უშიშროების არქივი
(საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი)
1921 წლის მარტში საქართველოს საგანგებო კომისიის ("ჩეკა") პრეზიდიუმის ბრძანებულებით შეიქმნა სააღრიცხვო-საარქივო განყოფილება, რომელსაც დაევალა საგანგებო კომისიის მიერ გამოვლენილი ქვეყნის უამრავი "მტრისა" და "საშიში ელემენტის" შესახებ მაკომპრომეტირებელი მასალების თავმოყრა და შენახვა.
სააღრიცხვო-საარქივო განყოფილება 30 საშტატო ერთეულით დაკომპლექტდა და პირველი საქმე, რომელიც რეგისტრაციაში იქნა გატარებული, იყო სისხლის სამართლის საქმე, რაჟდენ მალაქიას ძე მირიანაშვილისა და სხვათა მიმართ. მათ ბრალად ედებოდათ საკვები პროდუქტის გადამალვა. შვიდი განსასჯელიდან სამს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. განაჩენი სისრულეში მეორე დღესვე იქნა მოყვანილი.
1921-1990 წ.წ. საქართველოს ყოფილი უშიშროების კომიტეტის (სუკი) მე-10 განყოფილების საცავებში თავი მოიყარა 230 000 შენახვის ერთეულმა.
1991-1992 წ.წ. თბილისის ცნობილი მოვლენების დროს სუკ-ის ადმინისტრაციულ შენობას ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად განადგურდა 210 000 საარქივო ერთეული, რაც ფონდის საერთო რაოდენობის 80%-ზე მეტი იყო.
სუკ-ის არქივში უამრავი საინტერესო დოკუმენტური მასალა ინახება. აქ შეხვდებით 1922-24 წლების აჯანყებების, ცივი ომის, დისიდენტური მოძრაობის,1956 წლის 9 მარტის თბილისის მოვლენების, ე.წ. "მეგრელთა საქმის" და სხვა მრავალ საინტერესო დოკუმენტს. ყოფილი სუკ-ის არქივის ფონდებიდან აღსანიშნავია  №1, მე-6, მე-8 და მე-12 ფონდები. ფონდი №1 აერთიანებს 1921-1990 წ.წ. ყოფილი "ЧК-ГПУ-ОГПУ-НКВД-МВД"-ს მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებს (ბრძანებებს, განკარგულებებს, მითითებებს და ა.შ.); ფონდი №6 მოიცავს სისხლის სამართლის საარქივო საქმეებს "პოლიტიკური", "სამშობლოს ღალატის" და სხვა მუხლებით გასამართლებულ პირთა შესახებ. მე-8 ფონდი მოიცავს "ЧК-ГПУ-ОГПУ-НКВД-МВД" კოლეგიების, პრეზიდიუმების, განსაკუთრებული სათათბიროების, სამეულების სხდომების ოქმებს, ხოლო მე-12 ფონდში დაცულია მასალები სასჯელის უმაღლესი ზომის - დახვრეტის სისრულეში მოყვანის შესახებ.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
პარტიული არქივი
(საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი)
საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის პრეზიდიუმის 1922 წლის 24 ივნისის დადგენილებით საქართველოს კპ (ბ) ცკ-თან შეიქმნა პარტიის ისტორიის კომისია (პარტისი), რომელსაც მიეცა დავალება - საქართველოს კომუნისტურ იორგანიზაციების ისტორიის შესახებ არსებული დოკუმენტების შეგროვება, შესწავლა, დამუშავება, შენახვა და გამოქვეყნება.
1929 წლის მეორე ნახევრიდან საკავშირო კპ (ბ) ცკ-თან არსებული ლენინის ინსტიტუტის დავალებით, საქართველოს კპ (ბ) ცკ-თან არსებულმა პარტიის ისტორიის ინსტიტუტმა, საკავშირო კპ (ბ) ცკ-ის მიერ დამტკიცებული დებულებებისა და ინსტრუქციების თანახმად, ჩაატარა საორგანიზაციო სამუშაოები ერთიანი პარტიული არქივის შექმნისათვის.
საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის სამდივნოს 1930 წლის 26 მარტის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კპ (ბ) ცენტრალურ კომიტეტთან შეიქმნა ცენტრალური პარტიული არქივის ადგილობრივი განყოფილება, რომლის გამგედ გვარად გავალოვი დაინიშნა. ამ დროიდან რესპუბლიკის ყველა პარტორგანოსა და პირველად პარტიულ და კომკავშირულ ორგანიზაციებს მიეცათ დავალება-ჩაებარებინათ თავიანთი არქივი პარტიული არქივისათვის.
საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის 1932 წლის 23 თებერვლის დადგენილებით, თბილისში შეიქმნა სტალინის სახელობის ისტორიულ-რევოლუციური და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (1934 წლის ივლისიდან ინსტიტუტს ეწოდა საკავშირო კპ (ბ) ცკ-თან არსებული მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალი), რომელსაც შეუერთდა პარტისი და ამავე დროს გადაეცა პარტისის მთელი არქივი და მასთან ერთად ცენტრალური პარტიული არქივის ადგილობრივი განყოფილების დოკუმენტები. 1933 წელს თბილისში, რუსთაველის გამზირზე საფუძველი ჩაეყარა იმელის შენობის მშენებლობას. მშენებლობამ ოთხ წელს გასტანა და ის 1937 წელს დასრულდა. პარტიულმა არქივმაც ამ შენობაში დაიდო ბინა და 2007 წლამდე იქ ფუნქციონირებდა.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 აპრილის №150 განკარგულების საფუძველზე, პარტიული არქივი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს გადმოეცა.
ამჟამად ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი თავისი მოცულობით ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში, რომელშიც 8300-მდე ფონდია დაცული. აქ არსებული ფონდები და მასალები წარმოადგენს ფასდაუდებელ და შეუფასებელ მდიდარ წყაროს როგორც პარტიული, ასევე კომკავშირული ცხოვრების ისტორიის შესწავლის საქმეში.
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge