ინფორმაცია ფონდებზე- უშიშროების ფონდები
ფონდი № 13

სპეცგადასახლებულთა ფონდი

დაცულია ე.წ. “საეშელონო სიები” და სპეცგადასახლებულთა საქმეები. მოიცავს 1941-დან 1951 წლამდე პერიოდს.

საეშელონო სიებში მოცემულია ინფორმაცია როგორც გადასახლებულთა, ასევე გადასახლებიდან დაბრუნებულთა შესახებ. სიებში აღნიშნულია ოჯახის უფროსი და მასთან ერთად გადასახლებულ ოჯახის წევრთა რაოდენობა, რიგ შემთხვევებში სრულწლოვანი ოჯახის წევრების სახელები და გვარებიცაა მოცემული, არასრულწლოვნებს კი მხოლოდ სულადობით აღნიშნავდნენ. მოცემულია აგრეთვე იმ ვაგონებისა და ეშელონების ნომრები, რომლითაც მოხდა მათი ეტაპირება.

გადასახლებას ექვემდებარებოდნენ: ემიგრანტები, ,,ხალხისა და სამშობლოს მოღალატეები”, ყოფილი სამხედრო ტყვეები, რომლებიც ირიცხებოდნენ გერმანიის არმიის ნაციონალურ ფორმირებებში, აგრეთვე თურქეთის დაზვერვასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირები და მათი ოჯახის წევრები. ასახლებდნენ ეთნიკური ნიშნით (ბერძნები, ირანისა და თურქეთის ქვეშევრდომები, გერმანელები, ქურთები, ხემშილები და სხვ.), ასევე შრომისუუნარო და არასრულწლოვან პირებს.

გადასახლებულთა ეტაპირება ხდებოდა, ძირითადად, შუა აზიაში (უზბეკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში) და სსრკ შორეულ მხარეში - ციმბირში.

მასობრივი გადასახლებები 1941 წლიდან დაიწყო, როცა სსრკ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტმა 1941 წლის 8 ოქტომბერს გამოსცა #744 ბრძანებულება, რომლის საფუძველზეც საქართველოდან ძირითადად გადასახლებულ იქნენ გერმანელი ეროვნების პირები.
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ARCHIVE
მონაცემთა ბაზები-ფონდი 13