GEO / ENG
დაგვიანებული წერილი აშშ პრეზიდენტს
ხევსურების მიმართვა აშშ-ს პრეზიდენტისადმი, რომელიც 70 წლის დაგვიანებით მიუვიდა ადრესატს.
1937 წელი
ვინ არიან “თურქი მესხები”?
ხრუშჩოვი უნდა მოკვდეს
დაგეგმილი და განუხორციელებელი ტერორისტული აქტი-რას უქადდა იგი საქართველოს და ვის სურდა ხრუშჩოვის ლიკვიდაცია?
სამეულის სხდომის ოქმები
ტელე-ვიდეო ქრონიკა
თომა ჩაგელიშვილი     
P.S (”რუსთავი2”)   
”საზ მაუწყებელი”      
შსს პრეს-ცენტრი  
ტელეკომპანია ”მზე”   
ტელეკომპანია ”იმედი” 
ტელეკომპანია "ერთსულოვნება" 
სანკტ - პეტერბურგი TV5 
პერსონალიები
               
თავი III

ინფორმაციის თავისუფლება

მუხლი 27. ტერმინთა განმარტება

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამ თავის მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საჯარო დაწესებულება – ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში; (2.03.2001 N 772)

ბ) კოლეგიური საჯარო დაწესებულება – საჯარო დაწესებულება, რომლის ხელმძღვანელი ან სათათბირო ორგანო ერთზე მეტი პირისაგან შედგება და რომელშიც გადაწყვეტილებებს ერთზე მეტი პირი ერთობლივად იღებს ან ამზადებს;

გ) კოლეგიური საჯარო დაწესებულების წევრი – საჯარო მოსამსახურე, რომელიც ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში ან მომზადებაში;

დ) თანამდებობის პირი – "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდეობის პირი;

ე) სხდომა – საჯარო დაწესებულების სახელით გადაწყვეტილების მიღების ან ამ გადაწყვეტილების მომზადების მიზნით დაწესებულების წევრთა მიერ საკითხის განხილვა;

ვ) გამოქვეყნება – კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში საჯარო ინფორმაციის შეტანა და საჯარო ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ზ) საჯარო მონაცემთა ბაზა – საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოსამსახურის მიერ სისტემურად შეგროვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები;

თ) პერსონალური მონაცემები – საჯარო ინფორმაცია, რომელიც პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა;

ი) აღმასრულებელი პრივილეგია – საჯარო დაწესებულებებისა და საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლება ამ თავით გათვალისწინებული მოვალეობებისაგან.

კ) გადაუდებელი აუცილებლობა – კანონმდებლობის დარღვევის საშიშროება ან ვითარება, როდესაც დემოკრატიულ საზოგადოებაში რეალური საფრთხე ექმნება საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირებას. (2.03.2001 N 772)

მუხლი 271. პირადი საიდუმლოება (2.03.2001 N 772)

პერსონალური მონაცემების პირად საიდუმლოებად მიჩნევის საკითხს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წყვეტს პირი, რომლის შესახებაც არსებობს ეს ინფორმაცია.

მუხლი 272. კომერციული საიდუმლოება (2.03.2001 N 772)

1. კომერციული საიდუმლოება – ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

2. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას.

3. ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ ცნობს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენს ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.

4. ნებისმიერ პირს უფლება აქვს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში გაასაჩივროს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხი.

5. საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია მესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერ კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის, მოთხოვნის თარიღის, მომთხოვნის ვინაობისა და მისამართის შესახებ.

მუხლი 273. პროფესიული საიდუმლოება (2.03.2001 N 772)

პროფესიულ საიდუმლოებას მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სხვის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას და პირისათვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. პროფესიული საიდუმლოება არ შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სხვა პირის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას.


მუხლი 274. სახელმწიფო საიდუმლოება (2.03.2001 N 772)

სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია განისაზღვრება სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობით.

მუხლი 28. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (2.03.2001 N 772)

საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

მუხლი 29. აღმასრულებელი პრივილეგია

თანამდებობის პირის მიერ გადაწყვეტილებათა მომზადების პროცესში მონაწილე სხვა საჯარო მოსამსახურეთა (გარდა სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირებისა) ვინაობა დაცულია გამხელისაგან აღმასრულებელი პრივილეგიით. (2.03.2001 N 772)

მუხლი 30. გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ

გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ შეიძლება მიღებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ კანონი აწესებს მისი გამხელისაგან დაცვის პირდაპირ მოითხოვნას, ადგენს ინფორმაციის გამხელისაგან დაცვის კონკრეტულ კრიტერიუმებს და შეიცავს საიდუმლოდ დასაცავი ინფორმაციის ამომწურავ ჩამონათვალს.

მუხლი 31. საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების ვადა (2.03.2001 N 772)

1. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული. პირადი საიდუმლოება დახურულია პირის სიცოცხლის მანძილზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ შეაქვთ საჯარო რეესტრში.

მუხლი 32. სხდომათა საჯაროობა

თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა ამ კოდექსის 28ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 33. საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნების წესი

საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის ამოღების შემდეგ საიდუმლო საჯარო ინფორმაციის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების დახურული სხდომის ოქმის გონივრულ ფარგლებში გამოცალკევებადი ნებისმიერი ნაწილი უნდა გამოქვეყნდეს. ასეთ შემთხვევაში ინფორმაციის გამოქვეყნებისას მიეთითება პირი, რომელმაც გაასაიდუმლოვა ინფორმაცია, ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევის საფუძველი და გასაიდუმლოების ვადა. (2.03.2001 N 772)

მუხლი 34. კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომა (2.03.2001 N 772)

1. კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.

2. გადაუდებელი აუცილებლობისას კოლეგიური საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.

3. კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ გადაუდებელი აუცილებლობისას სხდომის ჩატარების ან სხდომის დახურვის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში განმარტოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. კოლეგიურმა საჯარო დაწესებულებამ რეესტრში უნდა შეიტანოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გამართული სახელობითი კენჭისყრის შედეგები, აგრეთვე სხდომის ოქმის მონაცემები 33ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

4. სარჩელი გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული სხდომის, ასევე სხდომის დახურვის კანონიერების შესახებ სასამართლოს უნდა წარედგინოს კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში. კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩატარება იწვევს ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებას სასამართლოს მიერ.

მუხლი 35. საჯარო რეესტრი

საჯარო დაწესებულება ვალდებულია შეიტანოს ამ დაწესებულებაში არსებული საჯარო ინფორმაცია საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს საჯარო ინფორმაციაზე მითითება მისი მიღებიდან, შექმნიდან, დამუშავებიდან ან გამოცემიდან 2 დღის ვადაში საჯარო ინფორმაციის დასახელების, მიღების, შექმნის, დამუშავების, გამოცემის თარიღის, იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის, საჯარო მოსამსახურის, საჯარო დაწესებულების დასახელების მითითებით, რომლისგანაც შემოვიდა ან/და ან რომელსაც გაეგზავნა ეს ინფორმაცია. (2.03.2001 N 772)

მუხლი 36. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაადგინოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე

მუხლი 37. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა

1. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.

2. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. განცხადებაში აუცილებელი არ არის მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი პერსონალური მონაცემების ან კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას. (2.03.2001 N 772)

მუხლი 371. საჯარო დაწესებულებისათვის პერსონალური მონაცემებისა და კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (27.12.2005 N 2542)

1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია სათანადო წერილობითი თხოვნის საფუძველზე სხვა საჯარო დაწესებულებაზე ცნობის სახით გასცეს მასთან დაცული პერსონალური მონაცემები ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საჯარო დაწესებულებისათვის საკითხის გადასაწყვეტად, თუ იგი წარუდგენს იმ პირის წერილობით თანხმობას, რომლის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს შესაბამისი ინფორმაცია.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული წერილობითი თანხმობა გაცემულად ითვლება, თუ პირი განცხადებაში ან სხვა რაიმე წერილობით დოკუმენტში გამოხატავს თანხმობას, რომ საჯარო დაწესებულებამ, რომლისგანაც იგი ითხოვს საკითხის გადაწყვეტას, თავად გამოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემები ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია შესაბამისი საჯარო დაწესებულებისაგან.

3. სხვისი პერსონალური მონაცემების ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის გამცემი და მომთხოვნი ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან აღნიშნული მონაცემების ან ინფორმაციის საიდუმლოება.

მუხლი 38. საჯარო ინფორმაციის ასლის ხელმისაწვდომობა

საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა.

მუხლი 39. პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

პირს არ შეიძლება უარი ეთქვას იმ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც იძლევა ამ პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას და ამ კოდექსის თანახმად სხვა პირებისათვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს. პირს აქვს უფლება გაეცნოს მის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები.

მუხლი 40. საჯარო ინფორმაციის გაცემა (2.03.2001 N 772)

1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:

ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;

ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;

გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.

2. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10-დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს. (2.03.2001 N 772)

მუხლი 41. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა

1. საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. (2.03.2001 N 772)

2. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას. (2.03.2001 N 772)

მუხლი 411. გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ (2.03.2001 N 772)

ამ კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლში მითითებული ვადების გასვლისთანავე.

მუხლი 42. ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია ყველას აქვს უფლება იცოდეს:

ა) ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ბ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები;

გ) საჯარო დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოსამსახურეთა ფუნქციების განსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილებათა მიღების წესი;

დ) საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება; (2.03.2001 N 772)

ე) კოლეგიურ საჯარო დაწესებულებაში გადაწყვეტილების მისაღებად გამართული ღია კენჭისყრის შედეგები;

ვ) არჩევით თანამდეობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია;

ზ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები, აგრეთვე სასამართლოს მასალები იმ საქმეებზე, რომელშიც საჯარო დაწესებულება მხარეს წარმოადგენს;

თ) საჯარო დაწესებულების გამგებლობაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზის სახელწოდება და ადგილსამყოფელი, აგრეთვე საჯარო მონაცემთა ბაზისათვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი;

ი) საჯარო დაწესებულების მიერ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების მიზნები, გამოყენების სფეროები და სამართლებრივი საფუძველი;

კ) საჯარო მონაცემთა ბაზაში მისი პერსონალური მონაცემების არსებობა ან არარსებობა, აგრეთვე მათი გაცნობის წესი, მათ შორის, იმ პროცედურისა, რომლითაც მოხდება პირის იდენტიფიკაცია, თუ პირმა (მისმა წარმომადგენელმა) შეიტანა მოთხოვნა თავის შესახებ მონაცემების გაცნობის ან მათში ცვლილების თაობაზე;

ლ) იმ პირთა კატეგორია, რომელთაც კანონით უფლება აქვთ გაეცნონ საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს;

მ) საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემთა შემადგენლობა, წყაროები და იმ პირთა კატეგორია, რომელთა შესახებ გროვდება, მუშავდება და ინახება ინფორმაცია.

ნ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებად. (2.03.2001 N 772)

მუხლი 43. პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი საჯარო დაწესებულება ვალდებულია:

ა) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს მხოლოდ ის მონაცემები, რომელთა შეგროვების უფლებას მას პირდაპირ და უშუალოდ ანიჭებს კანონი და რომლებიც აუცილებელია ამ საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად;

ბ) არ დაუშვას საჯარო დაწესებულების მიერ ისეთი სახის პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა ან გაცემა, რომელიც დაკავშირებულია პირის რელიგიურ, სექსუალურ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ ან მსოფლმხედველობრივ შეხედულებებთან; (2.03.2001 N 772)

გ) შეიმუშაოს და დანერგოს მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და შემადგენლობის კანონით განსაზღვრულ მიზნებთან და ვადებთან შესაბამისობის კონტროლის პროგრამა;

დ) პირის მოთხოვნით ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაანადგუროს კანონით განსაზღვრული მიზნებით გაუთვალისწინებელი, აგრეთვე არაზუსტი, არასარწმუნო, არასრული და საქმესთან დაუკავშირებელი მონაცემები და შეცვალოს ისინი ზუსტი, სარწმუნო, დროული და სრული მონაცემებით;

ე) შეინახოს შესწორებული მონაცემები, მათი გამოყენების დროის მითითებით, შესაბამის მონაცემებთან ერთად მათი არსებობის მანძილზე, მაგრამ არანაკლებ 5 წლის განმავლობაში;

ვ) პერსონალური მონაცემების შეგროვებისას მიმართოს იმ პირს რომელზედაც გროვდება ინფორმაცია, აგრეთვე სხვა წყაროებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ამოიწურა პირველწყაროდან პერსონალური მონაცემების მიღების ყველა სხვა შესაძლებლობა, გარდა ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა და მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონი მას პირდაპირ და უშუალოდ ანიჭებს განსაზღვრული კატეგორიის პირების შესახებ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის უფლება;

ზ) საჯარო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, აგრეთვე მესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების მოთხოვნის, მოთხოვნის თარიღის, მომთხოვნის ვინაობისა და მისამართის შესახებ;

თ) დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის პირს მის უკანასკნელ ცნობილ მისამართზე მესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერ მისი პერსონალური მონაცემების მოთხოვნის შესახებ, გარდა ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ი) პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემამდე კიდევ ერთხელ მიიღოს ყველა გონივრული ზომა იმის გადასამოწმებლად, არის თუ არა ისინი ზუსტი, საქმესთან კავშირში მყოფი, დროული და სრული;

კ) პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვისას აცნობოს შესაბამის პირს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები; სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი მისთვის პერსონალური მონაცემების მიცემა; პერსონალურ მონაცემთა წყაროები და შემადგენლობა; აგრეთვე იმ მესამე პირების შესახებ, რომელთაც შეიძლება გადაეცეთ პერსონალური მონაცემები.

მუხლი 44. პერსონალური მონაცემების საიდუმლოება (2.03.2001 N 772)

1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.

2. პირს უფლება აქვს პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობაზე უარის თქმის შესახებ საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში.

3. სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება პერსონალური მონაცემების განსაიდუმლოების შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სხვა მტკიცებულებებით საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა და ამოიწურა სხვა წყაროდან ამ ინფორმაციის მიღების ყველა სხვა შესაძლებლობა.

მუხლი 45. პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობა

პერსონალური მონაცემები შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად მხოლოდ პირის იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით.

მუხლი 46. მონაცემებში შესწორების შეტანა ან მათი განადგურება

პირს უფლება აქვს მოითხოვოს მონაცემებში შესწორების შეტანა ან უკანონოდ მოპოვებული მონაცემების განადგურება. პერსონალური ინფორმაციის შეგროვების კანონიერების თაობაზე მტკიცების ტვირთი ეკისრება საჯარო დაწესებულებას. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანამდე პირის განცხადება საჯარო ინფორმაციის უზუსტობის შესახებ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და თან უნდა დაერთოს მას. აღნიშნულ საკითხზე საჯარო დაწესებულება ან საჯარო მოსამსახურე გადაწყვეტილებას იღებს 10 დღის ვადაში.

მუხლი 47. გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა. ზიანის ანაზღაურება

1. პირს აქვს უფლება საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოსამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, აგრეთვე მოითხოვოს ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება:

ა) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის, კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის სრული ან ნაწილობრივი დახურვის, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოებისას;

ბ) არასწორი საჯარო ინფორმაციის შექმნისა და დამუშავებისათვის;

გ) პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელებისას, აგრეთვე მათი სხვა პირისა ან საჯარო დაწესებულებისათვის უკანონოდ გადაცემისას;

დ) საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოსამსახურის მიერ ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევისას.

2. მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე საჯარო დაწესებულებას ან საჯარო მოსამსახურეს.

მუხლი 48. სასამართლოს მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამოთხოვა

სასამართლოს მხარის შუამდგომლობით უფლება აქვს გამოითხოვოს და განიხილოს გასაიდუმლოებული საჯარო ინფორმაცია მისი მთლიანი ან ნაწილობრივი გასაიდუმლოების კანონიერების შესწავლის მიზნით. სასამართლოს უფლება აქვს ეს განხილვა აწარმოოს დახურულ სხდომაზე.

მუხლი 49. ანგარიშის წარდგენა

ყოველი წლის 10 დეკემბერს საჯარო დაწესებულება ვალდებულია წარუდგინოს ანგარიში საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს:

ა) საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ;

ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;

გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე;

დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხიმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების შესახებ.

ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ;

ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ. (2.03.2001 N 772)

მუხლი 50. ადრე არსებული საჯარო ინფორმაციის ღიაობა

ამ კოდექსის 28-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია, გარდა კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოებისა, ღიაა, თუ იგი შექმნილი, გაგზავნილი ან მიღებულია 1990 წლის 28 ოქტომბრამდე, ამ ინფორმაციაში მოხსენიებული პირების იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით მათი სიცოცხლის მანძილზე.

თავი IV

>ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (2.03.2001 N 772)
მუხლი 51. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა

1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად.

2. დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.

3. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ არ ვრცელდება ამ კოდექსის 52-ე–58-ე მუხლების მოთხოვნები. მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემული წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება არ აკმაყოფილებდეს ამ კოდექსის 52ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. (24.06.2005. N1801)

მუხლი 52. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები

1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს:

ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს;

ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს;

დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;

ე) გამოცემის დროსა და ადგილს;

ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს.

2. წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.

3. საქართველოს სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს გერბი, მისი არსებობის შემთხვევაში. (24.06.2005. N1801)

მუხლი 521. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები

1. თითოეულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:

ა) ნორმატიული აქტის სახე;

ბ) ნორმატიული აქტის სათაური;

გ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი (თუ ნორმატიულ აქტში შეტანილია ცვლილება ან დამატება, მათი შეტანის თარიღიც);

დ) ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ განსაზღვრული ვადითაა მიღებული);

ე) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა;

ვ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, ხოლო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგ – აგრეთვე სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

2. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი. (24.06.2005. N1801)

მუხლი 53. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება (24.06.2005. N1801)

1. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.

2. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს.

3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

4. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

5. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

6. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობა ითვალისწინებს საექსპერტო დასკვნის არსებობას, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი.

7. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ:

ა) ის გამოცემულია დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და არ ზღუდავს მესამე პირების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს;

ბ) დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

გ) კანონი ითვალისწინებს მისი დასაბუთების გარეშე გამოცემის შესაძლებლობას.

8. გადაუდებელი აუცილებლობით წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების გარეშე გამოცემის შემთხვევაში წერილობითი დასაბუთება აუცილებლად უნდა გამოიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთი კვირის ვადაში.

მუხლი 54. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა

1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.

2. კანონით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას, აგრეთვე პირის უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს.

3. დაინტერესებული მხარისათვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაინტერესებულ მხარეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ მიუღია.

4. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. (24.06.2005. N1801)

მუხლი 55. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება

1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოქვეყნდება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2. თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეხება 50-ზე მეტ პირს, მისი ოფიციალური გაცნობა შეიძლება შეიცვალოს გამოქვეყნებით. ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გასაცნობად გადაეცემა მხოლოდ განმცხადებელს, ხოლო თუ განცხადებას ხელს აწერს რამდენიმე პირი – პირს, რომლის ხელმოწერაც განცხადებაში პირველია. (24.06.2005. N1801)

მუხლი 56. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების წესი

1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

2. თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც, ან გამოცხადდეს საჯაროდ.

3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წინასწარ განსაზღვროს ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან საჯაროდ გამოცხადების წესი. (24.06.2005. N1801)

მუხლი 57. საჯაროდ გამოცხადება

საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, ღიად განთავსებას. აუცილებლობის შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯაროდ გამოცხადდება აგრეთვე სხვა საჯარო ადგილას. (24.06.2005. N1801)

მუხლი 58. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის წესი

1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.

2. ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიუღებლობის შემთხვევაში პირს უფლება აქვს მისი ასლი მიიღოს ადმინისტრაციულ ორგანოში. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლის გაცემისათვის რაიმე გადასახდელი არ გადაიხდევინება. (24.06.2005. N1801)

მუხლი 59. შეცდომების გასწორება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში

1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.

2. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

3. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისათვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის. (24.06.2005. N1801)

მუხლი 60. არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ:

ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა;

ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ;

გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო;

დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

2. არარა აქტების მიმართ არ ვრცელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისათვის ამ კოდექსით დადგენილი ვადები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით არარად აღიაროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. (24.06.2005. N1801)

მუხლი 60. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

4. დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

5. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

6. თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი.

7. ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა:

ა) მისი ძალაში შესვლის დღიდან;

ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან;

გ) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.

8. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა ხდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისათვის დადგენილი წესით. (24.06.2005. N1801)

მუხლი 61. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება

1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

2. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:

ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში;

ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში;

გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი;

დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს;

ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიეროტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად ცხადდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წესით.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და "ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაინტერესებულ მხარეს, რომელსაც მიადგა ზიანი, მისი მოთხოვნის საფუძველზე მიეცემა ანაზღაურება, თუ მას გააჩნდა კანონიერი ნდობის საფუძველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების მიმართ. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის მე-60 მუხლის მე-5 ნაწილი.(2.03.2001 N 772)

5. ზიანის ანაზღაურების ოდენობას საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე ადგენს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც ძალადაკარგულად გამოაცხადა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

6. ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამ მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში შესაძლებელია განისაზღვროს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება. (24.06.2005. N1801)

7. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.

მუხლი 62. ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ნაწილის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება

1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება უნდა მოხდეს ამ კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სხვა ნაწილების ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებას.

მუხლი 63. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანა

1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს.

2. ადმინისტრაციულ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

მუხლი 64. დოკუმენტის დაბრუნება

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ორგანოს შეუძლია მოსთხოვოს პირს ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გაცემული და რაიმე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დაბრუნება. (24.06.2005. N1801)

 Copyright 2006 All rights reserved