-ქმრობის შესახებ, მე სიამოვნებით მზათ ვარ შემდეგშიაც გაგიზიარო ჩემი აზრი და თუ საჭირო იქნება, ზოგიერთ წიგნაკებსაც მოგაწვდი აქიდგან, რომელიც ამ საგანს უფრო გარკვევით ან ნათლად დაგანახვებენ.  კიდევ უფრო ვრცლად მოგწერდი ამ წერილს, რადგან ამ თემაზე მთელი წიგნი დაიწერება, მხოლოდ გამოგიტყდე, ამ უკანასკნელ სტრიქონებს... (არ იკითხება) მაშ, ნახვამდის, ჩემო დაუვიწყარო მეგობარო ნადია შენი მარად ერთგული მეგობარი- ძმა  საშა წერეთელი
p.s. მომიკითხე სამსონი, ეფროსინე და ცუცუნია. ცუცუნიას უთხარი, შენი სულელი ქმარი გამაცალე აქედან, თორემ ტვინი გამომილაყა ჩერჩეტობით თქო.