Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ნინა ჩიჩუა-ბედია  ძველი ბოლშევიკის, იმელის დირექტორის, გაზეთ  ,,კომუნისტის” რედაქტორის, ერიკ (ერმილე) ბედიას  მეუღლე გახლდათ. ბედიამ დაწერა წიგნი _ ,,ამიერკავკასიის ბოლშევიკების ისტორია”, რომელიც ბერიამ მიისაკუთრა. ამის გამო ერთ-ერთ წვეულებაზე ნინამ ხმამაღლა ამხილა ბერია. ეს უკანასკნელი დაემუქრა, -Ты много болтаешь, смотри, я тебе вырву язык! (ბევრს ყბედობ, მაცალე, მე შენ ენას ამოგაძრობო), მოგვიანებით, ბერიამ ეს მუქარა წარმატებით შეასრულა. ჯერ ერიკ ბედია დააპატიმრა და დახვრიტა, შემდეგ მისი მეუღლე.
მტკიცე ქალბატონი ყოფილა ნინა ბედია. თურმე,როცა მის ბინაში ტყავისქურთუკიანები მივიდნენ, ნინა ბედია დაუპატიჟებელ სტუმრებს იარაღით ხელში დახვდა  (იარაღს ბალიშის ქვეშ ინახავდა) და აიძულა, დალოდებოდნენ, სანამ შხაპს მიიღებდა, ჩაიცვამდა, წასასვლელად მოემზადებოდა.
ქალს სიმტკიცე საპატიმროშიც არ დაუკარგავს. ამბობდნენ, ერთხელ ბერიას ჩვეულ კითხვაზე: ,,ვინ დაწერა ,,ამიერკავკასიის ბოლშევიკების ისტორია?”, შეჰყვირა: ,,ერიკმა, ერიკმა”, თან ლავრენტი პავლოვიჩს საფერფლე ესროლა. კაცმა იარაღი ამოიღო და კაბინეტშივე დახვრიტა”.
ოფიციალერი ვერსია კი ასეთი იყო: ,,საქ. სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ გამოაშკარავებულ და ლიკვიდირებულ იქნა მსხვილი მემარჯვენე ანტისაბჭოთა ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ამოცანად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას, საქართველოს სსრკ-დან გამოყოფასა და ,,დამოუკიდებელი” საქართველოს სახელმწიფოს შექმნას ერთ-ერთი მსხვილი კაპიტალისტური ქვეყნის პროტექტორატის ქვეშ საბჭოთა მთავრობისა და სკპ (ბ) ხელმძღვანელების მიმართ ინდივიდუალური ტერორის გზით, ქვეყნის ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების შესუსტების მიზნით სახალხო მეურნეობაში დივერსიულ-მავნებლური სამუშაოების გაშლის გზით.
ძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბედია, რომელიც არის საქართველოში მოქმედი მემარჯვენე ანტისაბჭოთა ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის, ერმილე ბედიას მეუღლე, იყო ამ ორგანიზაციის დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის კურსში და  იცოდა საქ. კომპარტიის ცკ-ის მდივნის, ამხ. ბერიას წინააღმდეგ მიმართული  ტერორისტული აქტის მომზადების შესახებ. ბრალდებული ნინა ბედია ყველანაირად აღვივებდა თავისი მეუღლის ტერორისტულ განწყობილებას  და უბიძგებდა ამ მიმართულებით აქტიური ქმედებისკენ”. 
საქ. სსრ შინსახკომის სამეულის სხდომის  1937 წლის 7 დეკემბრის დადგენილებით  ნინა ბედიას მიესაჯა დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია.
მისი ბედის შესახებ ოჯახის დანარჩენმა წევრებმა არაფერი იცოდნენ. სწორედ ამაზე მიუთითებს დედის, ეკატერინე ნიკოლოზის ას. ჩიჩუას    1946 წლის 12 იანვრით დათარიღებული სტალინისადმი მიწერილი განცხადება, რომელსაც ამჟამად გთავაზობთ: ,,ჩემი ქალიშვილი, ნინა დიმიტრის ას. ჩიჩუა-ბედია, დაბადებული 1905 წელს, საქ. სსრ შინსახკომის ორგანოების მიერ თბილისში იქნა რეპრესირებული 1937 წლის 19 ოქტომბერს. ამის შემდეგ მის შესახებ არანაირი ცნობა მქონია.
ეხლა, როცა ჩვენმა სახელოვანმა წითელმა არმიამ და სამხედრო-საზღვაო ფლოტმა საბოლოოდ სძლია წყეულ მტერს, გთხოვთ, უარი არ მითხრათ ჩემსთხოვნაზე და გამაგებინეთ, ცოცხალია თუ არა ჩემი ქალიშვილი, და თუ შესაძლებელია, გამაგებინეთ მისი ადგილ-სამყოფელი”. 
უპასუხა თუ არა დიდმა ბელადმა ამ წერილს, უცნობია, ისევე, როგორც უცნობია ბევრი შვილის, დედის, ცოლის  საბოლოო ხვედრი და განსასვენებელი.
chichuas cerili
ნინა ბედიას დედის წერილი სტალინს