ინფორმაცია ფონდებზე- უშიშროების ფონდები
ფონდი № 6

სისხლის სამართლის საქმეები
საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი მოიცავს 1919-1989 წლებში საგანგებო კომისიის (ЧК), სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ГПУ), გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ОГПУ), შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД), სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ),  შინაგან საქმეთა სამინისტროს (МВД) მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს _ დაახლოებით 20 000 ერთეულს. სისხლის სამართლის საქმეთა ნახევარზე მეტი აღძრულია, ძირითადად, პოლიტიკური მოტივით. ამ კატეგორიის დამნაშავეებს უყენებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგ მუხლებს: 58-10 (აგიტაცია ან პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას), 58-11 (ყოველგვარი ორგანიზებული ქმედობა, მიმართული დანაშაულის მომზადებისა და ჩატარებისათვის). ასამართლებდნენ ასევე სამშობლოს ღალატის, ჯაშუშობის, ტერორისტული აქტის, საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდის, უკანონო სავალუტო ოპერაციების, ყალბი დოკუმენტების დამზადების, მასობრივი არეულობების მოწყობის, სპეკულაციის, კრიმინალური დანაშაულისა და სხვა ბრალდებების საფუძველზე.

სისხლის სამართლის საქმეების ფონდში ინახება ჯერ კიდევ საქართველოს გასაბჭოებამდე მე-9 და მე-11 არმიების მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც თავისთავად უნიკალურია მასში არსებული მასალების შინაარსით, თანდართული ფოტოების, დოკუმენტებისა და პირადი მიმოწერის გათვალისწინებით. არის ექსკლუზიური მასალები 1924 წლის აჯანყების (რომელსაც იხსენიებდნენ `1924 წლის ავანტიურის~ სახელით) შესახებ, რომლის თაობაზეც ინფორმაცია მიმოფანტულია 1925-1927 წ.წ. მასალებშიც და მოიცავს დაახლოებით 4100 საქმეს.

უშიშროების არქივის ერთ-ერთი დიდი ნაწილი არის 1937-1938 წ.წ. პერიოდის რეპრესიების ამსახველი სისხლის სამართლის საქმეები _ დაახლოებით 4180.
ასევე მოცულობითია მეორე მსოფლიო ომისა და მის შემდგომ პერიოდში (1939-1950 წ.წ.) წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ძირითადად აღძრული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 58-1 (სამშობლოს ღალატი) მუხლის საფუძველზე და უსჯიდნენ 25 წლით თავისუფლების აღკვეთას. ამასთან, სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრობის ბრალდებით, ასამართლებდნენ მათი ოჯახის წევრებსაც. ამ პერიოდს მიეკუთვნება ე.წ. `ემიგრანტთა საქმეები”, რომლებიც სამშობლოდან გადახვეწილი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წევრებისა და მათი მომხრეების სსრკ-ში რეემიგრირების შემდგომ პერიოდში (1951-1956 წ.წ.) იქნა წარმოებული.

70-იანი წლების სისხლის სამართლის საქმეებიდან აღსანიშნავია მასალები, რომლებიც დისიდენტურ მოძრაობასა და ჰელსინკის კავშირის შექმნას შეეხება. ისინი ნათელ წარმოდგენას იძლევა იმ პერიოდში არსებული მოვლენების შესახებ.
80-იანი წლების სისხლის სამართლის საქმეებიდან ყველაზე ცნობილია საქმე #8309 (22 ტომი), ე.წ. ,,თვითმფრინავის ბიჭების საქმე”, რომელიც საჰაერო ხომალდის გატაცების ფაქტს ეხება.

სისხლის სამართლის საქმეების ფონდის, ისევე როგორც მთლიანად ყოფილი უშიშროების სამინისტროს არქივის დიდი ნაწილი, ქ. თბილისში 1991-1992 წ.წ. მიმდინარე ცნობილი მოვლენების დროს დაიწვა, რა დროსაც განადგურდა მე-6 ფონდში შემავალი 48 000 საქმე. არქივის აღდგენა-შევსება მოხდა ხანძრისგან გადარჩენილი და სხვადასხვა სამართალდამცავი ორგანოს, მათ შორის პროკურატურის, უზენაესი სასამართლოსა და შსს-ს არქივებიდან გადმოცემული მასალებით.
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ARCHIVE
მონაცემთა ბაზები-ფონდი˜ 6