GEO / ENG

სისხლიანი ფურცლები

XX ყრილობაზე პიროვნების კულტის მავნე შედეგების თაობაზე ნ. ხრუშჩოვის მოხსენება პრესაში არ გამოქვეყნებულა. მოხსენება სტალინის მოღვაწეობის კრიტიკას წარმოადგენდა. მალე ამ კრიტიკამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და ქართველი ერის შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ხაზი ესმებოდა იმას, რომ სტალინი ქართველი იყო, თუმცა ცხადია, სტალინის ქართველობას ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. სტალინის მიერ განხორციელებულმა რეპრესიებმა საქართველოშიც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მრავალი ოჯახი გააუბედურა.

მიუხედავად ამისა, სტალინის კრიტიკას განსაკუთრებით მწვავე რეაქცია საქართველოში მოჰყვა. მღელვარება 1956 წლის 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების მესამე წლისთავზე დაიწყო. მალე მღელვარება გორს, თელავს, ქუთაისს, ბათუმსა და სხვა ქალაქებსაც მოედო და საყოველთაო ხასიათი მიიღო.

თბილისი მღელვარების მთავარი კერა. ქალაქის ცენტრალური და სანაპირო ქუჩები დემონსტრანტებითა და მანიფესტანტებით დაიფარა. განსაკუთრებით აქტიური იყო სტუდენტი და მოსწავლე ახალგაზრდობა, რომელთაც წლების განმავლობაში ბელადის უსაზღვრო სიყვარულს უნერგავდნენ. მიტინგებში მონაწილეობდნენ რესპუბლიკის პარტიული და საბჭოთა ხელმძღვანელი მუშაკებიც.

მღელვარება სულ უფრო ძლიერდებოდა და კულმინაციას 9 მარტს მიღწია, როცა დემონსტრანტებმა მიიღეს დადგენილება ხრუშჩოვის გადაყენებისა და ახალი ხელისუფლების შექმნის შესახებ. ახალგაზრდობის ერთი ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნითაც გამოდიოდა.

მიტინგის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, დაეკავებინათ კავშირგაბმულობის სახლი და იქიდან რადიოთი გადაეცათ თავიანთი მოწოდებები საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქების მოსახლეობისათვის, მაგრამ იქ მისულ მომიტინგეებს წინ აღუდგნენ.

საბჭოთა კავშირის ხელმძღავანელობამ საკითხის მშვიდობიან მოგვარებას სისხლისღვრა არჩია და მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყვანა წითელი არმიის ნაწილები და სამხედრო ტექნიკა. რუსთაველის გამზირსა და მტკვრის სანაპიროზე ათობით ახალგაზრდა დახოცეს, ასობით დაჭრეს და დაასახიჩრეს. ქუჩები სისხლით მოირწყა.

საბჭოთა აპარატმა ამ ბარბაროსობის შემდეგაც საშინელი სისასტიკე გამოიჩინა:

დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი დამალა, ოჯახებს მიცვალებულების დამარხვის უფლება არ მისცა, სისხლიანი აქტი მთლიანად გაამართლა, ქართველებს ნაციონალიზმი და შოვინიზმი დასწამა, მთელი პასუხისმგებლობა დემონსტრანტებს დააკისრა და დაიწყო დაპატიმრებები.

უშიშროების კომიტეტში არსებული მონაცემებით პირველი შეტევის დროს ცეცხლსასროლი იარაღით დაიღუპა 22 კაცი, შემდეგ მიემატა კიდევ 5. დაიჭრა რამდენიმე ათეული.

9 და 10 მარტს საბჭოთა არმიის ჯარების ქვედანაყოფების მიერ, რომლებიც ახდენდნენ პატრულირებას ქალაქში წერიგის დასამყარებლად, დაკავებულ იქნა 300 კაცამდე. ხოლო შემდეგი 12 დღის განმავლობაში სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მიერ დასაკავებლად წარმოებდა გამოძიება, რის შედეგად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიესცეს 39 კაცი: ა) მიტინგებზე პროვოკაციული, ანტისაბჭოთა გამოსვლების, ასევე ე. წ., მიტინგის "საქმიანი პრეზიდიუმის" წევრობისათვის: ვ. გ. კაჭარავა, შ. დ. ბერუაშვილი, ზ. ნ. მაჭავარიანი, ი. ა. კუხიანიძე, ი. ფ. ქინქლაძე, ა. ი. ჟორდანია; ბ) საბჭოთა მთავრობის მიმართ შედგენილი პროვოკაციული მოთხოვნების ინიციატორები და მონაწილენი: ვ. ზ. მჭედლიძე, კ. ს. ჩხეიძე, კ. ი. ოსაძე, კ. დ. ციციაშვილი, ა. პ. მირიანაშვილი და სხვები.

1956 წლის სისხლიანი დღეების განმავლობაში სულ დაპატიმრებულ იქნა 375 კაცი, მათ შორის: სკკპ წევრი - 34, ალკკ წევრი - 165, უპარტიო - 142. დახოცილთა და დაზარალებულთა რიცხვი დღემდე უცნობია.