GEO / ENG

ბრაზინსკასები

 

1970 წლის 15 ოქტომბერს 1335 სთ-ზე (ადგილ. დროით) ბათუმის აეროპორტიდან სამგზავრო თვითმფრინავი AH-24 46 მგზავრით (მ. შ. იყო 4 წლის ბავშვი), სოხუმის მიმართულებით გაფრინდა. 7-8 წთ-ის შემდეგ ეკიპაჟთან კავშირი შეწყდა. ფოთსა და ქობულეთს შორის საჰაერო ლაინერი 1800 შემობრუნდა, რამდენიმე წუთში 500-600 მ სიმაღლეზე ბათუმის აეროპორტს თავზე გადაუფრინა და გეზი თურქეთისკენ აიღო.

თვითმფრინავმა საზღვარი გადაკვეთა და ღრუბლებში გაუჩინარდა... საბჭოთა კავშირში გაუგონარი ფაქტი მოხდა. საბჭოთა სივრციდან თვითმფრინავი დაუგეგმავი მიმართულებით გაფრინდა.

მეორე დღეს, 1970 წლის 16 ოქტომბერს, აჭარის ასსრ უშიშროების საგამოძიებო განყოფილების უფროსმა, მაიორმა არჩაიამ განიხილა ფაქტები იმის შესახებ, რომ მოხდა შეიარაღებული თავდასხმა თვითმფრინავის მოსამსახურე პერსონალზე. ...და თვითმფრინავი თურქეთში, ტრაპზონის აეროპორტში დაჯდა.

ბოროტმოქმედებმა დაჭრეს ეკიპაჟის 2 წევრი (სინამდვილეში კი დაჭრილი იყო 3 წევრი), მოკლეს ბორტგამცილებელი ნ. კურჩენკო.

"ორი უცნობი მოქალაქე", ანუ თავდამსხმელები, ნებაყოფლობით ჩაბარდნენ თურქეთის სამართალდამცავებს, იარაღი ჩააბარეს და თავშესაფარი ითხოვეს.

18 ოქტომბერს აჭარის ასსრ და საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების სამსახურებმა უკვე კარგად იცოდნენ, თუ ვინ იყო ის "ორი უცნობი მოქალაქე", რომლებმაც საბჭოთა კავშირში გაუგონარი დანაშაული ჩაიდინეს.

პრანას სტასიო ბრაზინსკასი (იგივე კორევიო, მეორე ქორწინების დროს ცოლისაგან მიღებული გვარი), დაიბადა 1924 წელს ლიტვაში, ტრაკაის რაიონის სოფ ბეიჯონისში; არასრული განათლებით, ორჯერ სპეკულანტობისთვის ნასამართლევი. რამდენიმე ხანს ცხოვრობდა უზბეკეთში. პირველი ქორწინებიდან ჰყავდა 3 შვილი, რომელთაგან უმცროსი ალგირდას პრანო ბრაზინსკასი, იმდროისათვის 15 წლის, თვითმფრინავის გატაცების თანამონაწილე იყო.

ახლობლებმა განაცხადეს, რომ პრანასის არ მოსწონდა საბჭოთა კავშირი, ოცნებობდა კაპიტალისტურ ქვეყანაში ცხოვრებაზე. მისი აზრით, მისი სამშობლო იქ იქნებოდა, სადაც კარგად იცხოვრებდა.

ლიტველი მამა-შვილი - პრანას და ალგირდას ბრაზინსკასები - იმავე თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ სოხუმიდან, რომელიც გაიტაცეს. ბათუმამდე მგზავრობისას მათ კარგად შეისწავლეს ეკიპაჟის შემადგენლობა და დააზუსტეს ყველა წვრილმანი, რაც მათი მიზნის განხორციელებისათვის აუცილებელი იქნებოდა.

ბრაზინსკასებმა უკან, სოხუმში, დასაბრუნებელი ბილეთები ბათუმში იმავე დღეს შეიძინეს და დაიკავეს პირველი რიგის "ბ" და "გ" ადგილები.

თვითმფრინავის აფრენიდან რამდენიმე წუთში ალგირდას ბრაზინსკასმა გამოიძახა ბორტგამცილებელი. ნადეჟდა კურჩენკოს პრანასმა უბრძანა, მფრინავებთან კონვერტი მიეტანა, რომელშიც ჩამოთვილი იყო მთელი რიგი შესასრულებელი ბრძანებები. წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დაემუქრა.

ნ. კურჩენკო მფრინავების კაბინაში შევარდა, კონვერტი მეთაურს გაუწოდა და იკივლა: "Бандиты – нападение!", რასაც პისტოლეტიდან სროლის ხმა მოჰყვა. ნ. კურჩენკო უსულოდ დაეცა.

ეკიპაჟის მეთაურმა გ. ჭახრაკიამ თვითმფრინავის მანევრირება დაიწყო, რათა თავდამსხმელებს წონასწორობა დაკარგვოდათ. ამის საპასუხოდ ატყდა სროლა. მძიმედ დაჭრილმა ეკიპაჟის წევრმა ვ. ფადეევმა გონება დაკარგა...

თვითმფრინავში განვითარებულმა მოვლენებმა მგზავრთა საშინელი პანიკა გამოიწვია. ატყდა კივილი, ტირილი...

ალგირდას ბრაზინსკასმა მგზავრების დასაშინებლად და მათზე კონტროლის დასამყარებლად სალონში ორჯერ ისროლა.

მდგომარეობა საშინელი და პრაქტიკულად უიმედო იყო. მაგრამ თავდამსხმელთა გეგმამ გაამართლა და თვითმფრინავი ტრაპზონის აეროპორტში მშვიდობიანად დაეშვა.

თურქეთის სამართალდამცავებმა თავშესაფრის მაძიებელი მამა-შვილი დააპატიმრეს, დაჭრილებსა და სტრესის ქვეშ მყოფ მგზავრებს კი პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, სასტუმროში დააბინავეს და მეორე დღეს შემდეგ ბათუმში დააბრუნეს.

ბათუმში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ იმავე დღეს სთხოვა თურქეთის ხელისუფლებას, დამნაშავენი უკან დაებრუნებინათ. სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაგზავნილ ნოტაში გარკვევით იყო აღნიშნული, ორი მეზობელი ქვეყნების ურთიერთობისათვის თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბრაზინსკასების გადაცემას.

არა თუ დაბრუნება, თურქეთში საბჭოთა სამართალდამცავებს ბრაზინსკასების დაკითხვის საშუალებაც კი არ მისცეს. მას შემდეგაც საბჭოთა ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მიერ არაერთხელ იყო მცდელობა თურქეთიდან ბრაზინსკასების ექსტრადაციისა (1970 წლის 29 ოქტომბერი, 1971 წლის დასაწყისში, 1973 წელს, 1974 წ. 5 ივლისი), მაგრამ უშედეგოდ.

თურქეთის საკასაციო სასამართლოს დადგენილებით ბრაზინსკასების დანაშაული იყო არა პოლიტიკური, არამედ სისხლის სამართლის, ამიტომ 1971 წლის დასაწყისში საქმე, შემდგომი მსვლელობისათვის, ტრაპზონიდან ანკარაში გადაიგზავნა, ხოლო 1974 წლის მაისში, ამნისტიის საფუძველზე, შეწყალებული მამა-შვილი გაათავისუფლეს პოლიციის ზედამხვედელობის ქვეშ.

თურქეთის ხელისუფლების მიერ გათავისუფლებული საბჭოთა თვითმფრინავის გამტაცებლები 1974 წლის 12 სექტემბერს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლო კოლეგიამ, ი. სუმბათაშვილის თავმჯდომარეობით, გაასამართლა.

მამას, პრანას სტასიო ბრაზინსკასს (იგივე კორეივო) მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა.

შვილს, ალგირდას პრანო ბრაზინსკასს კი, ვინაიდან იგი არასრულწლოვანი იყო, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სასამართლო პროცესს არც მამა და არც შვილი არ დასწრებია.

მას შემდეგ 30 წელზე მეტი გავიდა, საბჭოთა კავშირში თვითმფრინავის პირველი, თანაც წარმატებით, გამტაცებლების, რომლებმაც მშობლიური ქვეყანა ასეთი ბარბაროსული გზით დატოვეს, საქმე წლების განმავლობაში სრულიად საიდუმლოდ დარჩა. საჰაერო ლაინერის ეკიპაჟის წევრები კი მოგვიანებით "ტექნიკური გაუმართაობის გამო" თურქეთის აეროპორტში თვითმფრინავის უვნებლად დაშვებისა და მგზავრთა გადარჩენისათვის დაჯილდოვებულ იქნენ.