Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
დაუმარცხებელი გენერლის დახვრეტის ოქმი
mazniashvili -44 mazniashvilis daxvretis oqmi
„მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!"- ეს სიტყვები საქართველოს კიდევ ერთ ღირსეულ
შვილს, გიორგი მაზნიაშვილს ეკუთვნის.
...დაიბადა 1870 (1872) წელს კასპის რაიონის სოფელ სასირეთში. სამხედრო განათლების მიღების შემდეგ მეფის რუსეთის არმიაში დაიწყო
მოღვაწეობა. თებერვლის რევოლუციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, ჩამოაყალიბა ორი დივიზია და დადგა ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე.  1918-
1919 წლებში     გახლდათ ჯერ აფხაზეთის,  შემდეგ თბილისის ოლქის, შემდეგ კი ახალციხისა და ახალქალაქის  გენერალ-გუბერნატორი,1920 წელს
თბილისის გარნიზონს ჩაუდგა სათავეში.  1921 წელს მეთაურობდა სოღანლუღის სამხედრო ნაწილებს.  წარმატებით ებრძოდა თურქეთიდან და
რუსეთიდან მომხვდურ მტერს.  არ წაუგია არც ერთი ბრძოლა. სწორედ მან უზრუნველყო დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის უვნებელად
წასვლა ემიგრაციაში, თუმცა თავად არსად წასულა, აქ დარჩა და ბოლომდე იბრძოლა სამშობლოს ინტერესების დასაცავად.   1921 წელს, როცა თურქებმა
კვლავ დაიკავეს ბათუმი, მაზნიაშვილმა  ქართული ჯარის ნარჩენებით გაათავისუფლა მთლიანად აჭარა და საბჭოთა ხელისუფლებას გადასცა. გენერალი
1921 წლის 6 ოქტომბერს დააპატიმრეს და სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ გაითვალისწინეს მისი  ღვაწლი და დახვრეტა
ხუთწლიანი პატიმრობით შეუცვალეს. 1923 წელს ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. მალევე დააპატიმრეს და კვლავ დახვრეტა მიუსაჯეს. 
ამჯერადაც გადარჩა, თუმცა სამშობლოდან გააძევეს.  სპირიდონ კედიას დახმარებით  საფრანგეთში ჩააღწია  და იქ განაგრძობდა საქართველოს
თავისუფლებისთვის ბრძოლას.  თავად გიორგი მაზნიაშვილი დახვდა სამშობლოდან გადახვეწილ 1924 წლის აჯანყებაში დამარცხებულ ქაქუცასა და მის
მოაზრეებს, უპატრონა და გზაზე დააყენა. 1925 წელს  პარიზში საბჭოთა კავშირის საელჩოდან შუამდგომლობა მოითხოვა და  სამშობლოში დაბრუნდა,
მაგრამ   მთავრობამ მას არც სამსახური მისცა, არც პენსია, გენერალი მამა-პაპისეულ სახლ-კარს დაუბრუნდა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი.
1937 წლის რეპრესიებს ვერ გადაურჩა მაზნიაშვილების ოჯახი. დააპატიმრეს და დახვრიტეს  გიორგი მაზნიაშვილი და მისი ვაჟი ივანე.  
დაუმარცხებელი გენერლის საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.