GEO / ENG
1) როგორ ხდება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება?
"საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" 1997 წლის 11 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და მისი დარღვეული უფლებების აღდგენა ხდება სასამართლო წესით.
2) რა საბუთების წარდგენაა საჭირო სასამართლოში, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებასთან დაკავშირებით?
შსს საარქივო სამმართველოს მიერ გაცემული ცნობები სპეცგადასახლების შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არქივების ცნობები, საკომლო წიგნებიდან ამონაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სპეცკომენდატურებიდან გათავისუფლების შესახებ ცნობები, გადასახლების ადგილზე გაცემულ ატესტატები, მეტრიკები, ფოტოსურათები და ამ ტიპის სხვა ნებისმიერი სახის მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3) თუკი პიროვნება არ გადის შსს საარქივო სამმართველოს სპეცგადასახლებულთა აღრიცხვიანობაში, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იგი რეალურად გადასახლებული არ ყოფილა?
ის ფაქტი, რომ პირი შსს არქივის აღრიცხვიანობის მიხედვით არ ირიცხება სპეცგადასახლებულთა კარტოთეკაში, ცალსახად და უპირობოდ არ ნიშნავს იმას, რომ იგი რეალურად გადასახლებული არ ყოფილა.
საქმე იმაშია, რომ 1991-1992 წლების საბრძოლო მოქმედებების შედეგად ქ. თბილისში დაიწვა საქართველოს შს და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროთა არქივების ის ნაწილებიც, სადაც ინახებოდა გასახლებულთა პირადი და სამეთვალყურეო საქმეები, კარტოთეკა და ხსენებული კონტიგენტის სხვა დოკუმენტაცია. მოგვიანებით დოკუმენტების აღდგენა, და ისიც მხოლოდ ნაწილობრივ, განხორციელდა გადარჩენილი საბუთებისა და ე. წ. “საეშელონო სიების” მიხედვით. ამის გამო ჩვენი აღრიცხვა არასრულია და 100%-იანი საიმედოობით, რიგი ობიექტური მიზეზების გამო არ გამოირჩევა.
აქვე შევნიშნავთ, რომ ჩვენს მიერ გაცემული გასახლების ცნობები (ვინაიდან იგი წარმოადგენს ერთ-ერთ და არა ერთადერთ მტკიცებულებას), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არქივების ცნობებთან, საკომლო წიგნებიდან ამონაწერებთან, მოწმეთა ჩვენებებთან, სპეცკომენდატურებიდან გათავისუფლების შესახებ ცნობებთან, გადასახლების ადგილზე გაცემულ ატესტატებთან, მეტრიკებთან და ა.შ. ერთად, წარმოადგენს ერთ-ერთ კომპონენტს იმ მამტკიცებელი საბუთებისა, რომლებიც მოქალაქემ, “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, უნდა წარადგინოს სასამართლოში და რომელთა მიხედვითაც, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, მიღებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება მისი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ.
4) მშობლები იყვნენ სპეცგადასახლებულნი 1949 წელს. მე დავიბადე 1953 წელს გადასახლების ადგილას. მეკუთვნის თუ არა პენსია?
"საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" 1997 წლის 11 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თქვენც მიიჩნევით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად და შესაბამისად თქვენზე ვრცელდება კანონით დადგენილი ყველა სახის სოციალურ-სამართლებრივი ხასიათის შეღავათი.
5) ჩემი მშობლები (მამა - ტენიკ იზნო; დედა - შამოზეტ ისმაილ კიზი) ნამდვილად იყვნენ სპეცგადასახლებულნი 1944 წელს საქართველოს სსრ-დან შუა აზიაში, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის აღრიცხვიანობით ეს ფაქტი არ დასტურდება. როგორ მოვიქცე?
სპეცგადასახლების ფაქტის უტყუარობის დადგენის მიზნით გთავაზობთ, დააზუსტოთ ოჯახის თითოეული წევრის დემოგრაფიული მონაცემები გადასახლების მომენტისათვის (სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი), აგრეთვე გადასახლების ადგილი და თარიღი და უშუალოდ ან ჩვენი მეშვეობით მიმართოთ შესაბამის ტერიტორიულ შს ორგანოს გადასახლების ადგილის მიხედვით.
6) ჩემი მშობლები სასამართლოს მიერ აღიარებულნი არიან პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, თუმცა იმ პერიოდში ჩვენს ოჯახს უკანონოდ მიადგა ქონებრივი და მატერიალური ზიანიც. როგორ უნდა მოხდეს მისი ანაზღაურება?
"საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" 1997 წლის 11 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი განისაზღვრება ცალკე კანონით.
7) ამჟამად ვარ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. 1949 წელს გადასახლებული ვიყავი საქართველოს სსრ-დან ყაზახეთის სსრ-ში. რა წესით უნდა განხორციელდეს ჩემი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების საკითხი?
"საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" 1997 წლის 11 დეკემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მისი მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე. რუსეთის ფედერაციის 1991 წლის 18 ოქტომბრის ანალოგიური კანონი "პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა რეაბილიტაციის შესახებ” ვრცელდება რუსეთის მოქალაქეებზე, ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების მოქალაქეებზე, საზღვარგარეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ვინაიდან თქვენ არ მიეკუთვნებით აქ ჩამოთვლილ პირთა არც ერთ კატეგორიას, თქვენი რეაბილიტაციის საკითხი უნდა გადაწყდეს კანონის ანალოგიის პრინციპების გათვალისწინებითა და “პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა რეაბილიტაციის შესახებ რუსეთის ფედერაციის კანონის" მე-11 მუხლის შესაბამისად, აგრეთვე თანახმად სსრკ-ს პრეზიდენტის 1990 წლის 23 აგვისტოს #556 ბრძანებულებისა.