Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ქრონიკა
კალისტრატე ცინცაძის წერილი


უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე, ერისკაცობაში
ბიჭიკო მიხეილის ძე ცინცაძე, 1866 წლის 12 აპრილს
ქუთაისის მაზრის სოფელ ტობანიერში, სასულიერო პირის
ოჯახში დაიბადა.
1875-1882 წლებში კალისტრატე ცინცაძე სწავლობდა
ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების
შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა,
ხოლო 1888-1892 წლებში სწავლობდა კიევის სასულიერო
აკადემიაში. საქართველოში დაბრუნებისას, 1893 წელს ჯერ
დიდუბის ეკლესიის დიაკვნად აკურთხეს, რამდენიმე დღეში
კი მღვდლად. კალისტრატე ცინცაძე იბრძოდა ქართული
ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. 1922 წელს დეკანოზი
კალისტრატე ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით
დააპატიმრეს. მან მეტეხის ციხეში 3 წელი გაატარა.
1925 წლის 31 ოქტომბერს უწმინდესისა და უნეტარესის,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
ამბროსის ლოცვა-კურთხევით დეკანოზი კალისტრატე
აღყვანილ იქნა ნინოწმინდელი ეპისკოპოსის ხარისხში, იმავე
დღეს ებოძა მიტროპოლიტობა, ხოლო 11 ნოემბერს
დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
მუდმივ მოსაყდრედ, მიენიჭა ბარტყულზე ჯვრის ტარების
უფლება და მღვდელმთავართა შორის ღვთისმსახურების
დროს უპირატესობა.
1932 წლის 21-27 ივნისს თბილისში გამართულმა IV საეკლესიო კრებამ მიტროპოლიტი კალისტრატე სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. მას საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგო, ეს იყო რეპრესიების, შიშის, ტერორისა და ეკლესიის
წინააღმდეგ ბრძოლის ხანა.
ზემოთ მოყვანილ წერილში ერის სულიერი ლიდერი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ
მდივან კანდიდ ჩარკვიანს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის უფლების დაცვას თხოვს. დოკუმენტი 1946 წლის 27
დეკემბრით თარიღდება.