GEO / ENG

ნაზი შამანაური

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხუთი თვის არაადამიანური მოპყრობითა და შიმშილით ნაზი შამანაური სიკვდილის პირზე მიიყვანეს. 1983 წლის იანვარში კი ხელფეხშეკრული ჟურნალისტი ცემით მოკლეს.

ვინ იყო დამნაშავე ამ ტრაგიკულ სიკვდილში, დღესაც გაურკვეველი და ბუნდოვანია. მაგრამ ის ფაქტი, რომ მისი ოჯახი დევნასა და შევიწროვებას განიცდიდა, თვით ნაზი კი იმდროინდელი ლიტერატურული და ჟურნალისტური წრეებისათვის არასასურველი მიმართულებით ,,მოაზროვნე ელემენტი~ იყო, დასტურდება იმით, რომ 1974 წლის 7 ივნისის მერე, როდესაც მან უკანასკნელი წერილი გამოაქვეყნა ,,სოფლის ცხოვრებაში~, რაიონული და რესპუბლიკური გაზეთების რედაქციათა კარები მისთვის გამოკეტილი აღმოჩნდა.

1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში ,,ვაჟაობის~ დღესასწაულზე ნ. შამანაური სიტყვით გამოვიდა და არნახული გაბედულებით ამხილა დუშეთის რაიონის თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი ბოროტი საქმეები. იგი მაშინვე დააკავეს და ჩამოართვეს მხილების ტექსტი. მასთან ერთად დააკავეს მისი დედა სარა ინაშვილიც.

ნაზი შამანაური დისიდენტი არ ყოფილა. იგი არ ებრძოდა საბჭოთა წყობას, ის მხოლოდ საქართველოში არსებულ მანკიერებებს ამხელდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დედა-შვილი თბილისში, ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ კლინიკაში, გაამწესეს სამკურნალოდ. ნაზი შამანაურმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კი ასე საგანგებოდ მივლენილ პაციენტებს განსაკუთრებულ რეჟიმში ,,მკურნალობდნენ~. შედეგიც, რა თქმა უნდა, მეტად სავალალო აღმოჩნდა... პაციენტი თავის ქალის მძიმე დაზიანებითა და პერიტონიტის დიაგნოზით მეცხრე კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა კიდეც.

ნაზი შამანაური სიწმინდისათვის, პატიოსნებისთვის, სიმართლისათვის ეწამა. მან ბოროტებასთან შეგუებას სიკვდილი ამჯობინა. ის მარტოდმარტო აღმოჩნდა ყოვლისშემძლე საბჭოთა ხელისუფლების მპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

ნაზი შამანაურის ცხოვრება საბჭოთა ყოფიერებით უკმაყოფილოთა ბედის მქონე ადამიანთა კლასიკური მაგალითია.