GEO / ENG

ვლადიმერ ჟვანია

გასული საუკუნის 70-იან წლებში საბჭოთა საქართველოს დიდ ქალაქებში - სოხუმში, თბილისსა და ქუთაისში მძლავრი აფეთქებები მოხდა...

საბჭოთა სივრცეში ეს იყო დაუჯერებელი, წარმოუდგენელი ფაქტი. მსგავსი რამ კონტრრევოლუციურ ეპოქასაც არ ახსოვს.

პირველად, 1975 წლის 22 ივნისს, 1050 სთ-ზე, სოხუმში, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის შენობის მთავარი ფასადის მარცხნივ, ენგელსის ქუჩის მხრიდან, გაისმა აფეთქების გამაყრუებელი ხმა. იყო მსხვერპლიც - დაიღუპა დამსვენებელი, ლენინგრადელი სერგეი ლევიტინი.

რამდენიმე თვის შემდეგ, 1976 წლის 12 აპრილს, 1705 სთ-ზე, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს შენობის ფასადთან, იმავე ხელწერით, კვლავ მოხდა აფეთქება.

ოთხი დღის შემდეგ კი, 14 აპრილს, 1012 სთ-ზე, აფეთქების ხმა გაისმა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის ცენტრალურ ბაღში.

მთელი ტრაგედია ის იყო, რომ უძლეველი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების აპარატი უძლური აღმოჩნდა, დანაშაული გაეხსნა. საკავშირო უშიშროების კომიტეტი უკმაყოფილო იყო საქართველოში საგამოძიებო კომისიის მუშაობით და მკაცრ დირექტივებს იძლეოდა.

საქმის გახსნას პირი არ უჩანდა. მოსკოვიდან მოსული ექსპერტიზების დასკვნებით აფეთქების ადგილებზე ნაპოვნი ასაფეთქებელი მოწყობილობები კუსტარულად იყო დამზადებული, ამფეთქებელის შესაძლო პროფესიები კი იყო - გამნაღმველი, სეისმოლოგი, სამთო მომწყობი ან ფიზიკოსი. გადამოწმდა ყველა შესაძლო ვერსია და საეჭვო პირთა კარტოთეკა, მაგრამ ხელჩასაჭიდი არაფერი ჩანდა.

საგამოძიებო ჯგუფი მხოლოდ ერთადერთ ღირებულ ინფორმაციას ფლობდა: სამივე შემთხვევის დროს, თვითმხილველთა ჩვენებებით, დივერსიული აქტის ჩამდენი გამხდარი, საშუალოზე მაღალი, მარჯვნივ თმაგადავარცხილი მამაკაცი უნდა ყოფილიყო.

...მაგრამ ვინ იყო და რატომ აფეთქებდა სახელმწიფო ობიექტებს - გაურკვეველი რჩებოდა.

სამართალდამცავი და სახელისუფლებო ორგანოები პანიკამ მოიცვა. აფეთქებების საქმე გაუხსნელ საქმედ მიიჩნიეს და საქმის შეწყვეტასაც კი ფიქრობდნენ...

ბოლო აფეთქებიდან რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელზე შემოვიდა 1976 წლის 19 აპრილით დათარიღებული "საქართველოს განმათავისუფლებელი ფრონტის" მომართვა, რომელშიც ავტორმა წამოაყენა ანტისაბჭოთა მოთხოვნები: საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება; ქვეყნიდან რუსეთის ჯარის გაყვანა; საქართველო ნეიტრალიტეტის აღიარება; დემოკრატიული პარტიის ცნობა; საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დაუყონებლივ დანიშვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში კომუნიკაციებისა და მაღალი ძაბვის ანძების აფეთქებით იმუქრებოდა.

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების აპარატი შოკში ჩავარდა. ყველა ქალაქში საგანგებო კონტროლი დაწესდა.

1976 წლის 11 მაისს "ბათუმის სურსათვაჭრობის" დირექტორს წერილი მოუვიდა. იგი მეტად უცნაურად იწყებოდა და ავტორი ნაციონალური ფრონტის სახელით 1000 მანეთს ითხოვდა.

წერილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში მოხვდა...

ორივე ზემოაღნიშნული წერილის ხელწერა ემთხვეოდა.

14 მაისს, 11:00 სთ-ზე, "ბათუმის სურსათვაჭრობის" დირექტორის კაბინეტში გამოცხადდა "გამხდარი, საშუალოზე მაღალი მამაკაცი...".

ორგანოს მუშაკები დირექტორის კაბინეტიდან გამოსულ "გამხდარ, საშუალოზე მაღალ მამაკაცს..." იქვე ახლოს, ავტობუსის "საზღვაო ვაგზლის" გაჩერებაზე წამოეწივნენ და საბუთები მოსთხოვეს. უცნობმა პასპორტი გაუწოდა.

პასპორტი ეკუთვნოდა ვლადიმერ გრიგოლის ძე ჟვანიას. მას თან აღმოაჩნდა: პატიმრობიდან გათავისუფლების ცნობა, 17 ცალი კაფსული დეტონატორი, წერილები, ბარათში ჩადებული 300 მან და კიდევ 4 მან. და 50 კაპ..

იმავე დღეს ბათუმის რკინიგზის შემნახველ საკანში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებები იქნა ნაპოვნი...

მისი დაკავება აფეთქებების საქმის გახსნას არ ნიშნავდა. გამომძიებლები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამფეთქებლი და ორგანიზატორი საკმაოდ დიდი და ორგანიზებული ჯგუფის წევრები იქნებოდნენ. გამოძიებას დაკავებული ჰყავდა მარტოხელა, უსახლკარო, გამხდარი უსინათლო, რომლის მხედველობა -14 იყო. მისთვის ბრალის დადება დაუჯერებელი იყო.

ეჭვმიტანილმა უარყო აფეთქებათა ციკლში მონაწილეობა... ასაფეთქებელი ნივთიერებების საჭიროება თევზაობის სიყვარულით ახსნა.

დაკითხვებზე, გამომძიებელ ა. მირიანაშვილის პროფესიონალიზმისა და მიზანმიმართული მიდგომის შედეგად, ვლ. ჟვანია გატყდა. მან დრო ითხოვა, რათა გულწრფელად ეღიარებინა ყველაფერი...

მართლაც, ვლადიმერ ჟვანიამ 1976 წლის 23 მაისს 30 გვერდიანი განცხადებით მიმართა გამოძიებას, რომელშიც ავტორი აცხადებდა, რომ მან ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა ბატონ ა. მირიანაშვილის დახმარებით და მთლიანად მიენდო მას.

ეჭვმიტანილი სთხოვდა გამოძიებას, სწორად აღექვათ მისი ქმედებები და არ გამოეყვანათ იგი "ხულიგნად, ბოროტად ან გიჟად". იგი აღიარებდა, დანაშაულს ჩადიოდა და დამნაშავედ იქცა მხოლოდ იმიტომ, რომ იბრძოდა ბოლშევიკური რუსეთის კლანჭებისაგან საქართველოს გათავისუფლებისათვის. მას მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება სურდა.

გამოძიება კვლავ ინტენსიურად გაგრძელდა. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი, დაზუსტდა ეჭვმიტანილის ბიოგრაფიული მონაცემები, გაანალიზდა მისი განვლილი ცხოვრების გზა.

გაირკვა, რომ 1935 წელს ქ. ქუთაისში დაბადებული ვლ. ჟვანიას მამა 1938 წლის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი იყო. ის კი, მე-9 კლასელი, სკოლიდან გარიცხეს თამაშის დროს საკლასო ოთახში კედლებიდან ბელადთა შემთხვევით ჩამოყრილი სურათების გამო.

18 წლის იყო საზღვრის გადაკვეთა პირველად რომ სცადა. მერე ცუდ ამინდში სწრაფმავალი კატარღა "გლისერით" უნდოდა თურქეთში გადასვლა. შეამჩნიეს, ესროლეს, უკან მობრუნდა და მიიმალა.

საბჭოთა კავშირიდან ვლ. ჟვანიას გაქცევის მცდელობა ჯოლოხზე გადასვლით 1955 წლის 6 დეკემბერს საბედიწეროდ დასულდა. სასაზღვრო პატრულმა ის საგუშაგოზე დააკავა და 3 წელი მიუსაჯეს.

გათავისუფლების შემდეგ იწყება ვლ. ჟვანიას აფეთქებების სერია...

საბოლოოდ დადგინდა, რომ ვლ. ჟვანია მეტად უცნაური დამნაშავე იყო. მისი ქმედებები არ ჯდებოდა კლასიკური დამნაშავის ჩარჩოებში. იგი თავიდან ბოლომდე მარტო მოქმედებდა და იმისი დაჯერება, რომ საბჭოთა იმპერია ვლ. ჟვანიას მიერ ერთი ხელისმოსმით გახდა უსუსური, შეუძლებელი იყო. ასევე წარმოუდგენელი იყო ასეთი მასშტაბის აფეთქებები ერთსა და იმავე პიროვნებას მარტოს შეესრულებინა.

მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა. ეჭვიმიტანილის ვარაუდმა კი - აფეთქებებს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოცოცხლება მოჰყოლოდა - ფიასკო განიცადა. სამაგიეროდ შეიკერა 15 ტომისაგან შემდგარი სისხლის სამართლის საქმე N118.

1997 წლის 17 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდებული სიტყვით გამოვიდა, მაგრამ მისი გულწრფელი აღიარება, ისევე როგორც სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები, სასამართლო განხილვისას არ იქნა გათვალისწინებული და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-304 მუხლებით ვლ. ჟვანიას მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა...

1977 წლის 7 თებერვალს გაზეთ "კომუნისტის" ბოლო გვერდზე "საქინფორმმა" გამოაქვეყნა შეტყობინება "დამნაშავე დაისაჯა", რომელშიც მოკლედ იუწყებოდნენ ვლ. ჟვანიას ბრალეულობას და მის მიმართ დამდგარ განაჩენს, რომელსაც "სხდომათა დარბაზში მყოფნი კმაყოფილები შეხვდნენ".