GEO / ENG

იდეოლოგიური რეპრესიები

მე-2 მსოფლიო ომის დაწყებისთანავე სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისიისა და საბჭოთა კავშირის პროკურატურის ერთობლივი დირექტივით შეწყდა ციხეებიდან და კოლონიებიდან სასჯელმოხდილი პატიმრების გათავისუფლება და ისინი, თავისუფლად დაქირავებულის სტატუსით, ომის დამთავრებამდე მიმაგრებულნი იყვნენ მშენებლობებზე.

პატიმრები კი, სამშობლოს ღალატის, ტერორის, შპიონაჟის, დივერსიების ბრალდებით, საკნებში დატოვეს.

ციხეები და კოლონიები კი გადაყვანილ იქნა სამხედრო მდგომარეობაზე, პატიმრების ყოველგვარი მიწერ-მოწერა ოჯახის წევრებთან და კავშირი გარე სამყაროსთან შეწყდა...

დამთავრდა ომიც. ომში გამარჯვებას ხელისუფლებისთვის თითქოს რეპრესიები უნდა შეეჩერებინა. სიმანდვილეში პირიქით მოხდა. კომუნისტური პარტია და საბჭოთა მთავრობა კვლავ შეუპოვრად შეუდგა სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის გატარებას. მართალია, მასობრივ დაპატიმრებებს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ შემოქმედების ყველა სფეროში უმკაცრესი ბრძოლა გამოეცხადა თავისუფალ აზროვნებას. ისევ გაგრძელდა პარტიული დოგმებისადმი მონური მორჩილება. აზრის დიქტატურა გამოვლინებებს პოულობდა შემოქმედებითი ორგანიზაციების მუშაობასთან დაკავშირებულ ახალ-ახალ დადგენილებებში.

სოციალიზმისათვის შეუფერებელ, მტრულ გამოვლინებებად და მავნედ მიიჩნიეს მთელი რიგი მაღალი რანგის ქმნილებები და მიღწევები არქიტექტურის, მხატვრობის, მუსიკის, მწერლობის, მეცნიერების სფეროში.

მძიმე იდეური თავდასხმა განიცადეს მხატვრებმა დ. კაკაბაძემ და ლ. გუდიაშვილმა დასავლური "ფორმალიზმისა" და "პრივიტივიზმის" წინაშე ქედის მოხრის ბრალდებით. გაკიცხულთა შორის იყვნენ კომპოზიტორები: ანდრია ბალანჩივაძე, შალვა მშვილდაძე, ოთარ თაქთაქიშვილი, იონა ტუსკია.

პოლიტიკური სისტემისთვის არასასურველ პირებს მძიმე მდგომარეობაში აგდებდნენ. მაგრამ ყველაზე საშინელება კი უმძიმეს ომგამოვლილი გამარჯვებული ხალხის მიმართ ხელისუფლების წამომადგენელთა დამოკიდებულება იყო.

სადამსჯელო ღონისძებები გატარდა ომის მონაწილეთა (ტყვედნამყოფთა, ოკუპაციაში ნამყოფთა და სხვ.) და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

გერმანელთა საკონცენტრაციო ბანაკებში სასწაულივით გადარჩენილი საბჭოთა ჯარისკაცები საბჭოთა ხელისუფლებამ ცრუ დაპირებით შემოიტყუა და, თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1945 წლის 18 აგვისტოს N9871 დადგენილები საფუძველზე, აიძულა, გაევლოთ მკაცრი სახელმწიფო-საფილტრაციო შემოწმება. ყველა მათგანი, როგორც სამშობლოს მოღალატე ან სხვა მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი გადაეცა სამხედრო ტრიბუნალს და, სამშობლოს მოღალატის იარლიყით, ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარეშე, 6 წლით გადაასახლეს საბჭოთა კავშირის შორეულ რაიონებში მძიმე სამუშაობზე, ან კიდევ მოქმედ სამხედრო ნაწილებში აბრუნებდნენ. ბევრმა ბრძოლებში თავიც კი გამოიჩინა და ჯილდოც მიიღო.

სასჯელი დაედოთ მათაც კი, ვინც ტყვეთა ბანაკებიდან გაიქცა და თავდადებით იბრძოდა პარტიზანულ რაზმებში, ან მონაწილეობდნენ ევროპის წინააღმდეგობების რაზმებში.

ტყვეობიდან მხოლოდ მცირე ნაწილი დაბრუნდა, მაგრამ მალევე ისევ დაიწყო მასობრივი რეპრესიები.

სამწუხაროდ 1991-1992 წწ. თბილისის ცნობილი მოვლენების დროს გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა მე-2 მსოფლიო ომში ტყვედნამყოფთა საქმეები.

დაინტერესებული პირის შესახებ საარქივო სამმართველოს მიერ გადასახლების ადგილებში იძებნება ოფიციალური დოკუმენტები და იკერება საარქივო საქმეები.

თუმცა, მიუხედავად ხანძრისა, ყოფილი სახელმწიფო უშიშროების არქივს შემორჩა დაახლოებით სისხლის სამართლის 3 000 საქმე მე-2 მსოფლიო ომსა და შემდგომ პერიოდში "სამშობლოს ღალატის" (ს.ს.კ. 58-1) მუხლით გასამართლებული პირების შესახებ.