GEO / ENG

ნაძალადევი კოლექტივიზაცია

 

20-იანი წლების მეორე ნახევრიდან საბჭოთა კავშირში ეკონომიკის განვითარების უმთავრეს მიმართულებად მრეწველობის ინდუსტრიალიზაცია და სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია იქცა.

ინდუსტრიალიზაცია ითვალისწინებდა მძიმე მრეწველობის ჩქარი ტემპებით განვითარებას. 20-30-იან წლებში საქართველოში აშენდა მთელი რიგი მსხვილი საწარმოები.

სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია კი ითვალისწინებდა წვრილი გლეხური მეურნეობების გაერთიანებას მსხვილ კოლექტიურ მეურნეობებში. კოლექტივიზაციას საფუძვლად ედო სოფლად კერძო საკუთრების ლიკვიდაცია, რამაც მდიდარი და შეძლებული გლეხების ("კულაკების") დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია. "გაკულაკება" საქართველოში ძალზე მწავავედ წარიმართა.

ხელისუფლებმა გლეხებს წაართვა ადგილ-მამულები, მიწა, დაქირავებული მუშები, პირუტყვი, სამუშაო მანქანები, ინვენტარი კოლმეურნეობის სასარგებლოდ. გაკულაკებულთათვის ასეთი ყოფა აუტანელი შეიქმნა და მათი მხრიდან მწვავე წინააღმდეგობები გამოიწვია, დაიწყო მასობრივი გამოსვლები და დაუმორჩილებლობის მცდელობები. მათ პროტესტის სხვა ფორმებსაც მიმართეს. ხალხი წვავდა და ანადგურებდა კოლექტივში შესატან ქონებას, თავს ესხმოდა ხელმძღვანელ ორგანოებსა და მუშაკებს.

ხელისუფლება კი ყოველგვარი დათმობის გარეშე მიმართავდა უხეშ და განუკითხავ ძალადობას, შეძლებული გლეხობა "ექსლოატატორებად" მონათლა: მამა შვილს დაუპირისპირა, ოჯახის წევრთა შორის განხეთქილება შეიტანა. დაიწყო ურჩთა მასობრივი დაპატიმრებები. 1932 წ. 7 აგვისტოს კანონით "სოციალისტური საკუთრების" სრულიად უმნიშვნელო რაოდენობის ხელყოფაც კი 10 წლამდე პატიმრობით ისჯებოდა, საზოგადო საკუთრების მითვისება კი სასჯელის უმაღლეს ზომას – დახვრეტას ითვალისწინებდა. საეჭვო პირებს "სამეულები" ასამართლებდნენ და ან მეზობელ რაიონებში, ან ადმინისტრაციული წესით ციმბირში ასახლებდნენ.

საგრძნობად გაიზარდა შავსიელთა" რაოდენობა არა მარტო კულაკებისა და "ნეპმანების", არამედ "პოლიტიკურად არასაიმედო" პირების ხარჯზე. ყველა საეჭვო ადამიანი "ხალხის მტრად" შერაცხეს. მათ სამსახურიდან ათავისუფლებდნენ, შვილებს კი სკოლიდან რიცხავდნენ.

სადამსჯელო ღონისძიებები ხალხისთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო 1935 წლის მეორე ნახევრიდან 1938 წლის ნოემბრამდე.

1934 წ. 1 დეკემბერს მოხდა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის, ს. კიროვის საიდუმლოებით მოცული მკვლელობა. სავარაუდოდ, ეს მკვლელობა განგებ იყო მოწყობილი რეპრესიების გაძლიერების მიზნით.

მართლაც, 1935 წლიდან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რაოდენობა უსაზღვროდ გაიზრდა: სიკვდილით დასაჯეს პარტიისა და მთავრობის ათასობით ხელმძღვანელი მუშაკი; შორეულ გადასახლებასა და საკონცენტრაციო ბანაკებში აღმოჩნდნენ პარტიული და საბჭოთა ინტელიგენციის ცნობილი ადამიანები.

დასჯილთა უმრავლესობამ კი არ იცოდა რეპრესირების რეალური მიზეზი. მათთვის წაყენებული ბრალდებები აშკარად აბსურდული იყო და თითქმის ყველა მათგანი სასტიკად ისჯებოდა "სამშობლოს მოღალატისა და ხალხის მტრის", ასევე "შოვინიზმისა" და "ნაციონალიზმის" ბრალდებებით.