Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ქრონიკა
ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი
წერილი, რომელსაც გთავაზობთ, კიდევ ერთი დასტურია  
იმისა, რომ ქართველი ქალი _ პროგრესულად  
მოაზროვნე, გაბედული და უშიშარი, არასდროს  
ეპუებოდა არსებულ სიძნელეს და მიუხედავად ასაკისა  
და სოციალური მდგომარეობისა, ყოველთვის ფხიზლად  
იდგა ერის სადარაჯოზე (სტილი დაცულია).

                             ,,ძველო ნაცნობო ფილიპე!

ამას წინეთ მწერალთა კავშირის კრებაზე შალვა ელიავამ  
აღნიშნა, რომ ,,ბალშევიკები” დიდ მნიშვნელობას  
აძლევენ კულტურას და ყველგან შეაქვთ კულტურა. ამის  
მაგალითი უსათუოთ იქნება ერივანი და ბაქო. მაგრამ ამ  
გვარი ლათაიებით ვერ დააჯერებთ ჩემისთანა  
მოხუცებულს.  
ამბობენ გარშემო ბევრი ჯაშუშები ტრიალებენ და პირში  
წყალი ჩაიგუბეთ, მე კი ვშიშობ  წყალმა არ  დამახრჩოს  
და სჯობია დამსაჯოთ. სარჩო საბადებელი აღარა მაქვს,  
გარდა ქართული წიგნებისა, რომელიც ამისთანა საერთო  
შიმშილობის დროს არავისთვის საჭირო არ არი და  
თქვენი ხელით ჩემი სიკვდილი კი მატიანეში იქნება
ორიოდ სიტყვით იყოს აღნიშნული და მე ამითი სულით დაკმაყოფილებული ვიქნები.
ხალხის ბრბო, რომელიც ვერ მოაწყობს თავის ოჯახის საქმეს და ცეცხლითა და მახვილით დევნის ინტელიგენციას, რა  
კულტურის შემოღება შეუძლია! კალიასავით რომ მოუსიეთ ჩვენ ტურფა საქართველოს ბრბო გასანადგურებლად,  
შეგრჩებათ  თუ არა - ამის მნახველი, რასაკვირველია, მე ვერ ვესწრები და მომავალი ქართველობა კი დააფასებს.

  ,,კვალის’’ ყოფილი რედაქტორი ანასტასია წერეთლისა
                                                                                      1921 წელი, 10 მარტი.“

P. შ. მდიდარი და მრავალფეროვანია ანასტასია მიხეილის ასულ თუმანიშვილის ბიოგრაფია. დაიბადა 1849 წლის 25  
აგვისტოს, ლიტერატურული ტრადიციებით მდიდარ ოჯახში. დაამთავრა მადამ ფავრის პანსიონი, 1865 წელს კი -  
კეთილშობილ ქალთა პანსიონი, 1872 წელს დიმიტრი ყიფიანის ქალიშვილებთან ერთად შექმნა ,,ქალიშვილთა წრე“,  
რომელიც ქართველი ქალის საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლას ისახავდა მიზნად. 1876 წელს იმოგზაურა  
საფრანგეთსა და შვეიცარიაში, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი უფრო აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში.   
გახლდათ ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის წევრი; საზეიმოდ გახსნა სკოლა  
თავის სოფელ ხელთუბანში, გორის მახლობლად; 1886 წელს დააარსა ,,მასწავლებელთა და აღმზრდელთა საურთიერთო  
დახმარების ქალთა საზოგადოება“, რომლის უცვლელი თავმჯდომარე გახლდათ 33 წლის განმავლობაში; 1890 წელს  
გამოუშვა საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული ჟურნალი ,,ჯეჯილი“; 1893 წელს გიორგი წერეთელთან ერთად  
დაიწყო ილუსტრირებული ჟურნალის- ,,კვალის“ გამოცემა.  
რაც შეეხება მის ლიტერატურულ საქმიანობას, 1881-1884 წლებში გაზეთ ,,დროებაში“აქვეყნებდა მოთხრობებსა და  
სტატიებს: ,,მოლოდინი“, ,,ნუცა“, ,,ინსტიტუტკას დღიური“, ,,მამის მსხვერპლი“ და სხვ. თარგმნილი აქვს ვალტერ სკოტის  
,,ჰირლანდელი“, ,,რობინზონ კრუზო“, ,,ტახტის მემკვიდრე“, ,,მათხოვარი“, ,,ლანშის კომედია“ და სხვ. მის მიერაა  
გამოცემული ლამაზად გაფორმებული საბავშვო წიგნები: ,,მოლაღური“, ,,ხუთი ამბავი“, ,,ხატაური“ და სხვ.  
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ამ ღირსეული ქალბატონის ღვაწლისა და დამსახურებისა. ანასტასია თუმანიშვილი  
წერეთელი გარდაიცვალა 1932 წლის  7 თებერვალს, დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.