GEO / ENG

აჯანყების პირველი ტალღა
სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქართლი, ფშავ-ხევსურეთი
უამრავი ქვეყნის "მტერი" და "სასიში ელემენტი"

 

1921 წლის თებერვალში ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებელ საბჭოთა რესპუბლიკად საქართველოს გამოცხადებას, რაც ფაქტობრივად ქვეყნის ოკუპაციასა და ანექსიას ნიშნავდა, ქართველი ერი არ შეჰგუებია. თავს დამტყდარი ტრაგედიიდან ხალხი მალე გამოერკვა, გააცნობიერა სამშობლოს სავალალო მდგომარეობა და დაიწყო პერმანენტული სახალხო გამოსვლები და გაფიცვები ბოლშევიკური ხელისუფლებისა და რუსული არმიის წინააღმდეგ.

რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ მიმართულ ასეთ დაპირისპირებებს ბოლშევიკებმა განუკითხავი და შეუბრალებელი სისხლიანი ანგარიშსწორებით უპასუხეს, რასაც ახორციელებდა კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის ბიურო სერგო ორჯონიკიძის თავმჯდომარეობით.

ქვეყანაში გამეფდა ფართომასშტაბიანი რეპრესიები: მასობრივად აპატიმრებდნენ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს, დამფუძნებელი კრების და მუშათა და გლეხთა პარტიების წევრებს, ყველას, ვინც არ თანაუგრძნობდა კომუნისტურ (ბოლშევიკურ) პარტიასა და საოკუპაციო ხელისუფლებას. აპატიმრებდნენ და ზოგს ციხეში ამწყვდნენ, ზოგს შორეულ აღმოსავლეთში ასახლებდნენ, ზოგს სიკვდილს უსჯიდნენ. სასჯელის ფორმა და ზომა სხვადასხვა იყო, მაგრამ სიმკაცრით გამორჩეული.

საქართველოში დამსჯელ ძალად გამოიყენებოდა რუსეთის მე-11 წითელი არმია, რომელსაც 1921 წლის მაისში მხოლოდ სახელი გამოუცვალეს და განსაკურებული დანიშნულების რაზმი ("ჩონი") უწოდეს, ხოლო 7 ოქტომბერს მიიღეს დადგენილება განსაკურებული დანიშნულების რაზმის სპეცნაწილების შექმნის შესახებ. მანამადე კი, 4 აპრილს საქართველოს "რევკომმა" დაამტკიცა რევოლუციური ტრიბუნალის დებულება.

ასე რომ, ულმობელი პოლიციისა და მრისხანე "ჩეკას" "წყალობით" დაპატიმრება, დახვრეტა, გადასახლება ცხოვრების ყოველდღიურობად იქცა, ხოლო ქვეყანაში ძარცვა-გლეჯა, დაუნდობლობა, ტერორი ცხოვრების ნორმად.

რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მოადგილე გრიგოლ ლორთქიფანიძე (საარქ. N23364), სამხედრო მინისტრი პარმენ ჭიჭინაძე, ყოფილი სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე (საარქ. N2257), სახელგამთქმული გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, ცნობილი მოღვაწეები: სილიბისტრო ჯიბლაძე, ისიდორე რამიშვილი (საარქ. N22331)...
დამოუკიდებლობის დასაცავად სტუდენტი ახალგაზრდობაც აღდგა, რასაც მათი უმრავლესობის დახვრეტა, დაპატიმრება და გადასახლება მოჰყვა.

ტერორი ეკლესიასა და ეკლესიის მსახურთაც შეეხო. დაიწყო ეკლესია-მონასტრების მასობრივი ძარცვა და ნგრევა, სულ 1500 ეკლესია დაანგრიეს, ბევრი საწყობად და თავლად აქციეს. სასულიერო პირთა უმიზეზო დევნა-დაპატიმრება, სიკვდილით დასჯა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ნაძარცვი საეკლესიო სიმდიდრე საზღვარგარეთ ჩალის ფასად იყიდებოდა. ეს იყო ნამდვილი ათეისტური დიქტატურა, რომელიც შეურაცხოფდა ხალხის რწმენას, ზნეობას, ტრადიციებს, კულტურას...

ეროვნული მოძრაობის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ამბროსი (ბესარიონ) ხელაიას დაპატიმრება. სულიერი მამის ერთადერთი "დანაშაული" საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენის მოთხოვნა იყო. მან ტერორის გამტარებელ ხელისუფლებას შემდეგი სიტყვებით მიმართა: "სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული – ჩემს სამშობლოს, მძორი, ჯალათებო, თქვენ და რაც გინდათ, ის უყავით მას!"

1921 წლის ზაფხულში მთელ საქართველოში ამბოხებათა ახალი ტალღა აგორდა. პირველად ანტისაბჭოთა აჯანყების დროშა სვანებმა ააფრიალეს. მათ სათავეში ედგათ მოსოსტრ დადეშქელიანი, ნესტორ გარდაფხაძე (საარქ. N24333), ბიძინა პირველი. აჯანყებულებმა სვანეთში შეჭრილი წითელი არმიის ნაწილები განააიარაღეს და საბჭოთა ხელისუფლება დაამხეს. ისინი 6 თვე უმკლავდებოდნენ დამსჯელი რაზმების შემოტევას. სამწუხაროდ, საქართველოს სხვა რეგიონებმა აჯანყებულებს მხარი ვერ აუბეს, წითელმა არმიამ სვანეთის სრული იზოლაცია მოახერხა და ბოლოს აჯანყება სისხლში იქნა ჩახშობილი.

აჯანყდნენ რაჭა-ლეჩხუმშიც, რომელიც ასევე ლიკვიდირებულ იქნა.

სულიერად გატეხვისა და დამონებისაკენ მიმართული მკაცრი სადამსჯელო ღონისძიებების მიუხედავად, ხალხში საბრძოლო სულიკვეთება მაინც ვერ ჩაკლეს და ქართველები თავის პროტესტს დაუმორჩილებლობითა და მასობრივი აჯანყებებით გამოხატავდნენ.

1921 წ. 5 ნოემბერს პარიზში გაიმართა ამიერკავკასიის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა კონფერენცია, რომელმაც აირჩია "სამხედრო კომისია" კავკასიაში აჯანყების მოსამზადებლად.

საქართველო კი 1922 წლის მარტში "თავისი ნებით" გაერთიანდა ამიერკავკასიის ფედერაციაში, ხოლო 30 დეკემბერს - საბჭოთა კავშირში. საბჭოთა საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვის ნების აღმსრულებელი იყო.

ხალხი ოკუპანტი ბოლშევიკების დასამხობად დღითიდღე ირაზმებოდა. საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ყველა რეგიონში იქმნებოდა პარტიზანული რაზმები (თულნი). მარტო აღმოსავლეთ საქართველოში ათამდე რაზმი მოქმედებდა. ქართლში გამოირჩეოდა მიხეილ ლაშქარაშვილის პარტიზანული რაზმი. 1922 წელს პარტიზანულმა მოძრაობამ განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო კახეთსა და ფშავ-ხევსურეთში, მას სათავეში ედგა სახელგანთქმული ოფიცერი ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილი..

ხელისუფლება კი იარაღის ძალით მკაცრად უსწორდებოდა აჯანყებულებს.

პარტიზანული რაზმების წინააღმდეგ ყველა მაზრაში შეიქმნა დამსჯელი ექსპედიციები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას აწიოკებდნენ იმ მიზეზით, რომ "ბანდიტებს ინახავდნენ". ისინი მასობრივად ხვრეტდნენ უდანაშაულო ხალხს, წვავდნენ მათ სახლ-კარსა და ავლა-დიდებას. ვინმე ი. ტალახაძე, რომელიც გურიაში დამსჯელად იყო დანიშნული, მისთვის საეჭვო პირებს განუკითხავად ნებისმიერ ადგილზე ხვრეტდა.

ულმობელმა რეპრესიებმა იმსხვერპლა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სხვა მოღვაწეებიც. 1923 წლის მარტში დააპატიმრეს და 19 მაისს გაუსამართლებლად დახვრიტეს "სამხედრო კომისიის" წარმომადგენელთა ინიციატივით 1922 წ. შექმნილი "დამოუკიდებლობის კომიტეტის" ("დამკომის") ანუ "პარიტეტული კომიტეტის" წევრები - გენერლები: კონსტანტინე (კოტე) აფხაზი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე (საარქ. N22313); პოლკოვნიკები: გიორგი ხიმშიაშვილი, ელიზბარ გულისაშვილი, ივანე ქუთათელაძე (საარქ. N23535), ალექსანდრე მაჭავარიანი (საარქ. N23480; 23507), დიმიტრი ჩრდილელი (საარქ. N23511) და როსტომ მუსხელიშვილი; ოფიცრები: სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი და ფარნაოზ ყარალაშვილი, ლევან კლიმიაშვილი (საარქ. N23508), მიხეილ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე (საარქ. N22319), სიმონ ჭიაბრიშვილი, ივანე ქუთათელაძე, გიორგი (გოგიტა) ფაღავა,. მალე მათი ბედი ვაჟა-ფშაველას ვაჟმა – ლევან რაზიკაშვილმაც (საქმე N2370) გაიზიარა.