Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
nikorcminda 1 nikorcminda 2
1921 წლიდან საქართველოში გაჩაღდა ანტისარწმუნოებრივი კამპანია, შეიქმნა მუკი _ ,,მებრძოლ უღმერთოთა კავშირი“, რომელიც დევნიდა ყველაფერ რელიგიურს _ იხურებოდა ეკლესია-მონასტრები, მეჩეთები, სინაგოგები, იდევნებოდნენ სასულიერო პირები. სცენარი ყველგან ერთი იყო - სახელდახელოდ შეკრიბავდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს, ჩაატარებდნენ კრებას, მომხსენებელი გამოვიდოდა და რელიგიის მავნებლობაზე ისაუბრებდა. შემდეგ მიიღებდნენ  რეზოლუციას კონკრეტული ეკლესიის დახურვის შესახებ. ასე დაიხურა 1212  ეკლესია ერთ წელიწადში. დოკუმენტი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, ნიკორწმინდისტაძარში მღვდელმსახურების აკრძალვას ეხება (სტილი დაცულია).

ოქმი

,,1923 წლის იანვრის 7-სა დღესა შესდგა ნიკორწმინდის თემის მცხოვრებთა კრება. კრებამ აირჩია თავმჯდომარედ გაბო კაციტაძე, მდივნად შალიკო გურგენიძე. დღიურ წესრიგში იყო საკითხად მოხსენება ანტირელიგიის შესახებ.
მოისმინა:
ანტირელიგიის შესახებ გამოდის მომხსენებელი ამხ. ალ. ჭელიძე. პირველად მომხსენებელი შეეხო ცეცხლთაყვანისმცემლობას. ფართოთ დაახასიათა ეს ცრუმორწმუნეობა, აუხსნა ხალხს, რომ ცეცხლს უწინ კი არა, დღესაც დიდ ხუთშაბათს საქართველოში და აგრეთვე რაჭაშიდაც დაანთებენ, ცეცხლს ურბენენ გარშემო და გაიძახიან სხვა და სხვა სიტყვებს, ხალხი მართლაც დარწმუნდა ამაში.
შემდეგ მომხსენებელი შეეხო ქრისტიანულ სარწმუნოებას. დაახასიათა, რომ ამ სარწმუნოებას არავითარი კეთილი არ შეუძლია, რომ მოუტანოს ხალხს, დაასურათა მღვდლების და ბერების სპეკულაცია ხალხის წინაშე. ამავე დროს გამოიტანა ნიკორწმინდის ეკლესიიდან წმინდა ნიკოლოზის მკლავი და ექიმების შემოწმებით ნათლად დაანახა ხალხს, რომ ის იყო არამც თუ წმინდა ნიკოლოზის მკლავი ჩასვენებული არამედ უბრალო ძვალი გარშემო სამღდლო-შემოზღუდული, ღრუბლით, ბინძური ბაწრით და მეტი არაფერი.

დაადგინა:

მოისმინა რა მოხსენება ამხ. ალ. ჭელიძისა, კრებამ გამოიტანა შემდეგი რეზოლუცია: განვლო ოცმა საუკუნემ, მას აქეთ, რაც, რომ მღვდლები, ბერები და ეგრეთ წოდებული ყველა რჯულის წმინდა მამები ყვლეფავდნენ და სცარცვავდნენ მშრომელ ხალხს ქრისტეს სახელით. ქრისტესავე სახელით ეწეოდნენ სულიერი მამები სრულ სპეკულაციას, იმონებდნენ მატერიალურათ და სულიერათ მშრომელ ხალხს, ავსებდნენ თავიანთ ჯიბეებს და აძღებდნენ გომფაშო მუცლებს. ამავე მიზნისათვის სრულიად ხელოვნურათ ჰქმნიდნენ მითიურ სასწაულის მქმნელ ხატებს, ჯვრებს და წმინდანების ნაშთებს, ეგრეთ წოდებულ წმინდანის სხეულების ნაწილებს. ეს საუკეთესო საშვალება იყო მათივე სასწაულის ქმნელი ხატები და ჯვრები კარგვენ თავიანთ მნიშვნელობას და ხდებიან იმ მშრომელთა პროდუქტათ, რომელ მშრომლებმაც ის ფაბრიკა სახელოსნოებში გამოჭედეს. აღშფოთებული სულიერი მამები იმით, რომ მოესპოთ უკანასკნელი საშვალება ცარცვა-გლეჯის, აღშფოთებული იმით, რომ სამუდამოდ დაჰკარგეს დამონებულნი, გამოააშკარავეს მაცდური პოლიტიკა, გაიძახიან, კომუნისტები ანტი-ქრისტენი არიან, სწყევლიან, აძაგებენ და აძლევენ მათ ანათემას. არსაიდგან დახმარება, არსაიდან გამოძახილი მუქთა ხორებს არ მიუღიათ.
რევოლუცია განაგრძობს თავის ისტორიულ მსვლელობას. ერთის მხრით ნიღაბს ხდის მატყუარა მცარცველ სამღვდელოებას, ამავე დროს კი თვალს უხელს მშრომელ მასას. განვლო სიმტყუნის, ცარცვის, მონობის საუკუნეებმა, კულტურამ, მეცნიერებამ და ცივილიზაციამ შექმნა ახალი ცხოვრება, საღი შეხედულება ყოველივე მავნეზედ და ამით ერთხელ და სამუდამოთ დაასამარა სამღვდელოება, მშრომელ მასას ისინი ვეღარ მოატყუებენ. ძირს ქრისტეს სახელით მოვაჭრენი, მცარცველი, მგლეჯელი მუქთახორა მღვდლები და მათი მოგონილი აბდა უბდა ნაშთები. გაუმარჯოს კულტურას და შემეცნებულ კაცობრიობას.

კრების თავმჯდომარე გ. კაციტაძე;  მდივანი შ. გურგენიძე.
დედანთან სწორია: აგიტპროპი ვლ. მესხი.” 
ნიკორწმინდის ტაძრის დახურვის ოქმი