GEO / ENG
დაგვიანებული წერილი აშშ პრეზიდენტს
ხევსურების მიმართვა აშშ-ს პრეზიდენტისადმი, რომელიც 70 წლის დაგვიანებით მიუვიდა ადრესატს.
1937 წელი
ვინ არიან “თურქი მესხები”?
ხრუშჩოვი უნდა მოკვდეს
დაგეგმილი და განუხორციელებელი ტერორისტული აქტი-რას უქადდა იგი საქართველოს და ვის სურდა ხრუშჩოვის ლიკვიდაცია?
სამეულის სხდომის ოქმები
ტელე-ვიდეო ქრონიკა
თომა ჩაგელიშვილი     
P.S (”რუსთავი2”)   
”საზ მაუწყებელი”      
შსს პრეს-ცენტრი  
ტელეკომპანია ”მზე”   
ტელეკომპანია ”იმედი” 
ტელეკომპანია "ერთსულოვნება" 
სანკტ - პეტერბურგი TV5 
პერსონალიები
               

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პრეზიდენტის
ბრძანებულება


20-50-იანი წლების პოლიტიკური რეპრესიების ყველა მსხვერპლის
უფლებების აღდგენის შესახებ


წარსულის მძიმე მემკვიდრეობად გვევლინება მასობრივი რეპრესიები, განუკითხაობა უკანონობა, რასაც სტალინის დროინდელი ხელმძღვანელობა სჩადიოდა რევოლუციის, პარტიის, ხალხის სახელით. 20-იან წლებში დაწყებული თანამემამულეთა ღირსებისა და თვით სიცოცხლის ხელყოფა უმკაცრესი თანმიმდევრულობით გრძელდებოდა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ათასობით ადამიანი მორალურად და ფიზიკურად აწამეს, ბევრი მათგანი მოსპეს. მათი ოჯახებისა და ახლობლების სიცოცხლე დამცირებისა და ტანჯვის ბნელ-უკუნ ზოლად იქცა.
სტალინმა და მისმა გარემოცვამ მიითვისეს პრაქტიკულად შეუზღუდავი ძალაუფლება და საბჭოთა ხალხს წაართვეს თავისუფლებები, რომლებსაც დემოკრატიულ საზოგადოებაში ბუნებრივად და განუყოფლად მიიჩნევენ.
მასობრივი რეპრესიები უმეტესწილად ხორციელდებოდა სასამართლოგარეშე ანგარიშსწორების გზით, ე. წ., საგანგებო თათბირების, კოლეგიების, "სამეულების" და `ორეულების~ მეშვეობით. მაგრამ სასამართლოებშიც უხეშად ირღვეოდა სამართალწარმოების ელემენტარული ნორმები.
სკკპ XX ყრილობის მიერ დაწყებული სამართლიანობის აღდგენა არათანმიმდევრულად მიმდინარეობდა და არსებითად შეწყდა 60-იანი წლების მეორე ნახევარში.
რეპრესიებთან დაკავშირებული მასალების დამატებით შემსწავლელმა სპეციალურმა კომისიამ რეაბილიტირებულად გამოაცხადა ათასობით უდანაშაულოდ მსჯავრდადებული; გაუქმდა უკანონო აქტები მშობლიური მიწა-წყლიდან ძალდატანებით გადასახლებული ხალხების წინააღმდეგ; უკანონოდ იქნა ცნობილი 30-50-იან წლებში გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტსამმართველოების, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სასამართლოგარეშე ორგანოების გადაწყვეტილებანი პოლიტიკურ საქმეთა გამო, მიღებულია აგრეთვე სხვა აქტები თვითნებობის მსხვერპლთა უფლებების აღსადგენად.
მაგრამ დღესაც არ განუხილავთ ათასობით სასამართლო საქმე. უსამართლობის დაღი დღემდე ადევს ძალდატანებითი კოლექტივიზაციის დროს უდანაშაულოდ დაზარალებულ, დაპატიმრებულ, საარსებო სახსრების გარეშე მოშორებულ რაიონებში ოჯახებთან ერთად გადასახლებულ ადამიანებს, რომლებსაც წაართვეს ხმის უფლება და თავისუფლების აღკვეთის ვადაც კი არ გამოუცხადეს. რეაბილიტირებულ უნდა იქნენ სასულიერო პირები და რელიგიური მოტივებით დევნილი მოქალაქენი.
ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფუძველზე ჩადენილი უკანონობის, პოლიტიკური დანაშაულის შედეგების უსწრაფესი დაძლევა სჭირდება ყოველ ჩვენგანს, მთელ საზოგადოებას, რომელიც მორალური აღორძინების, დემოკრატიისა და კანონიერების გზას დაადგა.
პრინციპულად ვგმობ რა მასობრივ რეპრესიებს და მივიჩნევ მათ ცივილიზაციის ნორმებთან შეუთავსებლად და სსრ კავშირის კონსტიტუციის 1277 და 114-ე მუხლების საფუძველზე ვადგენ:

1. უკანონოდ, ადამიანის ძირითადი მოქალაქეობრივი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების საწინააღმდეგოდ იქნეს ცნობილი რეპრესიები, რომლებიც ხორციელდებოდა გლეხების მიმართ კოლექტივიზაციის პერიოდში, აგრეთვე ყველა სხვა მოქლაქის მიმართ პოლიტიკური, სოციალური, ეროვნული და სხვა მოტივებით 20-50-იანი წლებში და მთლიანად აღდგენილ იქნეს ამ მოქალაქეთა უფლებები.
სსრ კავშირის მინისტრთა საბჭომ, მოკავშირე რესპუბლიკების მთავრობებმა ამ ბრძანებულებების შესაბამისად 1990 წლის 1 ოქტომბრამდე შეიტანონ საკანონმდებლო ორგანოებში წინადადებანი რეპრესიების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა უფლებების აღდგენის წესის შესახებ.

2. ეს ბრძანებულება არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც დასაბუთებულად იყვნენ მსჯავრდადებული სამშობლოსა და საბჭოთა ადამიანების წინააღმდეგ დიდი სამამულო ომის პერიოდში, ომის წინა და ომის შემდგომ წლებში ჩადენილი დანაშაულისათვის.
სსრ კავშირის მინისტრთა საბჭომ სსრ კავშირის უზენაეს საბჭოში შეიტანოს ისეთი საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ამ დანაშაულობათა ნუსხას და სასამართლოს მიერ მათი ჩამდენი პირების, ამ კანონის საფუძველზე, რეაბილიტაციას დაუქვემდებარებლად ცნობის წესს.

3. 20-50-იანი წლებში უსაფუძვლოდ რეპრესირებულ მოქალაქეთა უფლებების აღდგენასთან დაკავშირებული ყველა საკითხის სრული გადაწყვეტის პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის გათვალისწინებით, მეთვალყურეობა ამ პროცესისადმი დაეკისროს სსრ კავშირის საპრეზიდენტო საბჭოს.

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პრეზიდენტი
მ. გორბაჩოვი

მოსკოვი, კრემლი. 1990 წელი, 13 აგვისტო.
N556.

 Copyright 2006 All rights reserved