GEO / ENG

წინააღმდეგობის აღორძინება

1965-1985 წლები საბჭოთა კავშირის ისტორიაში "უძრაობის" პერიოდადაა მოხსენიებული. ეს მართლაც უძრაობა იყო. სახელმწიფო, რომელიც გეგმების "წარმატებით" შესრულებაზე იყო მხოლოდ ორიენტირებული, ყველა სფეროში შეიმჩნეოდა, რომ სულს ღაფავდა. საქართველოში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში გამწვავებული იყო სოციალური პრობლემები: დაბალი ხელფასები, გადაუჭრელი საბინაო საკითხები, მოხმარების საგნების დეფიციტი, თუ არაფერს ვიტყვით საშინელ კორუფციასა და გაბატონებულ პროტექციონიზმზე. საბჭოთა კავშირს უჭირდა შინ და გარეთ... უდიდესი პროპაგანდისტული მუშაობის შედეგად შექმნილი მითი "მშვიდობისმოყვარე" საბჭოთა ქვეყნის შესახებ ხელის ერთი მოსმით საბოლოოდ გაქარწყლდა, როცა 1979 წელს საბჭოთა არმია ავღანეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. ეს ბინძური, დამპყრობლური და არაპოპულარული ომი ფაქტიურად დაშლის პირას მისული სახელმწიფოს აგონია იყო.. რაღაც უნდა შეცვლილიყო, საქართველოს კი საკუთარ თავზე მართებდა ზრუნვა...

ყველაფერი კი ზოგადად იქიდან დაიწყო, რომ 1975 წელს ჰელსინკში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის მონაწილე სახელმწიფოთა თათბირი შედგა. აშშ-ს, კანადისა და ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, სადაც განსაზღვრული იყო ურთიერთობათა რეგულირების პრინციპები ამ ქვეყნებს შორის. აღნიშნული პრინციპები ითვალისწინებდა სუვერენულ თანასწორობას, საზღვრების ურღვეობას, ძალის გამოუყენებლობასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას. ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ასევე საბჭოთა კავშირმა და მასში შემავალი რესპუბლიკების წარმომადგენლებმა. ამ დოკუმენტის ერთ-ერთ პუნქტში მითითებული იყო, სათანადო ყურადღება მიქცეოდა ადამიანის უფლებებს, აზრის, სინდისის, რწმენისა და საკუთარი ბედის გამგებლობის უფლებებს...ამრიგად, საბჭოთა კავშირი იძულებული გახდა დაეშვა პირველი არაკომუნისტური ორგანიზაციების შექმნის პრეცენდენტი.

1976 წელს საქართველოში ოფიციალურად დაარსდა ე.წ "ჰელსინკის ჯგუფი",რომლის დაარსების ინიციატორები იყვნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ბეგო ბეჟუაშვილი, ვიქტორ რცხილაძე.. ამავე წელს ამ ჯგუფმა ზვიად გამსახურდიას რედაქტორობით გამოსცა ჟურნალი "საქართველოს მოამბე". აღნიშნულ ჟურნალში იბეჭდებოდა სტატიები, რომლებშიც განხილული იყო ქართული ენისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები, ქართველ პოლიტპატიმართა მდგომარეობა და მწვავე ეროვნული საკითხები. ეს ორგანიზაცია თავისი არსითა და მოღვაწეობით სრულიად ეწინააღმდეგებოდა კომუნისტურ რეჟიმს, ამიტომ შედეგმაც დიდხანს არ დააყოვნა – იგი მწვავე რეაგირების ობიექტი გახდა. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა 1978 წელს დააპატიმრეს და გაასამართლეს.

1978 წელს მომზადებული იყო ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელშიც ქართულ ენას სახელმწიფო სტატუსი აღარ ექნებოდა შენარჩუნებული. ამ ფაქტმა ქართული საზოგადოება და სტუდენტი ახალგაზრდობა ქუჩაში გამოიყვანა, პროტესტის ფორმა მეტად ცივილური იყო, მაგრამ დიდი თავსატეხი გაუჩინა ცენტრალურ კომიტეტს. 14 აპრილს სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეკრებილი ადამიანები პრინციპულად მოითხოვდნენ ენის სტატუსის აღდგენას. მოსალოდნელი იყო დიდი სისხლისღვრა, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ ამჯერად შეძლო მოსკოვი დაერწმუნებინა ხალხისთვის დაეთმო. ქართული ენა ახალ კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის სტატუსით დარჩა. 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები შემთხვევითი არ იყო, ამ დროისათვის საზოდადოების ყურამდე უკვე აღწევდა სტუდებტებისგან, ინტელიგენციის წარმომადგენლებისა და ფარულად თუ ღიად მოქმედი დისიდენტური წრეებისგან ხელისუფლებისათვის არასასურველი ინფორმაცია. ეროვნული მოძრაობა თანდათანობით ჩამოყალიბებულ, მოქმედ სახეს იღებდა საქართველოში.

ქართველი პოლიტიკური პატიმრების ბედზე დიდი გავლენა მოახდინა ამ დროისათვის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მსოფლიოში მიმდინარე იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულმა კომპანიამ, რომელსაც სათავეში ჩაუდგა აშშ-ს პრეზიდენტი რონალდ რეიგანი. მიხეილ გორბაჩოვის გაპირველკაცებისთანავე პოლიტპატიმრები გაათავისუფლეს. დაიწყო ე.წ "პერესტროიკის" პერიოდი, სადაც საჯაროობასა და ადამიანის უფლებებზე დაიწყეს ამ პროცესის მესვეურებმა ღიად ლაპარაკი... მოკავშირე რესპუბლიკებში დაიწყო ეროვნული მოძრაობები, საქართველოში ამ მოძრაობამ განსაკუთრებული სიმძლავრით იფეთქა, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ეს პროცესი ფარულად თუ ღიად მუდმივად მიმდინარეობდა დღიდან საქარველოს ანექსიისა.

1987 წლისათვის უკვე გათნთავისუფლებულები იყვნენ პატიმრობიდან მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ირაკლი წერეთელი, ლევან ბერძენიშვილი, დავით ბერძენიშვილი, ზურაბ გოგია, თამარ ჩხეიძე, ბორის კაკუბავა, ნანა კაკაბაძე და სხვები.. ეს ადამიანები გათავისუფლებისთანავე ჩაებნენ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოძრაობაში. დაარსდა არარეგისტრირებული, მაგრამ ლეგალური არასაბჭოთა საზოგადოებრივი გაერთიანება - ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, რომლის დამფუძნებელი კრებაც 1987 წლის 11 დეკემბერს ჩატარდა. მანამდე საქართველოში მოქმედებდა "ქართველ პატრიოტ ერისკაცთა მრგვალი მაგიდა", თამარ ჩხეიძის არასახელდებული ორგანიზაცია, არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი პარტია გიორგი ჭანტურიას, მამუკა გიორგაძის, ირაკლი ქადაგიშვილის, ავთანდილ ანთაძისა და სხვათა შემადგენლობით, იატაკქვეშეთში იყო საქართველოს რესპუბლიკელთა პარტია ლევან ბერძენიშვილის, დავით ბერძენიშვილისა და ვახტანგ ძაბირაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნული განთავისუფლების ორგანიზაცია ჯონი ლაშქარაშვილისა და გურამ გოგიბაიძის ხელმძღვანელობით, ზურაბ გოგიასა და ავთანდილ ღლონტის ჯგუფი, საქართველოს დამოუკიდებლობის კავშირი ირაკლი წერეთელის, მამუკა ნებიერიძის, დავით ხიდაშელისა და სხვათა შემადგენლობით..

ეროვნული მოძრაობის მთავარ საყრდენ ძალად უნივერსიტეტის სტუდენტობა მოიაზრებოდა. სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს პრესკლუბი, რომელსაც დათო ტურაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, თედო ისაკაძე და სხვები უძღვებოდნენ. 1988 წელს, სექტემბერში სტუდენტებმა დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიიდან საბჭოთა ჯარების საარტილერიო პოლიგონის გადატანა მოითხოვეს. 20, 21, 28 სექტემბერსა და 4 ოქტომბერს დედაქალაქში მიტინგები ჩატარდა. ყველაზე დიდი თავისი მასშტაბით 21 სექტემბრის დემოსტრაცია იყო. ამ დღეს უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან 5000-მდე ადამიანმა მოიყარა თავი. 1988 წლის 12 ნოემბრის დემოსტრაციამ კი მოლოდინს გადააჭარბა, იპოდრომის ტერიტორიაზე 25000-მდე ადამიანი მივიდა. ეროვნული მოძრაობის ლიდერთა და ქართული საზოგადოების მსჯელობის საგანი ამჯერად გახდა ცენტრალური ხელისუფლების მცდელობა გაეუქმებინა სსრკ-ს კონსტიტუციის ის მუხლი, რომლის თანახმადაც მოკავშირე რესპუბლიკები უფლებას იტოვებდნენ გასულიყვნენ სსრ კავშირის რიგებიდან მაშინ, როცა მათ ეს მოესურვებოდათ. აღნიშნული ცვლილებების შეტანა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაშI საკმაოდ მზაკვრული გეგმა იყო და შანსს არ უტოვებდა საქართველოს—მშვიდობიანი, კანონიერი გზით აღედგინა დაკარგული სუვერენიტეტი. ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ინიციატივით ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა მთავრობის სახლის წინ სიმსილობა გამოაცხადა.ეს აქცია 21 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე გაგრძელდა. საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მოითხოვა აღნიშნული შესწორებების ამოღება,მოსკოვმა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და თბილისში მიმდინარე აქცია შეწყდა.

1988 წლის შემოდგომიდან ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენელთა ანტისაბჭოურად განწყობილმა ნაწილმა გადაწყვიტა შეექმნათ ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში ფუნქციონირებადი სახალხო ფრონტის მოდელი საქართველოში.ამ მოძრაობაში გაერთიანდნენ ნოდარ ნათაძე, მერაბ მამარდაშვილი, ნემო ბურჭულაძე, ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, თემურ სუმბათაშვილი, რევაზ შავიშვილი.. და სხვები. საქართველოს სახალხო ფრონტის ინიციატორებს სურდათ ამ ორგანიზაციის სახით შეექმნათ საბჭოთა ხელისუფლების მიერ ოფიციალურად რეგისტრირებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც იზრუნებდა ქვეყნის პოლიტიკურ ეკონომიკურ და კულტურულ აღორძინებაზე. მას მჭიდროდ უნდა უნდა ეთანამშრომშრომლა ეროვნულ ძალებთან.

1989 წლის 8 თებერვალს ჩატარდა ხალხმრავალი მანიფესტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში. მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ამ მოთხოვნამ კვლავ გაიჟღერა 25 თებერვლის აქციაზე. ეროვნული მოძრაობის მიერ ორგანიზებული ეს აქციები უკვე მკვეთრად გამოხატულ ანტისაბჭოურ ხასიათს იღებდა. 25 თებერვალი ანუ გასაბჭოების დღე, მომიტინგეებმა გლოვის დღედ გამოაცხადეს. ხელისუფლება იმ დღეებში ტელევიზიისა და პრესის საშუალებით ანტიეროვნულ პროპაგანდას ეწეოდა, რათა არ დაეშვა მიმდინარე მოვლენები გადაზრდილიყო მასობრივი ხასიათის უმართავ პროცესში. მილიციის ხელკეტებით შეიარეღებულმა რაზმმა დაარბია აქცია და დააკავა დემოსტრანტების ნაწილი. ხელისუფლებამ დაკავებულები იმავე დღეს გაათავისუფლა.

1989 წლის 25 მარტს შედგა ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის დამფუძნებელი კრება პარტიის წევრები გავიდნენ და შეუერთდნენ ხალხმრავალ მსვლელობას, რომელსაც მიუძღოდნენ ზვიად გამსახურდია, თემურ ქორიძე, ნიკო ნორაკიძე, კოკა გაწერილია. 2 აპრილს წმინდა ილია მართლისა და ეროცნული დამოუკიდებლობის პარტიის ინიციატივით განსაკუთრებით მწვავე პოლიტიკური აქცია დაიწყო რუსთაველის მოედანზე.დემოსტრანტები მოედნიდან მთავრობის სახლისკენ დაიძრნენ რუსთაველის გამზირზე, გალერეასთან მათ გაარღვიეს მილიციის კორდონი და მთავრობის სახლის კიბეები დაიკავეს. მიტინგზე თავიდან განიხილებოდა ლიხნში აფხაზი სეპარატისტების მიერ მიღებული გადაწყვეტილება—საქართველოს შემადგენლობიდან გასვლისა და რუსეთთან შეერთების თაობაზე. მომიტინგეები მოითხოვდნენ აფხაზეთის ავტონომიის გაუქმებას...

3 აპრილს დიდი მიტინგი მოეწყო სოხუმში, სუბტროპიკული ინსტიტუტის ეზოში. ამ მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი, დიმა ჯაიანი, ვოვა ვეკუა, ნუგზარ მგალობლიშვილი და სხვები.. მიტინგის დამთავრების შემდეგ ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 4 აპილიდან საჭირო იყო დაწყებულიყო მასობრივი პოლიტიკური აქციები დედაქალაქში აფხაზეთში მცხოვრები ქართველების სოლიდარობის გამოსახატავად. მართლაც, 4 აპრილიდან თბილისში უწყვეტი პოლიტიკური აქციები დაიწყო. მომიტინგეებს შეუერთდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები.

აფხაზეთის ავტონომიის გაუქმების თემამ მეორეხარისხოვან მოთხოვნათა რიგში გადაინაცვლა. უკვე აქტიურად გაიჟღერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნამ. რამოდენიმე ათეული ადამიანისაგან შემდგარმა მომიტინგეთა ჯგუფმა შიმშილობა დაიწყო. აქციებს მასობრივი ხასიათი მიეცა. მთავრობის სახლის წინ იდგა ლამის სრულიად საქართველო. უკან დახევა აღარ შეიძლებოდა. მთელი ერი მობილიზებული იყო კანონიერი გზით, კონსტიტუციური უფლებით მოეთხოვათ და მიეღწიათ დამოუკიდებლობისათვის.

1989 წლის 8 აპრილს საქართველოს რესპუბლიკური აქტივის კრებამ, მოსკოვთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება მომიტინგეთა მიმართ მკაცრი ზომების გატარების აუცილებლობის შესახებ. 9 აპრილის დილისათვის მიტინგის დასაშლელად მობილიზებული იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარის ნაწილები და საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების სადამსჯელო რაზმები. სპეცოპერაციას გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. გამთენიისას, 4 საათზე მომიტინგეებს დამსჯელებმა ყველა მხრიდან შემოარტყეს ალყა. ისინი შეიარაღებულები იყვნენ ალესილი ნიჩბებითა და ხელკეტებით, მომწამვლელი გაზის ბალონებით. მოშიმშილეებზე მიტანილი იერიშის სისასტიკემ ზღვარს გადააჭარბა, ცემდნენ, ნიჩბებით ჩეხავდნენ, მომწამლელი გაზის საშუალებით აიძულებდნენ გაქცეულიყვნენ მიტინგის მონაწილეები...სისხლიანი ანგარიშსწორება მალე დამთავრდა, რამოდენიმე წუთში, ოპერაციის შედეგად კი 19 მოკლული ადამიანის გვამი დარჩა მთავრობის სახლის წინ. 2000- ზე მეტი ადამიანი გაზით მოიწამლა, გაზის გამოყენების ფაქტს დიდი ხნის განმავლობაში არ აღიარებდა ოფიციალური მოსკოვი.ხელისუფლებამ თბილისში საგანგებო წესები შემოიღო. რუსეთის იმპერიის დაუნდობელი ხელი, როგორც არაერხელ, კვლავ მოხვდა საქართველოს, მაგრამ 9 აპრილმა , თავისი ტრაგიკული შედეგების მიუხედავად, დიდი როლი შეასრულა დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარი ქვეყნის ბედზე.