აღწერები


ფონდი № 14

საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი (1921-1991 წწ.)
ინფორმაცია ფონდებზე- პარტიული ფონდები


მოცულობით ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ფონდი, რომელშიც დაცუალია: საქართველოს კპ ცკ პრეზიდიუმის, პლენუმის, სამდივნოსა და ბიუროს სხდომის ოქმები, კომპარტიის ყრილობის სტენოგრაფიულ ანგარიშები, მოხსენებები სხვადასხვა საკითხებზე საქართველოს ყველა ქალაქიდან თუ რაიონიდან. მიმოწერა სხვადასხვა უწყებებს შორის, საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტიდან შემოსული წერილები. მასალები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო კომიტეტების მუშაობის შესახებ.
საარქივო დოკუმენტებში გამორჩეულ ადგილს იკავებს ისეთი საკითხები როგორიცაა საქართველოს სსრ ჩამოყალიბება (XX საუკუნის 20-იანი წლები), 1921-1924 წლებში ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობა და აგვისტოს აჯანყება, რელიგია და მის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა, საგანგებო კომისიის (ჩეკა) შექმნა და მისი მიერ წარმართული საქმიანობა, ქართული ემიგრაცია, კულაკებისა და თავადების გასახლებები, 1935-1936 წლებში საქართველოს კომპარტიის რიგებში ჩატარებული წმენდები, 1937-1938 წლების რეპრესიები, მეორე მსოფლიო ომი, 1941-1951 წლების სხვადასხვა მასობრივი გადასახლებები, მათ შორის გერმანელი და ბერძენი ეროვნების მოქალაქეების გადასახლებები, 1956 წლის 9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებული მასალები, კომუნისტური იდეოლოგია მასებთან მუშაობაში, რეპრესირებულთა რეაბილიტაცია, საბჭოთა კავშირის მიერ "ცივი ომის" წარმოება და ნატოს სამხედრო ბლოკის წინააღმდეგ "ვარშავის ხელშეკრულებით" შექმნილი სამხედრო ბლოკი, ანტისაბჭოთა და დისიდენტური ორგანიზაციების მოღვაწეობა, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენები. აგრეთვე დაპირისპირებები სხვადასხვა ხელმძღვანელ პირებს შორის და შიდაპარტიული ბრძოლა.
მნიშვნელოვან ადგილს იკავებს აგრეთვე საქართველოს კპ ცკ-ში შექმნილი სხვადასხვა განყოფილებების მიერ წარმართული საქმიანობა. ეს განყოფილებებია: ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის, აგიტაცია-პროპაგანდის, მრეწველობისა და ტრანსპორტის, მეცნიერებისა და სასწავლო დაწესებულებების, მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის, მსუბუქი და კვების მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ვაჭრობის, საგეგმო და საფინანსო ორგანოების, ადმინისტრაციული ორგანოებისა და კულტურის განყოფილებები.
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge