GEO / ENG

ისევ რეპრესიები და “მეგრელთა საქმე”

1951 წლის ბოლოს მომზადდა ინტელიგენციის "არაკეთილსაიმედოობის" მოტივით მასობრივი გადასახლება საქართველოდან ყაზახეთსა და შუა აზიაში. ამ აქციისათვის რუსეთიდან საგანგებოდ იყო მოწვეული შსს სამხედრო ქვედანაყოფი. გადასახლებას დაექვემდებარა ის ყველა ოჯახი, რომლის წევრი ტყვედ იყო ნამყოფი 1941-1945 წწ. ან პარტიზანული, ან წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე იყო, ან საზღვარგარეთ ოჯახის წევრები ან ნათესავები ჰყავდათ, ასევე წინა წლებში პოლიტიკური მოტივით მსჯავრდებული, იმდროს უკვე სასჯელმოხდილი მოქალაქეები. თბილისში, ქუთაისში, სოხუმში, ბათუმში ჩააყენეს ეშელონები და 25 დეკემბერს, კათოლიკების შობა-დღეს, "ორგანიზებულად", სახელდახელოდ, მოუმზადებლად ჩაყარეს ვაგონებში და გაიყვანეს 11 ათას კაცზე მეტი და დაასახლეს უდაბურ ადგილებში.

გადასახლებულთა შორის იყვნენ: რეემიგრანტი, ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე რეემიგრანტი სამსონ ფირცხალავა (საარქ. N2466), მწერალი ნიკოლოზ ინასარიძე (საარქ. N21212), მეცნიერი ჯემშიდ გიუნაშვილი, ნ. ჩხატარაშვილი, გ. ასათიანი (გიორგი ფარნაოზის ძე, 1891 წ. N38439 და ასევე N13731; ალექსანდრეს ძე, 1911 წ. N24144); არქიტექტორი გურამ გაბაშვილი; ხელოვნების მოღვაწენი - და-ძმა თ. და გ. მასხარაშვილები, თ. ციციშვილი, ბაბო დადაინი; ფეხბურთელი ზ. ქვარიანი.

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტმა გადასახლებულთა გათავისუფლებისა და ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესახებ დადგენილება 1954 წელს მიიღო.

1951 წელს ქართველთა კიდევ ერთი დიდი გულისტკივილი გამოიწვია შეთითხნილმა "მეგრელთა საქმემ", რომლის მზაკვრული ჩანაფიქრი დღესაც არ არის გახსნილი. სავარაუდოდ ეს ოპერაცია მომზადდა ლ. ბერიას წინააღმდეგ, რომელსაც ძალაუფლებისკენ შეუზღუდავი მისწრაფების გამო სტალინს ეჭვი გაუჩნდა. მეგრული წარმომავლობის ხელმძღვანელ მუშაკებს ბრალი დასდეს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს გამოყოფისა და თურქეთთან შეერთების მცდელობაში. დააპატიმრეს მეგრელი პარტიული და ხელმძღვანელი მუშაკები: კირილე ბეჭვაია, ნინო ჟვანია, ალექსანდრე მირცხულავა, მამია ზოდელავა, მიხეილ ბარამია და სხვა მრავალი უდანაშაულო ადამიანი.

"მეგრელთა საქმეში" დამნაშავეთა ბრალდებები იმდენად უსაფუძვლო იყო, რომ ყველა რეპრესირებული სტალინის გარდაცვალებისთანავე გაათავისუფლეს. საქართველოს კომპარტიას კი თავის საქმინობაში ეს კამპანიაც ერთ-ერთ შავ ლაქად დარჩა.