Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
„დაუდ ფაშა, გამორჩეული ხიბლით, ევროპელ ხელმწიფეებს უფრო ჰგავს, ვიდრე აღმოსავლეთის მრძანებელს“ (ფრანგი ოშე-
დუა);
„დაუდ ფაშა იყო დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ფრიად განსწავლული, დიდი ფილოსოფოსი, კანონმდებელი, განმანათლებელი,
რომელმაც ბრწყინვალე რეფორმების წყალობით ერაყი აღმავლობის გზაზე დააყენა“... (არაბი მეცნიერი ალ-აზ-ზავი); ის იყო უდიდესი
ადამიანთაგანი, რომელიც თანამედროვეთაგან გამოირჩეოდა განსაკუთრებული იდეალებით. მშვიდობის დროს იყო მჭერმეტყველი
და მხიარული, ხოლო ბრძოლაში უმამაცესი. სიკეთესა და თავმდაბლობაში მას ბადალი არ ჰყავდა“ (ისტორიკოსი იზ-ად დინიუსეფი);
„მისი ფილოსოფია უფრო პროგრესული იყო, ვიდრე რომის იმპერატორის, მარკუს ავრელიუსის“ (ინგლისის მეცნიერი ლონგრიგი). ასე
მოიხსენიებდნენ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-ისტორიკოსები წარმოშობით ქართველ დაუდ-ფაშა გურჯს, ერაყის უკანასკნელ
მამლუქსა და გამგებელს 1817-1831 წლებში.
დაუდ-ფაშას მშობლები ორბელიანების ყმები იყვნენ, გვარად მანველაშვილები. პატარა დავითი ბავშვობაში ტყვეთა
მოვაჭრეებმა გაიტაცეს და ოსმალეთში გაყიდეს. დავითი მასსავით ქართველ, ბაღდადის ფაშა სულეიმან ბუიუქთან მოხვდა, რომელმაც
მამლუქთა სასწავლებელში მიაბარა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. დაუდ-ფაშა, როგორც კი
ერაყის მმართველი გახდა, ოსმალეთის სულთანს განუდგა და დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა. არმია ევროპულ ყაიდაზე
გარდაქმნა, თუმცა 1831 წელს დაუდ-ფაშა თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა და დანებდა. 1834 წელს ბოსნიის გამგებლად
გადაიყვანეს, მოგვიანებით კი სტამბოლში, სადაც სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. იგი 1851 წელს მედინაში გარდაიცვალა.
დაუდ-ფაშას წარმატების ჟამს არ დავიწყნია თავისი ოჯახი და კერა, ყმობიდან  გამოიხსნა ისინი. შინაგან საქმეთა სამინისტროს
არქივში ინახება წერილი, რომელიც დედას მისწერა. წერილში დაუდ-ფაშა თავის ძმებსა და ნათესავებს მოკითხვას უთვლის და
დედისგან დალოცვას ითხოვს.
dadu fasha
დაუდ ფაშა