Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
შინსახკომის მორიგი მსხვერპლი
ilkovi
ჩემს სიკვდილში დამნაშავეა მხოლოდ სატრანსპორტო განყოფილების უფროსი ვოლფსონი, თავისი ავადმყოფური ფანტაზიით შექმნილი და პროვოკატორ პუშკინის მიერ პროვოკაციულად შემოჩეჩებული სოხუმის პოლკის წერილით, ეს შპიონაჟია. შიშმა, ცემის დროს სიცოცხლის დაკარგვის შიშმა, დიდმა და საზიზღარმა პროვოკაციამ საბოლოო ჯამში გარდაქმნა ცხოვრება და ეს დამიჯდა სიცოცხლის ფასად. საბოლოოდ წასვლისას შემეძლო მეთქვა: „დიახ“, მაგრამ ეს სიზმარშიც არ მოხდა. ყველა ჩემს განცხადებას უყურებდნენ ბიუროკრატიულად, არ მომცეს პროკურორთან დალაპარაკების საშუალება, რისთვისაც იტანჯება ყოვლად უდანაშაულო ოჯახი. აი, სად არის სიმართლე და სამართლიანობა - ჩამარხულია მიწაში და ასეთი სისაძაგლის აყვავებას უწყობს ხელს. მშვიდობით, ძვირფასო მეუღლევ, მე არაფერში ვარ დამნაშავე!  - სოხუმის პორტის მთავარმა ბუღალტერმა დიმიტრი კლიმენტის ძე ილკოვმა ეს წერილი სიკვდილამდე 4-5 დღით ადრე, 1939 წლის 20 ოქტომბერს დაწერა. საქმე ისაა, რომ 1938 წლის ივლისში აფხაზეთის შინაგან საქმეთა კომისარ . ფაჩულიას წერილობითი განკარგულების საფუძველზე შეიკერა ყალბი საქმე: თურმე ილკოვი ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას საბჭოთა ხელისუფლების მისამართითბესარაბიაში ჰყავს ნათესავები, აქვს კავშირი და სურს მათთან წასვლა. დაჭერის მიზეზად იქცა შინსახკომის სოხუმის პორტის განყოფილების უფროსის, ვოლფსონის მიერ საკუთარ კაბინეტში დახაზული სოხუმის მსროლელთა პოლკის ყალბი გეგმა, რომელიც 1938 წლის 11 ივლისს ჯაშუშმა  პუშკინმა მალულად შესჩარა ილკოვის სამუშაო მაგიდაში. ილკოვი მაშინვე დააპატიმრეს. დაკითხვებზე ისე ძლიერად ცემდნენ, რომ იძულებული გახდა, საკუთარი არარსებული დანაშაულიც „ეღიარებინა“ და სხვებიც ჩაეთრია ამ საქმეში. შეურაცხმყოფელი წამებისგან ციხეში გარდაიცვალა. ციხის უფროსის 1939 წლის 25 ოქტომბერს დაწერილ აქტში კი წერია: დიმიტრი კლიმენტის ძე ილკოვი, დაბადებული 1892 წელს, 16-00 სთ-ზე გარდაიცვალა ციხის საავადმყოფოში, გულის უკმარისობით გამოხატული ფილტვების ტუბერკულიოზით.