GEO / ENG

სვიმონ ციციშვილი

მე-2 მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ქვეყანას ნებით თუ იძულებით თავშეფარებულ ხალხს მიწის ყივილი მოსვენებას არ აძლევდა...

დაახლოებით 25 წლის წინ ემიგრირებულ ციციშვილების ოჯახსაც მოეძალა ნოსტალგია და გამარჯვებული ქვეყნის ხელისუფლებას სამშობლოში დაბრუნების ნებართვა სთხოვა.

1947 წელს დიდი ხნის ოცნება ახდა. მამამ, სიძე-ქალიშვილისა და 2 შვილიშვილის თანხლებით, საქართველოს მადლიან მიწაზე ფეხი კვლავ დადგა.

მაგრამ მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1951 წლის 4 დეკემბერს რეემიგრირებული ოჯახის 3 წევრი საბჭოთა უშიშროების თანამშრომლებმა ციხეში გამოკეტეს. მათ ბრალად დასდეს სამშობლოს ღალატი, საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდება და აგიტაცია-პროპაგანდა, აგრეთვე ყოველგვარი ორგანიზებული ქმედება მიმართული დანაშაულის მომზადებისა და ჩატარებისათვის.

სიმონ ციციშვილი და მისი ოჯახის წევრები საბჭოთა პოლიტიკური სისტემისათვის მეტად არასასურველი ფიგურები აღმოჩნდენ.

სიმონ არჩილის ძე ციციშვილი დაიბადა 1886 წელს ქარელის რაიონში, ერთ-ერთი თავადის ოჯახში, რომელმაც თავის დროისათვის კარგი განათლება მიიღო და ინჟინერ-ნავთობგეოლოგის სპეციალობას დაეუფლა. რა თქმა უნდა, ოჯახური მდგომარეობა თავის დაღს დაასვამდა ჭაბუკი სიმონის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე, 1906 წლიდან სოციალ-ფედერალისტთა პარტიის აქტიური წევრი თანაუგრძნობდა და თანამშრომლობდა მენშევიკურ მთავრობასთან.

1920 წელს, ვიდრე საქართველოში ბოლშევიკების წითელი დროშა აფრიალდებოდა, მან სამუშაო მიწვევა მიიღო საზღვარგარეთელი ნავთობმრეწველებისაგან. 1921 წელს ს. ციციშვილი საფრანგეთში გაემგზავრა და მალე ნავთობმომპოვებელ საზოგადოებასთან კონტრაქტიც გააფორმა. მას დაევალა კავკასიაში ნავთობის დამუშავებისა და მოპოვების საკითხების კვლევა. ამასობაში საქართველო მე-11 არმიის წითელმა ჯარმა დაიპყრო და ქვეყანის სამართავი სადავეები ბოლშევიკებმა იგდეს ხელთ. მენშევიკური მთავრობის იდეების თანამოაზრე ს. ციციშვილი სამშობლოში აღარ დაბრუნდა. იგი პარიზში დარჩა.

პარიზში გადახვეწილი ქართველები ნოსტალგიას ერთმანეთთან სიახლოვითა და სამშობლოს უკეთეს მომავალზე ოცნებით იქარვებდნენ. ირკვევა, რომ ს. ციციშვილს ახლო ურთიერთობა ჰქონია ნოე ჟორდანიასთან, ევგენი გეგეჭკორთან, აკაკი ჩხენკელთან, ნოე ცინცაძესთან, მიხეილ კედიასთან, ალექსანდრე შონიასთან, გიორგი კერესელიძესთან, ფრიდონ წულუკიძესთან, არჩილ გომართელთან, არჩილ დადიანსა და სხვა ემიგრირებულ პატრიოტებთან.

ქართველებმა პარიზში 1924 წ. შექმნეს ანტისაბჭოთა ორგანიზაცია `თეთრი გიორგი~. ორგანიზაციის აქტიური წევრი და ორგანიზატორი იყო ს. ციციშვილი ლეო კერესელიძესთან ერთად.

მე-2 მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ს. ციციშვილი ბერლინში ჩავიდა და სხვა ემიგრანტებთან ერთად აქტიურად იღვწოდა "ქართული ნაციონალური კომიტეტის" ჩამოყალიბებში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ს. ციციშვილის მიერ შედგენილი ორი სქემა: "საქართველოს სახელწიფო მოწყობისა" და "საქართველოს ეროვნულ-სოციალისტური სამეფოს გარიგებისა".

სიმონ ციციშვილის საქმიანობის აქტიური თანამონაწილენი იყვნენ - ქალიშვილი ელენე ციციშვილი-ლორთქიფანიძე და სიძე ირაკლი დავითის ძე ლორთქიფანიძე.

ემიგრაციის პერიოდში ციციშვილის ოჯახის საქმიანობა და ანტისაბჭოთა გამწყობილება საბჭოთა იმპერიის "ჩეკას" მხედველობიდან არ გამოპარვია. სამშობლოში დაბრუნებული ოჯახის ყველა წევრი მხილებულ იქნა ანტისაბჭოთა საქმიანობაში და შედეგმაც არ დააყოვნა.

საბჭოთა მონსტრის სამართალდამცავმა აპარატმა საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე მეოცნებე პარტიოტებს მკაცრი განაჩენი გამოუტანა: სიმონ ციციშვილს სასჯეჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა, ირაკლი ლორთქიფანიძეს - 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ელენე ციციშვილ-ლორთქიფანიძისას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.