GEO / ENG

გორგასლიანი

 

1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულმა ნიკიტა ხრუშჩოვმა ლავრენტი ბერია ჩამოიცილა. ამის შემდეგ იმდენი ცუდი ითქვა და დაიწერა ბერიას მიმართ, რომ ქართული საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

ამ მოვლენამ გადააწყვეტინა სკოლის მოსწავლეებს, 14-15 წლის ბიჭებს: ზვიად გამსახურდიასა და ანატოლი მიქაძეს ლ. ბერიას სახელის დასაცვად არალეგალური ჯგუფი ჩამოეყალიბებინათ. მათ შეუერთდნენ თამაზ გუნჯუა და ვლადიმერ სიხარულიძეც. ლ. ბერიას საშინელ საქმეებს მალე ნათელი მოეფინა და ჯგუფის საქმიანობაც დროებით შეწყდა...

1956 წელს კი კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე იმ ადამიანებმა, რომლებიც სტალინის ყველა სიტყვასა და ნამოქმედარს გენიალურს უწოდებდნენ, დაგმეს სტალინის პიროვნების კულტი და საზოგადოების, ე. წ., "დემოკრატიული განვითარების კურსი" აიღეს.

სტალინის კულტის კრიტიკამ დიდი მასშტაბები მიიღო. აქცენტი კეთდებოდა მის ქართველობაზე, თუმცა საყოველთაოდ ცნობილი იყო რომ რეპრესიებისგან საქართველო სხვა რესპუბლიკებზე ნაკლებად არ დაზარალებულა.

სტალინის კრიტიკა ქართულმა საზოგადოებამ ეროვნულ შეურაცხყოფად მიიღო და 1956 წლის 3 მარტიდან საპროტესტო აქციები დაიწყო თბილისში. 9 მარტს საბჭოთა არმიის ნაწილებმა არაადამიანური სისასტიკით მიიტანეს იერიში მომიტინგეებზე, მოკლეს 150-ზე მეტი ახალგაზრდა და დაასახიჩრეს კიდევ უფრო მეტი...

ამ ამბებით გაღიზიანებული ზვიად გამსახურდიას ყოფილი არალეგალური ჯგუფის წევრები კვლავ შეიკრიბნენ. სექტემბერ-ოქტომბერში ჯგუფს უკვე ორგანიზებული სახე ჰქონდა და წევრთა რაოდენობაც გაზრდილიყო. ორგანიზაციას "გორგასლიანი" ეწოდა.

მათ შექმნეს ფულადი ფონდი საწევროს სახით. შეაგროვეს 30-30 მანეთი და შეიძინეს საბეჭდი მანქანა, რომელზედაც 1956 წლის 1 დეკემბრის ღამეს მონაცვლეობით დაბეჭდეს ანტისაბჭოური შინაარსის წერილები. სულ შვიდი ცალი.

2 დეკემბერს, დილით, რუსთაველისა და პლეხანოვის გამზირზე ადამიანებმა უცნაური შინაარსის წერილები იხილეს კედლებზე გაკრული...

ჯგუფის წევრებმა საბჭოთა რეჟიმის მიმართ პროტესტი პროკლამაციების გავრცელებით გამოხატეს.

მისია წარმატებით დასრულდებოდა, რომ არა ერთი ინციდენტი. ჯგუფის წევრები წარმატების აღსანიშნავად რესტორან "დარიალში" შეიკრიბნენ, საღამოს კი რუსთაველის გამზირზე გ. დოჩანაშვილსა და თ. მეტრეველს ჩხუბი მოუვიდათ, რის შედეგადაც დოჩანაშვილი ზურგში მძიმედ დაიჭრა.

1956 წლის 15 დეკემბერს კი უშიშროების კომიტეტის მიერ დაკავებულ იქნენ ანტისაბჭოთა არალეგალური ჯგუფის წევრები: ზვიად გამსახურდია, თბილისის 42-ე საშ. სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე; ანატოლი მიქაძე, 42-ე საშ. სკოლის მეათე კლასის მოსწავლე; მერაბ კოსტავა, თბილისის მუსიკალური სკოლის მეათე კლასის მოსწავლე; თეიმურაზ ცერცვაძე, თბილისის პირველი საშუალო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე; თამაზ გუნჯუა, თბილისის პირველი საშუალო სკოლის მოსწავლე; ვლადიმერ სიხარულიძე, პირველი საშუალო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე; თემურ მეტრეველი, თბილისის 47-ე საშუალო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე...

1956 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ გრიფით "совершенно секретно" წერილი მოსკოვში გაიგზავნა. წერილის ადრესატი გახლდათ სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, იუსტიციის გენერალ-მაიორი მ. პ მალიაროვი. წერილი იუწყებოდა, რომ 1956 წლის 9 მარტს თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ უკმაყოფილო ახალგაზრდათა ერთმა ჯგუფმა არალეგალური ფორმირება შექმნა, რომლის მიზანი საბჭოთა წყობილების საწინააღმდეგო საქმიანობა იყო. ჯგუფის წევრები ნაციონალისტურად იყვნენ განწყობილი, ამჟღავნებდნენ რუსი ეროვნების მიმართ აგრესიას და მართავდნენ ქუჩებში დებოშს.

ფაქტად, ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის დროს მძიმედ დაიჭრილ ჯგუფის წევრ გ. დოჩანაშვილის შესახებ და დანარჩენების დააპატიმრებაზე მიუთითებდნენ.

დაიწყო გამოძიება, რათა სრულად გამოვლენილიყო ამ დაჯგუფების საქმიანობა, შემადგენლობა და მათი მოკავშირეები...

მართლაც, "გორგასლიანის" წევრები დაიკითხნენ, გასამართლდნენ კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ისინი მაინც საკუთარი პრინციპების ერთგულნი დარჩნენ. რადიკალურად განწყობილი ეს ახალგაზრდები საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდნენ...