GEO / ENG

საარქივო ფონდების კვლევის ერთობლივი პროექტები

შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოსადმი ინტერესი დღითიდღე იზრდება, ამის დასტურიც საარქივო სმმართველოში დაგეგმილი პროექტებია. ამ ეტაპზე რამდენიმე პროექტი ხორციელდება, რაც საარქივო მასალების შესწავლა-დამუშავებასა და საზოგადოებამდე მიტანას გულისხმობს.
აღსანიშნავია, ერთობლივი პროექტი საარქივო სამმართველოს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიის რურის უნივერსიტეტს შორის, რომელსაც რურის უნივერსიტეტის პროფესორი მარკ იუნგე ხელმძღვანელობს. იგეგმება სამეცნიერო-კვლევითი წიგნის გამოცემა. წიგნი 1937-38 წლებში საქართველოში განხორციელებულ რეპრესიებს შეეხება და დეტალურად აღწერს იმ საშინელებას, რაც სახელმწიფომ საკუთარი ხალხის მიმართ ჩაიდინა. საუბარია ე.წ `სამეულის~ მიერ გამოტანილ განაჩენებზე.
ასევე საინტერესოა, საარქივო სამმართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, რომელიც ამ ორ ორგანიზაციას შორის მემორანდუმის საფუძველზე ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს. თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებში დაცული მასალების ერთობლივ კვლევაში გამოიხატება. მემორანდუმის მიზანია თემატური ონ-ლაინ მასალების შექმნა.
გარდა ამისა, ილიას სახელობის უნივერსიტეტის პრაქტიკანტი სტუდენტების მონაწილეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ არქივებში თანამედროვე საარქივო სტანდარტების შესაბამისი ელექტრონული კატალოგი გაკეთდება. ეს პროექტი უნიკალურია იმით, რომ სტუდენტებს და პროფესორებს შესაძლებლობა მიეცემათ, იმუშაონ უშუალოდ დოკუმენტის პირველწყაროზე.
ქართველ სტუდენტებთან ერთად საარქივო სამმართველოში კვლევებს აწარმოებენ ასევე უცხოელი მაგისტრანტები _ ისლანდიიდან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ეს პროექტი ხორციელდება სოციალურ-მეცნიერებათა ცენტრთან ერთად, რომელსაც იტორიკოსი ტიმოთი ბლაუველთი ხელმძღვანელობს. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ არქივში დაცულ მასალებს, შეისწავლონ და სადიპლომო ნაშრომად შეარჩიონ მათთვის საინტერესო თემები. ეს ყოველივე კი, ხელს შეუწყობს სამეცნიერო და სასწავლო პროცესებში სიახლის დანერგვას, რაც საბოლოო ჯამში საწინდარი იქნება იმისა, რომ საზოგადოებას უტუყარი წარსული გავაცნოთ.
 
 
 
 
 
 
სიუჟეტი