|
სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
30-40-იანი წლებისა და 50-იანი წლების დამდეგის პერიოდის რეპრესიების მსხვერპლთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
სოციალური სამართლიანობის აღდგენის და 30_40-იანი წლებისა და 50-იანი წლების დამდეგის პერიოდის უკანონობათა შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. გაუქმდეს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ამ ბრძანებულების გამოცემის მომენტისათვის გაუუქმებელი სასამართლოგარეშე გადაწყვეტილებანი, რომლებიც 30_40-იანი წლებისა და 50-იანი წლების დამდეგის პერიოდში გამოიტანეს იმ დროს მოქმედმა სსრ კავშირის შინსახკომისა და შინსახკომის სამმართველოს "სამეულებმა", სახკომსაბჭოსთან არსებული გაერთიანებული სახპოლიტსამმართველოების კოლეგიებმა და შინსახკომის, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს "განსაკუთრებულმა სათათბიროებმა". რეაბილიტირებულად ჩაითვალოს აღნიშნული ორგანოების გადაწყვეტილებებით რეპრესირებული ყველა მოქალაქე.
ეს წესი არ ვრცელდება სამშობლოს მოღალატეებსა და დამსჯელებზე დიდი სამამულო ომის პერიოდში, ნაცისტ დამნაშავეებზე, ნაციონალისტური ბანდფორმირებების მონაწილეებსა და მათ დამქაშებზე, მუშაკებზე, რომლებიც ეწეოდნენ სისიხლის სამართლებრივ საქმეთა ფალსიფიკაციას, აგრეთვე პირებზე, რომლებმაც ჩაიდინეს განზრახ მკვლელობა და სხვა სისხლის სამართლებრივი დანაშაული. ასეთი პირების მიმართ მოქმედებს გამოტანილი განაჩენებისა და სხვა გადაწყვეტილებების გასაჩივრების და განმეორებითი განხილვის კანონით დადგენილი წესი.
ამ მუხლის დებულებათა გამოყენებით წამოჭრილ სადავო საკითხებს იხილავენ სსრ კავშირის გენერალური პროკურორი, მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების, მხარეების, ოლქების, ქალაქების: მოსკოვისა და ლენინგრადის პროკურორები.
2. სსრ კავშირის მინისტრთა საბჭომ განიხილოს ამ ბრძანებულების პირველი მუხლის შესაბამისად რეაბილიტირებულ პირთა მიმართ მათზე საპენსიო, საბინაო და სხვა უზრუნველყოფის მოქმედი წესების გავრცელებასთან დაკავშირებული საკითხები.
3. სსრ კავშირის იუსტიციის სამისტრომ და სსრ კავშირის პროკურატურამ სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან ერთად განსაზღვრონ მოქალაქეებისათვის ამ ბრძანებულების შესაბამისად რეაბილიტაციის შესახებ შეტყობინების წესი.
4. სახალხო დეპუტატთა ადგილობრივმა საბჭოებმა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოებთან ერთად უზრუნველყონ რეაბილიტირებულებისათვის სათანადო დახმარების გაწევა მათი უფლებებისა და ინტერესების განხორციელებაში, აგრეთვე რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლების შექმნაში, მათი დაკრძალვის ადგილების სათანადოდ მოვლაში.
ამ მიზნით სახალხო დეპუტატთა სამხარეო, საოლქო, საქალაქო საბჭოებთან, მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს საბჭოებთან შეიძლება შეიქმნას კომისიები სახალხო დეპუტატებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა შემადგენლობით.
სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდუიმის თავმჯდომარე
მ. გორბაჩოვი.
სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდუიმის მდივანი
თ. მენთეშაშვილი.
მოსკოვი, კრემლი. 1989 წლის 16 იანვარი.
#10036-XI.
|