GEO / ENG

რუსეთის სამეფო განძი

დაახლოებით 18 ფუთი ოქროს მონეტა, ბრილიანტის უამრავი ქვა და ბრილიანტებით და ალმასებით შემკული ხატები რკინის სამ დიდ ზანდუკში ყოფილა მოთავსებული. იგი რუსეთის სამეფოს და დიდი თავადის მიხეილ ალექსანდრეს ძის (რუსეთის უკანასკნელი მეფის ნიკოლოზი II-ის ღვიძლი ძმა. კომუნისტებმა დახვრიტეს 1918 წელს ქ. პერმის მახლობლად, ტყეში – ავტ.) პირად საკუთრებას წარმოადგენდა.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს დიდ თავადს თავის ადიუტანტ ხან მაკინსკისათვის დაუვალებია პეტროგრადიდან ზემოაღნიშნული განძის გატანა და ყარაჩაელ თავად კუმიკ აიდაბულოვისათვის (ხან მაკინსკის სიმამრი) შესანახად მიბარება. ხან მაკინსკის (დაიღუპა რევოლუციის დროს), კიდევ ორ ადიუტანტსა და ე. წ. "Дикая дивизиа"-ს რამდენიმე მებრძოლთან ერთად დავალება პირნათლად შეუსრულებია. აიდაბულოვს განძი ჩრდილოეთ კავკასიის მთებში ჩაუმარხავს, პროცესის მონაწილეები კი დაუხოცავს.

აიდაბულოვი თავადაც შეძლებული ადამიანი ყოფილა და ამასთანავე - თავგადაკლული მონარქისტიც. იგი იმედოვნებდა, რომ რევოლუცია დამარცხდებოდა და რუსეთში ძველი წყობილება აღდგებოდა. ყოველივე ამის და კიდევ იმის გამოც, რომ მომავალში ანგარიშის ჩაბარება მოუწევდა დიდი თავადისთვის, მას ხელი არ უხლია ჩამარხული განძისთვის.

1920 წელს, ე. წ. "თეთრების" დამარცხების შემდეგ, აიდაბულოვი თავის ოჯახთან ერთად ჩრდ. კავკასიიდან გადმოსულა საქართველოში და ახალ სენაკში, მუშნი დადიანის სახლში უცხოვრია, ხოლო საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი თურქეთში გაქცეულა.

განძის ამოღება აიდაბულოვს ჯერ კიდევ 1921 წელს განუზრახავს და მოლაპარაკებები გაუმართავს საფრანგეთის წარმომადგენლებთან. ფრანგებს ტრაპზონში სანაღმო კატერი გამოუგზავნიათ ექსპედიციის მოსაწყობად, მაგრამ ბოლო მომენტში აიდაბულოვს გადაუფიქრებია და ღონისძიებაც ჩაშლილა. აიდაბულოვი ასევე აწარმოებდა მოლაპარაკებას თურქეთში საბჭოთა სავაჭრო წარმომადგენელთან, ამხანაგ ზალკინთან, მაგრამ იგი აშკარა დაზვერვითი საქმიანობისათვის თურქეთიდან გაუსახლებიათ.

კონსტანტინეპოლში მცხოვრებ აიდაბულოვს (მამედ ბეის) მოსვენებას უკარგავდა განძის დაუფლების სურვილი. იგი დაკავშირებია აფხაზ ემიგრანტ ჯოტო შერვაშიძეს და უთხოვია, მოეძებნა მდიდარი ადამიანი, რომელიც დააფინანსებდა განძეულის ამოსაღებად მოწყობილ ექსპედიციას. მოძებნილ იქნა მილიონერი ვინმე არიფ ბეი. განძეულის არსებობის უტყუარობაში დასარწმუნებლად აიდაბულოვს მისთვის წერილი უჩვენებია, რომელშიც დიდი თავადი სთხოვდა აიდაბულოვს, გადაემალა განძი. წერილს თან ახლდა ძვირფასეულობის აღწერითი ნუსხაც. დარწმუნებულ არიფ ბეის მზადყოფნა გამოუთქვამს, დაეფინანსებინა ექსპედიცია. შეძენილ ყოფილა ძრავიანი მომცრო ზომის გემი სანდო ეკიპაჟით, ზანდუკის გასახსნელად და ხატებიდან ძვირფასი ქვების ამოსაღებად განკუთვნილი ხელსაწყოები. ასევე დაზუსტებულა ექსპედიციის მონაწილეთა შემადგენლობა: აიდაბულოვი, ჯოტო შერვაშიძე და მისი ხალხი - იასონ ჭანტურია (სოციალ-ფედერალისტი), იუსუფ აბაშიძე, იუსუფ ბაკურაძე, რასიმ კოსტ ოღლი (ბათუმელი აფხაზი), ასევე არიფ ბეის ერთგული ექვსი ლაზი, რომელთაგან ორი თურქეთის არმიის ოფიცერი გახლდათ.

იასონ ჭანტურიასთვის, რომელიც თურქეთში პარტიული არალეგალური საქმიანობით ყოფილა დაკავებული, შერვაშიძეს შეუთავაზებია ექსპედიციაში მონაწილეობის მიღება. ჭანტურიას, იმ იმედით, რომ მისი პარტია ამ საქმიდან რამეს გამორჩებოდა, შერვაშიძე დაურწმუნებია ექსპედიციაში პარტიული ორგანიზაციის მონაწილეობის აუცილებლობაში. მისი სიტყვებიდან გამომდინარე, საბჭოთა საქართველოში არალალეგარულად მოქმედ მენშევიკურ ორგანიზაციების გარეშე ექსპედიციის გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე მეტად რთული და სარისკო საქმე იქნებოდა. აიდაბულოვის და არიფ ბეისგან ფარულად მომხდარა შეთანხმება ამოღებული განძის 10 %-ის სანაცვლოდ. ჭანტურია დაკავშირებია სოსიკო მდივანს (ქართველი ემიგრანტი, სოციალ-ფედერალისტი) და გადაწყვეტილა ექსპედიციაში ორგანიზაციის არალეგალურად ჩართვა. სოსიკო მდივანს ყოველივე ამის შესახებ შეუტყობინებია კოწია სალუქვაძისთვის (მენშევიკი), რომელიც იმ დროს საქართველოში იმყოფებოდა. მას თავის თავზე აუღია აფხაზეთში მეგზურად ხალხის მოძებნა და ფარული ბინის შერჩევა. ამასთან ერთად ჭანტურიას კონსტანტინეპოლის ინტერპარტიული კომიტეტიდან მიუღია მანდატი საქართველოში მოქმედი არალეგალური ორგანიზაციების მხრიდან ყოველგვარი და ყოველმხრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე.

ექსპედიციის წევრებს საიდუმლოს შენახვის მიზნით ერთგულების ფიცი დაუდიათ: შერვაშიძეს და ჭანტურიას წმინდა გიორგის ხატზე, მუსულმანებს – ყურანზე. ფიცის დადების რიტუალს არიფ ბეიც დასწრებია.

დასახულა გეგმაც: ექსპედიციის წევრები ზღვით უნდა გადმომსხდარიყვნენ აფხაზეთში. კერძოდ, სოფ. ეშერის მახლობლად. ნაპირზე ჯგუფი გაიყოფოდა, ერთ ჯგუფს უხელმძღვანელებდა ჯოტო შერვაშიძე, მეორეს – ჭანტურია. მეგზურებთან შეხვედრის ადგილად დათქმული ყოფილა სოფელი ეშერაში ანდრო კოკაიას ან მუკუჩუ ბიძბას სახლები. პაროლი ყოფილა "დილიჯანი".

აიდაბულოვი მოითხოვდა, რომ ის მიეყვანათ მარუხის ან კახორის უღელტეხილთან. ამის შემდეგ იგი კრიმ შამხალოვის მეშვეობით, რომელიც ამ უღელტეხილების მახლობლად ცხოვრობდა, გამოიხმობდა თავის ძმისშვილს და დაუტოვებდა განძეულობის იმ ნაწილს, რომელსაც ექსპედიცია ვერ წაიღებდა.

კოწია სალუქვაძის დაპატიმრების (დააპატიმრა საქართველოს საგანგებო კომისიამ კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით) შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ექსპედიციას შეუცვლია მარშრუტი. ქ. ბათუმში მოუძებნიათ ახალი მეკავშირე, რამეთუ ძველი მეკავშირე, ვინმე დიმიტრი გაბუნია, ფიქრობდნენ, რომ უკვე გაშიფრულ იქნებოდა. გადმოსხმის ადგილად დაუთქვამთ სოფელი ტამიში, კოდორის მაზრა.

ახალთახალი ინგლისური კარაბინებით შეიარაღებული ექსპედიციის მონაწილეები, აიდაბულოვის გამოკლებით (აიდაბულოვი და არიფ ბეი მოგვიანებით უნდა ჩასულიყვნენ), 1925 წლის ივნისის ბოლოს, კონსტანტინეპოლიდან არალეგალურად გაემგზავრებულან ქ. ზუნგულდაგში. სწორედ აქედან უნდა მომხდარიყო ექსპედიციის აფხაზეთში გადასვლა. მართალია, ექსპედიციის წევრები კონსპირაციულად მოქმედებდნენ, მაგრამ თურქეთის პოლიციას ყველაფერი თურმე შესანიშნავად სცოდნია. უფრო მეტიც, თავად პოლიციის მუშაკები ეხმარებოდნენ მათ ნაპირზე გადმოსხმასა და არიფ ბეის ვილაში დაბინავებაში. ამასთან ერთად პოლიციის მხრიდან დაუყონებლივ მომხდარა ექსპედიციის წევრების სახელზე ცხოვრების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა. ყოველივე ეს აფიქრებინებდა ექსპედიციის წევრებს, რომ საქმეში ჩართული იქნებოდა თვით ქემალ ფაშა (თურქეთის სახელმწოფოს მეთაური – ავტ.) და ისინი მისი მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ. მათ ამ ეჭვს ისიც უმძაფრებდათ, რომ ფიცის დადების დროს არიფ ბეის უხსენებია ვიღაც დიდი კაცი, რომელიც დაინტერესებული ყოფილა ექსპედიციის წარმატებით დასრულებაში და მისი სახელით გარანტია მიუცია ექსპედიციის თითოეულ წევრისთვის 100 000 თურქული ლირის, ოქროს გარკვეული ნაწილის მიღებასა და თურქეთში დამაკმაყოფილებელი ცხოვრების მოწყობაში.

ყველაფერი მზად ყოფილა ექსპედიციის მოსაწყობად...