Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
„აღადგინე ისტორია არქივთან ერთად, არქივის კვალდაკვალ - ბათუმი “
26 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს  არქივმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო  დაწესებულება აჭარის საარქივო სამმართველომ ერთობლივი წიგნის - „არქივის კვალდაკვალ -  ბათუმი“ პრეზენტაცია გამართა.
გამოცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის პროექტის - „აღადგინე ისტორია არქივთან ერთად“ ფარგლებში მომზადდა. წიგნში „არქივის კვალდაკვალ - ბათუმი“, თავმოყრილია საინტერესო დოკუმენტები, სადაც მკაფიოდაა ასახული როგორ ემზადებოდა ბათუმი 1924 წლის აჯანყებისთვის , რა ნიშნით ასახლებდნენ თავადებსა და ბეგებს, როგორ გაუსწორდა საბჭოთა ხელისუფლება ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალულ მამულიშვილებს. ერთობლივ ნაშრომში მკითხველი გაეცნობა გადასახლებულთა და დახვრეტილთა სიებს, დახვრეტის ოქმებსა და საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ და მნიშვნელოვან წერილებსა და ფოტომასალას.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - საარქივო სამმართველოს უფროსი მაია  ივანიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო არქივის მიერ საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული დოკუმენტური ფილმი „აჯანყება აჭარაში - 1924“.