GEO / ENG

"დამკომი" და დიდი აჯანყება

 

1924 წელს რეპრესიების პიკი იყო. ამ პერიოდში ბოლშევიკურმა შურისძიებამ ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა... მაგრამ რეპრესიების გაძლიერებამ ვერ გატეხა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რადგან არსებული სახელმწიფო წყობილებით უკმაყოფილო იყო საზოგადოების ყველა ფენა: თავად-აზნაურობა, ბურჟუაზია, სამღვდელოება, მუშათა კლასი, გლეხობა.. ქვეყანაში ამბოხების მოსამზადებლად ხელსაყრელი პირობები შეიქმნა.

აჯანყების ორგანიზატორად მოგვევლინა "დამოუკიდებლობის კომიტეტი" ("დამკომი") ანუ "პარიტეტული კომიტეტი", რომელშიც შედიოდნენ სოციალ-დემოკრატი მენშევიკები, ეროვნულ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები, სოციალისტ-რევოლუციონერები, "სხიველები"...

აჯანყების პრაქტიკული მომზადება დაევალა "დამკომთან" არსებულ "ცენტრალურ სამხედრო კომისიას". "კომისიის" წევრები იყვნენ: კონსტანტინე ანრონიკაშვილი (საარქ. N22310), იასონ ჯავახიშვილი (საარქ. N25326), გიორგი (გოგიტა) ფაღავა (საარქ. N21151), ვასო ნოდია (საარქ. N21157), გიორგი წინამძღვრიშვილი, სოლომონ ზალდასტანიშვილი...

1924 წლის 17 აგვისტოსათვის დაინიშნა ქართველი ერის ისტორიაში ყველაზე დიდი აჯანყება.

კომისიის მიერ შედგენილი გეგმით აჯანყება ყოველ ქალაქსა და მაზრაში ერთდროულად უნდა დაწყებულიყო. ადგილებზე ხელისუფლების აღების შემდეგ დაიწყებოდა საერთო ლაშქრობა თბილისზე. ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს ენიჭებოდა. მთავარსარდლად გენერალი სპირიდონ ჭიჭინაძე დაინიშნა. ემიგრანტულ მთავრობასთან შესათანხმებლად "დამკომმა" საზღვარგარეთ ვასო ნოდია მიავლინა.

1924 წლის მაისში ვ. ნოდიასთან ერთად ფარულად ჩამოვიდნენ ემიგრანტული მთავრობის წარმომადგენლები – ვალიკო ჯუღელი (საარქ. N24160), ნოე ხომერიკი (საარქ. N23587), ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი (საარქ. #24343), ვლასა მგელაძე...

"ჩეკამ" მიაგნო აჯანყების მესვეურთა კვალს და დააპატიმრა გ. წინამძღვრიშვილი, ნ. ხომერიკი, გ. ფაღავა, გ. ჯინორია... 6 აგვისტოს კი - ვ. ჯუღელი და გ. ჩხვიკიშვილი დააპატიმრეს და ისევ დაიწყო მასობრივი რეპრესიები.

აჯანყება 29 აგვისტოსთვის გადაიდო.

შვიდიოდე დღით ადრე "დამკომი" და აჯანყებულთა არმიის საერთო შტაბი შეიკრიბა შიომღვიმის მონასტერში, სადაც ქართველი მეფეები მიდიოდნენ ბრძოლის წინ სალოცავად და ლოცვა-კურთხევის მისაღებად.

მაგრამ, გაურკვეველი მიზეზების გამო, აჯანყება ერთი დღით ადრე დაიწყო... 28 აგვისტოს მოხდა შეიარაღებული გამოსვლა ჭიათურაში. თავდაპირველად გამოსვლები წარმატებით ვითარდებოდა. დიდი ქალაქების გარდა, კომუნისტების წინააღმდეგობები სუსტი აღმოჩნდა. წითელი არმიისა და "ჩეკას" რაზმების საკმაო ნაწილი დამარცხდა. საქართველოს ქალაქებისა და სოფლების დიდი ნაწილი აჯანყებულთა ხელში აღმოჩნდა.

...მაგრამ ამოქმედდა წითელი ჯარი.

ერთი დღით ადრე ჭიათურის გამოსვლამ საბედისწერო როლი შეასრულა: მთავრობის საგანგებო ორგანოებს შესაძლებლობა მიეცათ დროულად განეხორციელებინათ სალიკვიდაციო ღონისძიებები. შორაპანში დახვრეტილ იქნენ რკინიგზის ვაგონებში გამომწყვდეული უდანაშაულო ადამიანები. დახვრეტილთა რაოდენობა დღემდე უცნობია. მათი სისხლი ღელესავით მოედინებოდა.

უმკაცრესი რეპრესიები განხორციელდა სენაკისა და ზუგდიდის მაზრებში. სენაკში 500 კაცზე მეტი კაცი დახვრიტეს...

აჯანყებულები გურიასა და სამეგრელოშიც დამარცხდნენ.

სვანეთში თავმოყრილმა აჯანყებულებმა ამაოდ სცადეს ქუთაისის აღება.

ქაქუცა ჩოლოყაშვილმა დუშეთი კი დაიკავა, მაგრამ წინსვლა ვეღარ შეძლო, ფშავ-ხევსურეთისა და შემდეგ კახეთის აჯანყება ვერ მოახერხა. თბილისზე იერიშის მიტანა კი მხოლოდ მის განკარგულებაში მყოფი ძალებით ვერ გაბედა. ის იძულებული გახდა თავის "შეფიცულებთან" ერთად საზღვარგარეთ გაქცეულიყო.

1924 წლის მასობრივი აჯანყება საბჭოთა ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო. აჯანყებულთა მარცხს კი დიდი რეპრესიები მოჰყვა, რამაც დაახლოებით 4 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ქართველ ხალხს ყველაზე მასშტაბური სისხლიანი დღეები ჰქონდა, რადგან ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლაც ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული გამოსვლა იყო.

ქართველების სისხლის ღვრა არც 20-იანი წლების მეორე ნახევარში შემწყდარა, რადგან ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა აჯანყების ჩახშობის შემდეგაც გრძელდებოდა. მართალია, მას მასობრივი ხასიათი არ ჰქონია, მაგრამ ანტისაბჭოთა პოლიტიკური პარტიები საქმიანობას კვლავაც განაგრძობდნენ.

განსაკუთრებით აქტიურობდა სოციალ-დემოკრატიული პარტია. მან აღადგინა და გააძლიერა ადგილობრივი ორგანიზაციები, შეიარაღებული რაზმები, აღადგინა არალეგალური სტამბა და ეწეოდა აქტიურ პროპაგანდისტულ მოღვაწეობას.

გამოცოცხლდა ახალგაზრდა მარქსისტული ორგანიზაციების მუშაობაც. 1927 წლისათვის ორგანიზაციაში 6 000 ახალგაზრდა ირიცხებოდა.

ადგილობრივ ანტისაბჭოთა მოძრაობებს ზურგს უმაგრება სამშობლოდან გადახვეწილი პოლიტიკური მოღვაწეები. ემიგრანტ ქართველებს ფარ-ხმალი მრავალი წლის განმავლობაში არ დაუყრიათ. 1924 წ. პარიზში მათ შექმნეს ორგანიზაცია "თეთრი გიორგი". დაჯგუფების მიზანი იყო აქტიური კონტრრევოლუციური მოძრაობა და ანტისაბჭოთა აგიტაცია.

"თეთრი გიორგი" საქართველოშიც შეიქმნა. კონსპირაციულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ევგენი ღვალაძე ("სამეულის" ოქმები, დასჯის თარიღი 15.10.1937).

ამ პერიოდში არც საბჭოთა ხელისუფლება იყო პასიურად. მან თავისი აგენტურის დახმარებით ემიგრაციაში მყოფი ქართველებისათვის შექმნა ორგანიზაცია "სამშობლოში დაბრუნებისათვის", რომელსაც სათავეში ჩაუდგა გრიგოლ ვეშაპელი (ენციკლ., ტ. 4, 389).

რეპრესიებითა და აგენტურული მუშაობის მეშვეობით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა თანდათანობით დასუსტდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, რასაც მნიშვნელოვანი დარტყმა კოლექტივიზაციის მოსამზადებელ პერიოდში გატარებულმა სადამსჯელო ღონისძიებებმა მიაყენა. მხოლოდ 1926-1927 წწ. თითქმის 10 000 კაცი დააკავეს და დასაჯეს საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, ხოლო 1930 წ. 4 თებერვალს დაახლოებით 1 500 კაცი დააპატიმრეს.