GEO / ENG

საქართველოს ოკუპაცია

1921 წლის იანვარში საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის შესახებ. წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით საქართველოს წინააღმდეგ ომი უნდა შენიღბულიყო და რუსეთის წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო არა როგორც დამპყრობელი, არამედ როგორც იმ მუშებისა და გლეხების მხარდამჭერი ძალა, რომლებიც თითქოს აუჯანყდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას.

1921 წლის 11 თებერვალს რუსი კოლონისტებით დასახლებულ ლორეს რაიონში დაიწყო ინსპირირებული გამოსვლები. 16 თებერვალს ქართველი ბოლშევიკებისგან შეიქმნა საქართველოს `რევოლუციური კომიტეტი~ (`რევკომი~), რომელსაც ვითომდა უნდა ეხელმძღვანელა `საქართველოს მშრომელთა აჯანყებისთვის~.

ჯერ კიდევ დაუპყრობელი საქართველოს `რევკომის~ თავმჯდომარედ რკპ (ბ) კავბიურომ დანიშნა იმ დროს მოსკოვში მყოფი ფილიპე მახარაძე, რომელსაც საქართველოში მხოლოდ ფულის საბეჭდი მანქანა გამოატანა. `რევკომში~ შედიოდნენ მამია ორახელაშვილი, შალვა ელიავა (დახვრიტეს საარქ. #24395), ალექსი (საშა) გეგეჭკორი, ბესარიონ კვრკველია და სხვ.

თბილისის ასაღებად ჯერ კიდევ 11 თებერვალს დაძრული რუსეთის მე-11 წითელ არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან გადაუგდნენ წინ. ცხარე ბრძოლები გაიმართა კოჯრისა და ტაბახმელის მიდამოებში. მტერი წინ ვერ მოიწევდა. ომი უფრო და უფრო სისხლისმღვრელი ხდებოდა.

ქართველთა თავგანწირული წინააღმდეგობის შედეგად 20 თებერვალს მე-11 წითელი არმია უკუგდებულ იქნა. 22 თებერვალსაც გაიმართა ბრძოლა, მაგრამ ოკუპანტებმა მიზანს ამჯერადაც ვერ მიაღწიეს. 23 თებერვალს თბილისში საყოველთაო გლოვა გამოცხადდა: დიდი პატივით დაკრძალეს ბრძოლებში დაღუპულები, მათ შორის, ცნობილი ქართველი პოეტის კოტე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი, მარო, რომელიც მოხალისეთა რაზმში იბრძოდა.

24 თებერვალს კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა. მტერმა შევსება მიიღო, ქართულ ჯარს კი რეზერვები აღარ გააჩნდა. საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ დასავლეთი ევროპის ქვეყნებიდან დახმარება ვერ მიიღო. მიუხედავად თავდადებული ბრძოლისა და დიდი შემართებისა, ქართველები დამარცხდნენ.

ზედმეტი სისხლის ღრვისგან თავის არიდების მიზნით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სარდლობამ და მთავრობამ გადაწყვიტა, თბილისი დაეტოვებინა...

მთავრობა ჯერ ქუთაისში, შემდეგ ბათუმში გადავიდა. მათ მიერ თბილისის დატოვებამ შეარყია ქართველების საბრძოლო სულისკვეთება და ხალხი სულიერად გატეხა...

25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია დედაქალაქში უბრძოლველად შემოიჭრა. იმავე დღეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა…და სამხედრო-ოკუპაციური რეჟიმის დამყარება დაიწყო.

საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება კიდევ უფრო გაართულა 16 მარტს თურქი დამპყრობლების ბათუმში შემოჭრამ. მათ დაიკავეს სამხედრო სიმაგრეები და მოითხოვეს ქართული ჯარების განიარაღება. შეიქმნა ბათუმისა და მთელი აჭარის საქართველოსგან ჩამოშორების რეალური საფრთხე.

საქართველოს დემოკრატიულ მთავრობის წევრებს სხვა გზა აღარ დარჩათ. შექმნილი ვითარებიდან თავის დაღწევისა და სისხლის ღვრის შეწყვეტის მიზნით მათ მოლაპარაკებები დაიწყეს `რევკომის~ წარმომადგენელ აბელ ენუქიძესთან, რომელიც, ფაქტობრივად, რუსეთის ინტერესების მატარებელი იყო.

1921 წლის 18 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან გრიგოლ ლორთქიფანიძემ და `რევკომის~ წარმომადგენელმა მამია ორახელაშვილმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმად ერთადერთ კანონიერ მთავრობად კვლავ, ვიდრე მას ქართველი ხალხი არ გადააყენებდა, `რჩებოდა~ დემოკრატიული მთავრობა.

პარალელურად ამისა რუსეთში დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც თურქეთი აჭარაზე უარს ამბობდა. თუმცა ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა და საქართველოს ჯარმა, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სარდლობით, თურქთა რაზმები ბათუმის ფორტებიდან განდევნა... ბათუმი და მთელი აჭარა კვლავ საქართველოს განუყოფელ ნაწილად დარჩა.

იმავე ღამეს ბათუმში სპეცმატარებლით ჩავიდა სერგო ორჯონიკიძე. მან ბათუმის `რევკომის~ თავმჯდომარე სერგო ქავთარაძესა და ქალაქის სამხედრო კომენდატ გიორგი მაზნიაშვილისაგან ქალაქი ჩაიბარა... ამით რუსი კოლონიზატორების მიერ საქართველოს ოკუპაცია დასრულდა.

ახალმა ბოლშევიკურმა მთავრობამ საქართველოს ქონების განიავება პირველივე დღეებიდანვე დაიწყო. ბათუმში ჩასულ სერგო ორჯონიკიძეს სერგო ქავთარაძემ პატაკის ჩაბარების შემდეგ ჰკითხა:

- რა ვუყოთ ნოე ჟორდანიასი და ნოე რამიშვილის ეტლებს, რომლებიც მათი საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ ბათუმის პორტში დარჩა?

- რა გენაღვლება, ერთი მე-11 წითელ არმიის კავალერიის უფროსს ჟლობას მიეცი, მეორე - კი შენ დაიტოვე! - უპასუხია ს. ორჯონიკიძეს.

საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით და დამფუძნებელი კრების წევრებმა კი ბათუმი დატოვეს და ემიგრაციაში წავიდნენ თურქი დამპყრობლების განდევნის დღესვე, 18 მარტს. თუმცა წავიდნენ ისე, რომ არ უცვნიათ საქართველოს ოკუპაციის ფაქტი და უფლებამოსილება არ მოუხსნია ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელ კრებას. ყოველივე ამას კი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლაში.

ოკუპაციის შემდეგ საქართველოში ხელისუფლების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია დაეკისრა `რევკომს~. მაზრებში, ქალაქებში, სოფლებშიც კი ხელისუფლება ასევე გადავიდა ადგილობრივი `რევკომების~ ხელში. ყოველი საფეხურის `რევკომი~ ზემოდან ინიშნებოდა. საქართველოს `რევკომს~ კი მოსკოვი ნიშნავდა.

`რევკომების~ ამოცანები იყო საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს საბოლოო დაპყრობა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განადგურება.

1921 წლის მარტის ბოლოს 'რევკომმა' მიიღო უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ხალხის მიერ არჩეული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს და დამფუძნებელი კრების დათხოვნის შესახებ. შემდეგ მიყოლებით გაუქმდა აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოები, ადგილობრივი მმართველობები, დაშალეს ქართული ჯარი და სამხედრო გვარდია.

საქართველოში საბჭოთა მმართველობა საბოლოოდ დამყარდა, მაგრამ არ არსებობდა საბჭოები, არჩევნების დანიშვნის კი ხელისუფალთ ეშინოდათ. იცოდნენ, ხალხი ბოლშევიკებს ხმას არ მისცემდა. ამიტომ გადაწყდა, რომ `საქართველო საჭიროებს დაუთოებას ცხელი უთოთი~ (სტალინი, პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომა, 1921 წ. ივნისი).

და, მართლაც, 'ცხელმა უთომ' მრავალი ათასი სიცოცხლე შეიწირა.